რეზონანსი
16.01.2022

ძვირფასო ბატონო კახა,

გვინდა ჩვენი სათხოვარი ღია წერილით მოგაწოდოთ და თანადგომა გთხოვოთ, ჩვენის აზრით, მეტად სასიკეთო საქმეში. ამა წლის 13 იანვარს ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში ბოლო გზაზე გააცილეს ჩვენი სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი სპორტსმენი, ჩვენი თანამემამულე, ვიქტორ სანეევი. სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი, მეოთხე ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი - და რომ არა სხვისთვის ის დასანანი წამატება, ან, ერთი ნახტომის არჩათვლა, ოთხგზის ოლიმპიური ჩემპიონი გვეყოლებოდა.

ვიქტორ სანეევი ყოველი ადამიანური ძაფით ჩვენს ქვეყანასთან, მის და ჩვენს სამშობლოსთან იყო დაკავშირებული - მას შესთავაზეს ჩრდილოეთის დედაქალაქში საცხოვრებლად გადასვლა, მაგრამ უარი განაცხადა.

ავსტრალიაში იგი ჩვენი უბედობის გამო წავიდა. სიცოცხლის ბოლომდე არ გაუწყვეტია სამშობლოსთან კავშირი. 2005 წელს ბედნიერი ესტუმრა თბილისს - მადლიერმა თანამემამულეებმა, ბადრი პატარკაციშვილის ხელშეწყობით, ვიქტორ სანეევს დაბადებიდან მესამოცე წელი მიულოცეს და იუბილე გადაუხადეს.

2022 წლის 13 იანვარს კი, ვიქტორ სანეევის მრავალრიცხოვანი გულშემატკივრები და, განსაკუთრებით ჩვენ, მისი თანამემამულეები ცრემლებით ვაცილებდით შორიდან ჩვენს ლეგენდას. ქალბატონ ინასთან, ვიქტორის მეუღლესთან ერთად კი, მრავალი ქართველი ქალი დასტიროდა ვიქტორს, როგორც ძმას... როგორც საამაყო ძმას.

ორი სათხოვარი გვაქვს თქვენთან, ბატონო კახა: პირველი: როგორც ვიცით, გადაწყვეტილი გაქვთ, თბილისის ერთ ქუჩას მიანიჭოთ ვიქტორ სანეევის სახელი. ძალიან კარგი და მადლიერი გადაწყვეტილებაა. ვიქტორ სანეევის ქუჩაზე იქნება, ალბათ, მისი სახელობის სკვერი და შესაბამისად მოწყობილი არე, ამ დიდი ოლიმპიელის ლეგენდებით.

ჩვენი თხოვნაა - ვიქტორ სანეევის ქუჩის და მისი სახელობის სკვერის გახსნაზე მისი მეუღლის და ოჯახის წევრების მოწვევა თვითონ ვიქტორ სანეევისადმი გაკეთებული დიდი საჩუქარი იქნება.

აქვე მოგახსენებთ მეორე თხოვნასაც: უაღრესად მადლიერი დაგირჩებით, თუ საქართველოს მთავრობამდე მიიტანთ ჩვენს თხოვნა-სურვილს - ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ გაშენებულ და ქვეყნისადმი ნაჩუქარ დენდროლოგიურ პარკს მიენიჭოს ჩვენი დიდი თანამემამულის, ქართული სპორტის ლეგენდის, ვიქტორ სანეევის სახელი. იმედი გვაქვს, ჩვენს მხარეს იქნება ბატონი ბიძინაც.

ეს ჩვენი ისტორიაა, ბატონო კახი - გვეამაყება, რომ ჩვენს სპორტულ ისტორიას დიდი ადამიანები ქმნიდნენ, ქმნიდით და ქმნიან. ვიქტორ სანეევის და მისნაირი ადამიანების მაგალითზე უნდა იზრდებოდნენ, და გაიზრდებიან კიდეც, მომავალი დიდი სპორტსმენები და დიდი ქართველები. თქვენი თანადგომის იმედით და წინასწარი მადლიერების გრძნობით,

სოლომონ ნერგაძე მოლეკულური ბიოლოგიის ასოცირებული პროფესორი, პავიას უნივერსიტეტი, პავია (იტალია)

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×