თამთა ჩაჩანიძე
10.06.2026

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა მხოლოდ ფორმალური ჩარჩო არ უნდა იყოს და რეალურ შინაარსს ორმხრივი სარგებელი და მკაფიო სამოქმედო გეგმა უნდა სძენდეს.

ამ კონტექსტში მან განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა ჩინეთთან 9 ივნისს გაფორმებულ შეთანხმებას და აღნიშნა, რომ ეს ურთიერთობა პრაქტიკულ თანამშრომლობასა და კონკრეტულ შედეგებზეა დაფუძნებული, რის გამოც იგი მხოლოდ „ქაღალდზე არსებული" პარტნიორობა არ არის.

კობახიძის თქმით, საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობა უფრო შინაარსიანი და კონკრეტულ გზამკვლევზე ორიენტირებული უნდა გახდეს. მისი აზრით, პარტნიორობის ეფექტიანობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ემსახურება ის ორივე ქვეყნის ინტერესებს.

რისი თქმა სურს პრემიერს

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ირაკლი კობახიძეს იმის თქმა სურს, რომ საქართველომ მრავალვექტორული პოლიტიკა უნდა აწარმოოს.

"ამით პრემიერს იმის თქმა სურს და ფაქტობრივად თქვა კიდევაც, რომ საქართველომ ის პოლიტიკა უნდა აწარმოოს, რომელიც სუვერენული სახელმწიფოსთვისაა დამახასიათებელი. აშშ-სთან ურთიერთობა რომ ქაღალდზე იყო, ამას საუბარი რად უნდა? ფაქტია, ელჩი დეგნანი მაგიდაზე ხელს როგორ გვიკაკუნებდა და მუშტებს როგორ გვიქნევდა რომ ომში ჩავბმულიყავით, ჩინელებს კი ეს არასდროს არ უკადრიათ.

  • ედიშერ გვენეტაძე: "ჩინელები საკუთარ პოლიტიკას ისე აკეთებენ, რომ სხვასაც აფასებენ, ამიტომ მისასალმებელია, რაც ბატონმა პრემიერმა თქვა. ამ ფონზე, აშშ-სთან სტრატეგიული ურთიერთობის განახლებას სავსებით შესაძლებლად ვუყურებ"

"ჩინელები საკუთარ პოლიტიკას ისე აკეთებენ, რომ სხვასაც აფასებენ, ამიტომ მისასალმებელია, რაც ბატონმა პრემიერმა თქვა. ამ ფონზე, აშშ-სთან სტრატეგიული ურთიერთობის განახლებას სავსებით შესაძლებლად ვუყურებ. თუ ამერიკას შეუძლია ჩინეთთან კეთილი ურთიერთობები ჰქონდეს, საქართველოს რატომ არ შეუძლია?

"თუ ბატონ დონალდ ტრამპს შეუძლია ჩინეთში ჩავიდეს და სხვადასხვა საკითხებზე ისაუბროს, რატომ ჩვენ არ შეგვიძლია? რა თქმა უნდა, საუბრების მოცულობა ჩვენთან ისეთი არ იქნება, როგორც ჩინეთს აშშ-სთან აქვს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვინმემ უნდა გვიკარნახოს ვისთან უნდა ვისაუბროთ და ვისთან არა", -განაცხადა გვენეტაძემ.

როგორც კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი "რეზონანსთან" აცხადებს, კობახიძეს იმის თქმა სურს, რომ "ოცნებას" ჩინეთთან უფრო გამოსდის ურთიერთობა, ვიდრე აშშ-სთან, რადგან პეკინი იმ ვალდებულებების შესრულებას არ სთხოვს, რაც თუნდაც კონსტიუტუციით აიღო ხელისუფლებამ დასავლური ინსტიტუტების წინაშე.

"ნებისმიერი ურთიერთობა პირველ რიგში ქაღალდზე იწერება. მას სურს თქვას, რომ საქართველოს ჩინეთთან უკეთესად გამოსდის ურთიერთობები, ვიდრე აშშ-სთან. ჩინეთი საქართველოს პირობებს არ უყენებს პირობებს დემოკრატიაზე, არჩევნებზე, გამჭვირვალობაზე და იმ ვალდებულებების აღიარებაზე, რაც კონსტიტუციაში ნატოსა და ევროკავშირთან დაკავშირებებით აიღო.

"(კობახიძემ) გაერო-ს ბოლო რეზოლუცია გვაჩვენოს, სადაც აშშ დევნილების აფხაზეთში დაბრუნებას აძლევს ხმას, ჩინეთი კი თავს იკავებს. რომელ შინაარსზეა ლაპარაკი. ჩინეთი არასდროს ხმას არ აძლევს საქართველოს, არც წინააღმდეგ არ აძლევს, მაგრამ არც სასარგებლოდ, მხოლოდ თავს იკავებს, სადაა სტრატეგიულობა?

"სტრატეგიული პარტიორობის პრინციპია, რომ შენი პარტნიორის წინააღმდეგ არ მოქმედებ და მის ინტერესებს ითვალისწინებ. ჩინეთი კი ყოველთვის რუსეთის ინტერესებს ითვალისწინებს, სადაც საქართველოს ინტერესები იკვეთება.

"ამერიკასთან პარტნიორობის განახლებაზე საუბრები მხოლოდ "ქართული ოცნების" ოცნებებია, თორემ როგორ უნდა განახლდეს? აშშ ამაზე ხმას არ იღებს. ამერიკა ამბობს, რომ საქართველომ გარკვეული პირობები უნდა შეასრულოს.

  • პაატა ზაქარეიშვილი: "(კობახიძემ) გაერო-ს ბოლო რეზოლუცია გვაჩვენოს, სადაც აშშ დევნილების აფხაზეთში დაბრუნებას აძლევს ხმას, ჩინეთი კი თავს იკავებს. რომელ შინაარსზეა ლაპარაკი? ჩინეთი არასდროს ხმას არ აძლევს საქართველოს, არც წინააღმდეგ არ აძლევს, მაგრამ არც სასარგებლოდ, მხოლოდ თავს იკავებს, სადაა სტრატეგიულობა?"

აშშ-ს არ სჭირდება საქართველოსთან ურთიერთობის განახლება, საქართველოს სჭირდება. აშკარად ვაშინგტონს არაფერში არ სჭირდება კობახიძისთვის ხელის ჩამორთმევა და ლეგიტიმურობის მიცემა. აშკარად ჩანს, რომ ტრამპზე გავლენას ახდენს ის, რომ საქართველო მკაფიოდ თანამშრომლობს რუსეთის, ჩინეთის და ირანის ინტერესებში, ეს მშვენივრად დაფიქსირდა კონგრესში ბოლო რეზოლუციაზე",- განაცხადა ზაქარეიშვილმა.

რას ამბობს კობახიძე

ირაკლი კობახიძის თქმით,რაც აშშ-სთან წლების განმავლობაში გვქონდა, ეს იყო სტრატეგიული პარტნიორობა ქაღალდზე.

"თვითონ აშშ, მისი ადმინისტრაცია, სახელმწიფო დეპარტამენტი მაქსიმუმს აკეთებს ამერიკულ-ჩინური ურთიერთობების გაღრმავებისთვის. ასეთ პირობებშია ამერიკულ ხელისუფლებას ვერ ექნება ვერავითარი ობიექტური კრიტიკული შენიშვნა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო ასევე ცდილობს ურთიერთობების მაქსიმალურად გაღრმავებას ჩინეთთან. ჯო უილსონი ერთია, მაგრამ როდესაც საუბარია ამერიკულ ადმინისტრაციაზე, როდესაც ის თავადაც მაქსიმალურად ცდილობს ურთიერთობების გაღრმავებას, სხვას ვერ გააკრიტიკებს ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავების გამო, ეს ხომ ალოგიკური მოვლენა იქნებოდა.

"იმედი მაქვს, რომ რაზეც დღეს ვსაუბრობდი, ამას მაგალითად აიღებს ამერიკული ადმინისტრაციაც. ჩვენ ძალიან გულწრფელად ვისაუბრეთ ბოლო შეხვედრაზეც ამასთან დაკავშირებით სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან. ჩვენ მათ ვუთხარით, რომ რაც იყო სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ამ წლების განმავლობაში, ეს იყო სტრატეგიული პარტნიორობა ქაღალდზე, მას არ ჰქონდა არავითარი შინაარსი.

"რაც შეეხება ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობას და ახლა უკვე ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობას, ეს არ არის პარტნიორობა ქაღალდზე, მას აქვს კონკრეტული შინაარსი და მას აქვს კონკრეტული შედეგები და ჩვენ ამას ვეუბნებით ამერიკულ ადმინისტრაციას, რომ ასეთივე მიდგომით შეხედონ სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენას საქართველოსთან. ამ სტრატეგიულ პარტნიორობას უნდა ჰქონდეს შინაარსი, უნდა ჰქონდეს თავისი ორმხრივი სარგებელი, თავისი გზამკვლევი. როგორც ვმუშაობთ ჩინეთთან, იმედი გვაქვს, რომ ასე ვიმუშავებთ მომავალში ამერიკულ ადმინისტრაციასთან", - განაცხადა კობახიძემ.

პრემიერი ჩინეთზე საუბრისას ამბობს, რომ 9 ივნისს გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება ჩინეთთან განსაკუთრებული მოვლენაა.

"გაფორმდა ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის. ეს არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენა ჩვენი ქვეყნისთვის როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით. მას შემდეგ, რაც 3 წლის წინ ხელი მოეწერა სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებას, ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის ძალზე დინამიურად განვითარდა...

"სრულიად თვალნათელია, რომ ეს არ არის სტრატეგიული პარტნიორობა ქაღალდზე, არამედ ის აისახება სრულიად კონკრეტულ სარგებელში ორივე ქვეყნისთვის. სწორედ ასეთი უნდა იყოს სამაგალითო სტრატეგიული პარტნიორობა ორ ქვეყანას შორის, რომელიც ურთიერთპატივისცემას, სამართლიანობასა და ღირსებას ეფუძნება და რომელიც ორმხრივ სარგებელზეა ორიენტირებული.",- ამბობს პრემიერი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×