მარიამ ვეკუა
12.06.2026

ნატოს მოკავშირეთა საჰაერო სარდლობის მეთაურის შეფასებით, რუსეთი ალიანსთან პირდაპირ კონფლიქტს თავს არიდებს, რადგან აცნობიერებს მის სამხედრო უპირატესობასა და კოლექტიური თავდაცვის მექანიზმს. დღეის მდგომარეობით, ორგანიზაციის 32-ვე წევრი სახელმწიფო მზად არის, ნებისმიერ აგრესიას ერთობლივი პასუხი გასცეს-წერს უკრაინული საინფორმაციო სააგენტო UNN.

ნატოს მოკავშირეთა საჰაერო სარდლობის მეთაურმა, აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების გენერალმა ალექსუს გრინკევიჩმა განაცხადა, რომ რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან პირდაპირი კონფლიქტით დაინტერესებული არ არის, რადგან ნატოს უპირატესობებსა და მის მზადყოფნას კოლექტიური თავდაცვისთვის კარგად აცნობიერებს. აღნიშნული განცხადება მან ბერლინის საავიაციო შოუს ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

გრინკევიჩის თქმით, მისი მთავარი ამოცანაა, ბალტიისპირეთის ქვეყნებზე ან ნატოს სხვა მოკავშირეებზე რუსეთის შესაძლო თავდასხმის ნებისმიერი სცენარი თავიდან აიცილოს.

"ჩემი სამუშაოა იმის უზრუნველყოფა, რომ ხვალ თავდასხმა თავიდან ავიცილოთ და რუსეთმა მკაფიოდ გააცნობიეროს: თუ ისინი ბალტიისპირეთის ქვეყნებზე თავდასხმას შეეცდებიან, წარმატებას ვერ მიაღწევენ. როდესაც ეცოდინებათ, რომ მიზანს ვერ მიაღწევენ, ისინი ამგვარ ნაბიჯზე გარისკვას ვეღარ გაბედავენ", -განაცხადა გენერალმა.

ამასთანავე, მან აღნიშნა, რომ ნატო ყურადღებით აკვირდება რუსული ჯარების გადაადგილებას და ალიანსის უსაფრთხოებისთვის არსებულ ყველა პოტენციურ რისკს აფასებს.

"რუსეთი ნატოსთან კონფლიქტს არ ეძებს. მათ ესმით, რომ ჩვენ თავდაცვითი ალიანსი ვართ და იციან, რომ გვაქვს ასიმეტრიული უპირატესობების მთელი რიგი, რომლებთან კონკურენციაც მათ უჭირთ. ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ ერთი ნაბიჯით წინ ყოფნას", - ხაზგასმით აღნიშნა გრინკევიჩმა.

მეთაურმა ასევე დაადასტურა, რომ ალიანსის წევრ ქვეყნებზე ნებისმიერი სახის აგრესიის შემთხვევაში, ნატოს 32-ვე წევრი სახელმწიფო მზად არის ერთობლივი საპასუხო რეაგირებისთვის.

"საჭიროების შემთხვევაში, 32-ვე მოკავშირე მზად არის საპასუხო რეაგირებისთვის თუნდაც ამაღამ. ეს მზადყოფნა კი მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება", - დასძინა მან.

გარდა ამისა, გრინკევიჩმა უკრაინის ფრონტზე არსებულ ვითარებაზეც გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, რუსული ჯარები კვლავ სერიოზულ დანაკარგებს განიცდიან, მაშინ როდესაც უკრაინის თავდაცვის ძალები სიმტკიცესა და ინოვაციების მიმართ მზაობას ავლენენ. როდესაც რუსები შეტევაზე გადადიან, ისინი მხოლოდ მინიმალურ წარმატებას აღწევენ, რაც რუსული მხარისთვის კატასტროფულად დიდი დანაკარგების ფასად ხდება. ფრონტის ხაზი შედარებით სტაბილურია, უკრაინულ ძალებს კი საკუთარი წარმატებები აქვთ", - აღნიშნა გენერალმა.

„ეს არის სასტიკი ომი, რომელიც უკვე ხუთი წელია გრძელდება. დიდი მიღწევა იქნება, თუ მის დასრულებას შევძლებთ. სწორედ ამიტომ, მშვიდობის მისაღწევად მიმართული ძალისხმევა უაღრესად მნიშვნელოვანი რჩება", - დასძინა მან.

  • გენერალი გრინკევიჩი: „ეს არის სასტიკი ომი, რომელიც უკვე ხუთი წელია გრძელდება. დიდი მიღწევა იქნება, თუ მის დასრულებას შევძლებთ"

ლოჯისტიკური ბლოკადა რუსეთსა და უკრაინას შორის სასაზღვრო რეგიონში სამი ადამიანი დაიღუპა, ორივე მხარის მიერ განხორციელებული მორიგი თავდასხმების ფონზე, - აცხადებენ ოფიციალური პირები.

რუსეთის ბრიანსკის ოლქში ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და ორი დაშავდა მას შემდეგ, რაც კიევმა დასახლება სუზემკა საარტილერიო ცეცხლით დაბომბა, - განაცხადა ოლქის მოქმედმა გუბერნატორმა, ეგორ კოვალჩუკმა, პარასკევს Telegram-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. რუსეთის ცენტრალურ რეგიონში, თათრეთის რესპუბლიკაში, დრონი საცხოვრებელ კორპუსსაც დაეჯახა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაშავდა, ასევე დაზიანდა სამრეწველო ობიექტები, - განაცხადა რეგიონის ხელმძღვანელმა, რუსტამ მინნიხანოვმა Telegram-ზე.

დრონებით თავდასხმის სამიზნე გახდა ასევე რუსეთის ქალაქი ტოლიატი, სადაც ქვეყნის უმსხვილესი ავტომწარმოებელი კომპანია AvtoVAZ მდებარეობს. ამის შესახებ სამარის ოლქის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ ფედორიშჩევი განაცხადა.

„ყურადღება! ტოლიატიში დრონებით თავდასხმის რეჟიმია გამოცხადებული", - დაწერა მან Telegram-ზე. ტოლიატი მდინარე ვოლგაზე მდებარეობს, მოსკოვიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით დაახლოებით 800 კილომეტრში. როგორც Al Jazeera-ს კორესპონდენტი ოდრი მაკალპაინი კიევიდან იუწყება, მსგავსი დარტყმები უკრაინის მიერ „ლოჯისტიკურ ბლოკადად" მოიხსენიება.

მისი განმარტებით, ეს არის საშუალო სიშორის იერიშები, რომლებიც ფრონტის ხაზიდან 30 კილომეტრზე მეტ სიღრმეში ხორციელდება შორი მოქმედების დრონებისა და ზოგჯერ მძიმე შეიარაღების გამოყენებით. სამიზნეებია ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები, ხიდები, ლოჯისტიკუტი კვანძები და გზები, რათა შეფერხდეს რუსეთის სამხედრო ოპერაციები ფრონტის ხაზზე.

უკრაინული თავდასხმების შემდეგ რუსეთში საწვავის დეფიციტი ბოლო თვეების განმავლობაში კიევმა თავდასხმები რუსეთისა და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების წინააღმდეგ გაახშირა. ხუთშაბათს, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე ბენზინგასამართ სადგურებს საწვავი ამოეწურათ, მას შემდეგ რაც უკრაინამ ნახევარკუნძულის მომარაგების ხაზებზე შეტევები გააძლიერა. ნახევარკუნძულის უდიდესი ქალაქის, სევასტოპოლი მცხოვრებმა სააგენტო როიტერს-ს განუცხადა, რომ ადგილობრივი ბენზინგასამართი სადგურების უმეტესობას საწვავი აღარ ჰქონდა. მისი თქმით, არსებული მარაგები ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნას, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ბოლო კვირებში საწვავის რაციონირების რეჟიმი ამოქმედდა.

კიდევ ერთმა თვითმხილველმა, საკურორტო ქალაქ ევპატორიადან, განაცხადა, რომ იქ მოქმედ ერთადერთ ბენზინგასამართ სადგურთან გრძელი რიგები იყო. უკრაინა ბოლო პერიოდში აძლიერებს დრონებით თავდასხმებს ყირიმის მომარაგების ხაზებზე. რუსეთმა ნახევარკუნძული უკრაინას 2014 წელს წაართვა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ საწვავის რაციონირება შემოიღო, ხოლო ზოგიერთი საკვები პროდუქტის დეფიციტიც დაფიქსირდა.

რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის გარდა, საწვავის დეფიციტი ოფიციალურად მხოლოდ ციმბირის ორ რეგიონშია დადასტურებული. რუსეთის სხვა რეგიონების ხელისუფლებები აცხადებენ, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და გარკვეული შეფერხებები მოსახლეობის მხრიდან პანიკურმა შესყიდვებმა გამოიწვია. მოსკოვი კი უარყოფს, რომ ქვეყანაში საწვავის მიწოდებასთან დაკავშირებით პრობლემები არსებობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×