
დღეიდან ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოში სრულად ამოქმედდა მიგრაციისა და თავშესაფრის ახალი პაქტი, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის როგორც თავშესაფრის პროცედურებს, ისე საზღვრების კონტროლის მექანიზმებს - მათ შორის გარკვეული ქვეყნების მოქალაქეებისთვის დაჩქარებული და უფრო მკაცრი განხილვის სისტემის შემოღებით.
მიგრაციისა და თავშესაფრის შესახებ პაქტი ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოში დღეიდან ამოქმედდება. ევროპული საბჭოს პრესრელიზში ვკითხულობთ, რომ 2024 წლის მაისში მიღებული პაქტით გადაიხედა ევროკავშირის მიგრაციისა და თავშესაფრის ჩარჩო და ამჟამად ევროკავშირის მიგრაციისადმი ახალი მიდგომის ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენს.
„პირველად, ევროკავშირს აქვს მიგრაციისა და თავშესაფრის ყოვლისმომცველი ჩარჩო, რომელიც მოიცავს გარე საზღვრების ძლიერ დაცვას, სამართლიან და მტკიცე თავშესაფრის წესებს და სოლიდარობასა და პასუხისმგებლობას შორის ბალანსს", - წერია ევროპული საბჭოს პრესრელიზში.
საბჭო განმარტავს, რომ ევროკავშირმა მიგრაციისა და თავშესაფრის შესახებ ახალი თავი გახსნა, რომლის ძირითადი ელემენტიც მიგრაციისა და თავშესაფრის შესახებ პაქტია. ის მოიცავს თავდაჯერებულ მიგრაციულ დიპლომატიას, ტექნოლოგიურად განვითარებულ საზღვრების დაცვას (შესვლა-გასვლის სისტემის დანერგვით და სრულად ამოქმედებით) და ახალ წესებს, რათა დაბრუნება უფრო სწრაფი და ეფექტური იყოს, როგორც ეს ევროპის თავშესაფრისა და მიგრაციის მართვის სტრატეგიაშია ასახული. ძირითადი ელემენტები გარე საზღვრების უსაფრთხოება :
ევროკავშირის საზღვრების არალეგალურად გადამკვეთი ყველა არალეგალური მიგრანტის ახალი სავალდებულო რეგისტრაცია და საფუძვლიანი უსაფრთხოების შემოწმება, სასაზღვრო რაიონებში დაჩქარებული სასაზღვრო პროცედურები მათთვის, ვისაც ნაკლებად სჭირდება დაცვა, წარმოადგენს უსაფრთხოების რისკს ან შეცდომაში შეჰყავს ხელისუფლება და სწრაფად დაბრუნება - პირის ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლის ნებართვის გარეშე.
მკაცრი და სამართლიანი თავშესაფრის პროცედურები, მათ შორის თავშესაფრის პროცედურების უფრო მოკლე ვადები, უფრო მკაცრი წესები ბოროტად გამოყენებისა და შემდგომი განაცხადებისთვის და წესები მეორადი გადაადგილებების უკეთ პრევენციისთვის. ევროკავშირის მასშტაბის სტანდარტები მიღების პირობებისთვის :
ევროკავშირის მასშტაბით ღირსეული მიღების სტანდარტების უზრუნველყოფა, მეორადი გადაადგილების სტიმულების შემცირება და შრომის ბაზარზე უფრო სწრაფი წვდომის ხელშეწყობა (უკვე 6 თვის შემდეგ). სოლიდარობასა და პასუხისმგებლობას შორის სამართლიანი ბალანსი, მუდმივი სავალდებულო სოლიდარობის მექანიზმით და წევრი სახელმწიფოებისთვის შესაძლებლობის მიცემით, მოქნილი გზით შეუწყონ ხელი სოლიდარობას, თითოეული წევრი სახელმწიფოს კონკრეტული სიტუაციის გათვალისწინებით.
ის ასევე მოიცავს უფრო მკაფიო წესებს იმის შესახებ, თუ რომელი წევრი სახელმწიფოა პასუხისმგებელი თავშესაფრის განაცხადის დამუშავებაზე, ასევე უფრო სწრაფ პროცესებს განმცხადებლების უკან, პასუხისმგებელ წევრ სახელმწიფოში დაბრუნების შესახებ. ძლიერი დაცვის მექანიზმები, რათა უზრუნველყოფილი იყოს ფუნდამენტური უფლებების დაცვა, მათ შორის დამოუკიდებელი მონიტორინგის მექანიზმი სკრინინგისა და თავშესაფრის სასაზღვრო პროცედურის დროს.
ახალი წესები დღეიდან სრულად ამოქმედდება და წევრ სახელმწიფოებს მათი პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობა ექნებათ რას ცვლის ახალი წესები ახალი წესები, უფლებადამცველი ორგანიზაციების შეფასებით, ასუსტებს თავშესაფრის უფლებას, რადგან სახელმწიფოებს დაცვის მოთხოვნების დაჩქარებულ განხილვასუადვილებს, ზღუდავს თავშესაფრის პროცედურულ გარანტიებს და ზრდის თავშესაფრის მაძიებლების დაკავების პრაქტიკას-როგორც მასშტაბის, ისე ხანგრძლივობის თვალსაზრისით. ევროკავშირის ქვეყნები ასევე შეძლებენ უარი უთხრან ადამიანებს თავშესაფრის მოთხოვნაზე იმ ბუნდოვან შემთხვევებში, როცა ადგილი აქვს „მასობრივ ნაკადს" ან მესამე ქვეყნების მიერ მიგრაციის „ინსტრუმენტალიზაციას".
ცვლილებები ხელს უწყობს წევრ სახელმწიფოებს თავშესაფრის მაძიებლებზე პასუხისმგებლობის გარე ქვეყნებზე გადატანას, მაშინ როდესაც ევროკავშირის შიგნით პასუხისმგებლობის გადანაწილების გაუმჯობესება ნაკლებად ხდება.
პაქტი შეიცავს რამდენიმე პოზიტიურ რეფორმასაც, მათ შორის ბავშვთა საუკეთესო ინტერესების დაცვის გაძლიერებას. კერძოდ, სავალდებულო ხდება ასაკის მრავალდარგობრივი შეფასება და თავშესაფრის მაძიებელი ბავშვებისთვის განათლებაზე წვდომის უზრუნველყოფა ორი თვის ვადაში.
ასევე ფართოვდება ოჯახის ცნება და მოიცავს მიგრაციის პროცესში ჩამოყალიბებულ ოჯახებს, ხოლო ზრდასრულ თავშესაფრის მაძიებლებს ექნებათ მუშაობის უფლება მაქსიმუმ ექვსი თვის შემდეგ, ნაცვლად ადრე არსებული ცხრა თვისა.
პაქტი ასევე ითვალისწინებს ისეთ დებულებებს, რომლებიც, თუ სწორად განხორციელდება, შეიძლება დაეხმაროს განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მიგრანტებისა და თავშესაფრის მაძიებლების იდენტიფიცირებასა და მხარდაჭერას, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა და ძალადობის მაღალი რისკის ქვეშ მყოფი ადამიანების შემთხვევაში.
იქნება თუ არა განსხვავებული წესები გარკვეული ქვეყნების მოქალაქეებისთვის?
ახალი წესების მიხედვით, ევროკავშირის ქვეყნები ვალდებულნი იქნებიან თავშესაფრის განაცხადები განიხილონ იმ ქვეყნების მოქალაქეების მიმართ, რომელთა ევროკავშირის მასშტაბით ლტოლვილად აღიარების საშუალო მაჩვენებელი 20 პროცენტი ან ნაკლებია, (ე.წ. „თავშესაფრის სასაზღვრო პროცედურის" ფარგლებში.) ეს სასაზღვრო პროცედურა, გასაჩივრების ჩათვლით, მაქსიმუმ 12 კვირას უნდა გაგრძელდეს. ამ პერიოდში, როგორც წესი, თავშესაფრის მაძიებლები დაკავებულნი იქნებიან. ხელისუფლებებს ევალებათ უზრუნველყონ უფასო იურიდიულ დახმარებაზე წვდომა პროცესის დასაწყისიდანვე, რაც არსებული სისტემის გაუმჯობესებად ითვლება. თუმცა პაქტი არ ადგენს ერთიან მინიმალურ სტანდარტებს, რის გამოც მომსახურების ხარისხი შესაძლოა მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს ქვეყნების მიხედვით და ადამიანები შეიძლება განთავსდნენ ისეთ დაწესებულებებში, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და იურისტების წვდომა შეზღუდული იქნება.
„20 პროცენტიანი აღიარების მაჩვენებელი"
კრიტიკოსების შეფასებით, თვითნებური ზღვარია, რომელიც ქმნის პრეზუმფციას, რომ გარკვეული ქვეყნების მოქალაქეები, სავარაუდოდ, არ საჭიროებენ საერთაშორისო დაცვას. ეს ასუსტებს პრინციპს, რომლის მიხედვითაც თითოეული განაცხადი ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს და ზრდის მტკიცების ტვირთს იმ ადამიანებზე, ვისზეც ეს პრეზუმფცია ვრცელდება. ასეთი მიდგომა აჩენს რისკს, რომ დაირღვეს „non-refoulement"-ის პრინციპი -ანუ ადამიანების დაბრუნების აკრძალვა იმ ქვეყნებში, სადაც მათ სიცოცხლეს ან უფლებებს სერიოზული საფრთხე ემუქრება, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება პირებს, რომელთაც ინდივიდუალური რისკები აქვთ, მაგალითად ადამიანის უფლებათა დამცველებს ან გენდერული ძალადობის მსხვერპლებს. პაქტი ასევე ითვალისწინებს, რომ ის განმცხადებლები, რომლებიც ურთიერთსაწინააღმდეგო ან არათანმიმდევრულ განცხადებებს აკეთებენ, ან რომელთაც ხელისუფლება ეროვნული უსაფრთხოების რისკად მიიჩნევს, სასაზღვრო პროცედურაში მოხვდებიან.