
საქართველოს ფორმალური განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე უნდა გაუქმდეს უახლოეს მომავალში - ესაა რუსების შემდგომი ამოცანა. ნაბიჯ-ნაბიჯ მიდის ამ მიზნისკენ „ქოცური“ პროპაგანდა“, იწყება საფუძვლის მზადება ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის გასაუქმებლად,- ასე ეხმაურება „ლელო ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სალომე სადამაშვილი სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის პოსტს, სადაც ის აღნიშნავს, რომ „ბრიუსელის იდეა, მოახდინოს ქვეყნების უფლებრივი სეგრეგაცია, რადიკალურად ცვლის ევროკავშირის ფუძემდებლურ პრინციპს და მას, თანაბარ ერთა კავშირიდან, „პირველხარისხოვან“ და „მეორეხარისხოვან“ ერთა კავშირად აქცევს“.
მისივე თქმით, თუ 2024 წელს „ღირსებით ევროპისკენ“ ლოზუნგით ატყუებდნენ ქართველ ხალხს, რუსეთის მოლოდინია, რომ ახლა უკვე „შორს უღირსი ევროპისგან“ ლოზუნგით დარჩნენ ხელისუფლებაში.
„იწყება საფუძვლის მზადება ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის გასაუქმებლად.
ევროკავშირში დღეს უკრაინის გაწევრიანების სხვადასხვა მოდელზე მიდის მსჯელობა. მიზანია, რომ გაწევრიანება სწრაფად მოხდეს. ჯერ შეთანხმებული არაფერია, მაგრამ განიხილება საწყის ეტაპზე „ასოცირებული წევრის“ ახალი სტრატეგიაც. როგორც პოლიტიკური, ასევე იურიდიული მიზეზებით, ეს იდეა მნიშვნელოვან წინააღმდეგობას აწყდება. საეჭვოა, რამდენად რეალიზებადია გაწევრიანების არსებული პროცესების მიღმა რაიმე ახლის მოგონება, თუმცა ეს მსჯელობა აქტუალური თემაა დღეს ბრიუსელში.
„ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა ეს დისკუსია საკუთარი პროპაგანდისთვის გამოიყენოს.
აშკარაა, რომ თუ 2024 წელს „ღირსებით ევროპისკენ“ ლოზუნგით ატყუებდნენ ქართველ ხალხს, რუსეთის მოლოდინია, რომ ახლა უკვე „შორს უღირსი ევროპისგან“ ლოზუნგით დარჩნენ ხელისუფლებაში.
საქართველოს ფორმალური განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე უნდა გაუქმდეს უახლოეს მომავალში - ესაა რუსების შემდგომი ამოცანა. ნაბიჯ-ნაბიჯ მიდის ამ მიზნისკენ „ქოცური“ პროპაგანდა“, - წერს სამადაშვილი.
პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი „ფეისბუქ“ პოსტით გაფართოების საკითხებში ევროკომისრის მარტა კოსის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც ევროკავშირის ახალი წევრებისთვის ვეტოს უფლება შეიზღუდება.
როგორც პაპუაშვილი წერს, ბრიუსელის იდეა, მოახდინოს ქვეყნების უფლებრივი სეგრეგაცია, რადიკალურად ცვლის ევროკავშირის ფუძემდებლურ პრინციპს და მას, თანაბარ ერთა კავშირიდან, „პირველხარისხოვან“ და „მეორეხარისხოვან“ ერთა კავშირად აქცევს.
როგორც პაპუაშვილი განმარტავს, „ევროკავშირის პლაკატურ ფრაზას „ერთიანობა მრავალფეროვნებაში“, პრაქტიკაში სულ უფრო მეტად ანაცვლებს ლოზუნგი „არ გადაუხვიო გენერალურ ხაზს", რაც იმას ნიშნავს, რომ კლუბში მხოლოდ იმ შემთხვევაში მიგიღებენ, თუ შენი ხმა მხოლოდ დეკორატიულ ფუნქციას შეასრულებს“.