
11 ივნისს ბრიუსელში საქართველოსა და ევროკავშირის წარმომადგენლებს შორის სპეციალური სავიზო დიალოგი გაიმართება. შეხვედრა უკავშირდება ევროკავშირის მიერ ამოქმედებულ უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის და მიზნად ისახავს საქართველოსგან განმარტებებისა და კონკრეტული ნაბიჯების მიღებას იმ საკითხებზე, რომლებიც ბრიუსელის შეფასებით პრობლემურად რჩება.
ეს არ არის საბოლოო გადაწყვეტილების მიმღები შეხვედრა და არც ამ დღით გადაწყდება საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმება. თუმცა ევროკავშირის ოფიციალურ წრეებში მას მნიშვნელოვან და გამაფრთხილებელ ეტაპად აფასებენ. ევროპელი დიპლომატების ნაწილი იმასაც კი ამბობს, რომ ეს შეიძლება ჩაითვალოს "ბოლო გაფრთხილებად", სანამ ევროკავშირი შემდგომ ნაბიჯებზე გადავა.
შეხვედრა ტარდება ევროკომისიის მიგრაციისა და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატის მოწვევით და ეფუძნება ევროკავშირის სავიზო რეგულაციის იმ მუხლს, რომელიც უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ამოქმედებისას ევროკავშირს ავალდებულებს შესაბამის მესამე ქვეყანასთან ოფიციალური დიალოგი გამართოს.
საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, სავიზო რეგულაციის თანახმად, შეჩერების მექანიზმის მოქმედების პერიოდში, ევროკომისიამ შესაბამის მესამე ქვეყანასთან უნდა დაიწყოს დიალოგი და 11 ივნისს საქართველოს მხარეს და ევროკომისიას შორის დიალოგის პირველი შეხვედრა გაიმართება.
"საქართველოდან წარმოდგენილია ტექნიკური ჯგუფი, რომელიც გაივლის ამ საკითხებს",- ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.
მანამდე, ევროკომისიის პრესსპიკერმა მარკუს ლამერტმა უპასუხა „ევროსკოპის" შეკითხვას საქართველოს მხარესთან უვიზო მიმოსვლის საკითხზე 11 ივნისს დაგეგმილ შეხვედრასთან დაკავშირებით, რასაც მან ვრცლად უპასუხა:
„2026 წლის მარტში კომისიამ თავდაპირველი 12 თვის ვადით შეუჩერა უვიზო მიმოსვლა დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელ საქართველოს მოქალაქეებს. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც წევრმა ქვეყნებმა ამასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს. როდესაც უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება ჩერდება, კომისია შესაბამის მესამე ქვეყანასთან იწყებს პროცესს, რომელსაც გაძლიერებულ დიალოგს ვუწოდებთ. მისი მიზანია იმ გარემოებების გამოსწორება, რომელმაც შეჩერება გამოიწვია. ამ კონტექსტში, 11 ივნისს გაიმართება პირველი შეხვედრა ევროკომისიასა და საქართველოს ოფიციალური პირების დელეგაციას შორის. აი, რას ეხება ეს შეხვედრა", - აღნიშნა ევროკომისიის პრესსპიკერმა.
მისი თქმით, კომისია მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებები ძირს უთხრის იმ პრინციპებს, რომლებსაც ვიზალიბერალიზაცია ეფუძნება.
„შეხსენებისთვის, კომისია მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებები ძირს უთხრის იმ პრინციპებს, რომლებსაც ვიზალიბერალიზაცია ეფუძნება, მათ შორის ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული პრინციპების პატივისცემა. ეს ქმედებები შეუსაბამოა კავშირის ნორმებსა და ღირებულებებთან და აფერხებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ეკონომიკური, ჰუმანიტარული, კულტურული, სამეცნიერო და სხვა კავშირების სტაბილურ განვითარებას", - აღნიშნა მარკუს ლამერტმა
რა არის მოსალოდნელი შეხვედრაზე
ანალიტიკოსი გია აბაშიძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ 11 ივნისის შეხვედრა ტექნიკური ხასიათისაა, რომელიც მხოლოდ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მქონე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ეხება.
- გია აბაშიძე: "ეს ტექნიკური ხასიათის შეხვედრაა, სადაც დაზუსტდება, თუ შემდგომში როგორ უნდა მოხდეს ქართული ოცნების" წარმომადგენელთა დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების შეზღუდვა შენგენის ზონაში არასამსახურეობრივი ვიზიტების დროს"
"როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, ეს ტექნიკური ხასიათის შეხვედრაა, სადაც დაზუსტდება, თუ შემდგომში როგორ უნდა მოხდეს ქართული ოცნების" წარმომადგენელთა დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების შეზღუდვა შენგენის ზონაში არასამსახურეობრივი ვიზიტების დროს.
"ირონიაა ისიც, რომ როგორც დეპუტატმა ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, ერთ-ერთი მოტივი რის გამოც ხელისუფლების წარმომადგენლებს ეზღუდებათ არასამუშაო მიზნით ევროკავშირში უვიზოდ შესვლა, ესაა მათგან რაღაც კრიმინალური, ან ექსტრემისტული რისკი. ეს მკაფიოდ მეტყველებს. თუ რა არაშორსმჭვრეტელურ ჭაობშია ჩაბუდებული საქართველოს ხელისუფლებით დასჯის ჟინით განმსჭვალული ბრიუსელი.
"ასეთი არგუმენტებით საუბარი შეუძლებელია იმ თანასწორ პარტნიორთან, რომელთანაც ევროკავშირი ადრე, თუ გვიან ურთიერთობებს აღადგენს.
"რაც შეეხება უვიზო მიმოსვლის შეზღუდვას, ეს საკითხი ამ ეტაპზე არ განიხილება, შესაბამისი ანგარიში დეკემბერში უნდა გამოქვეყნდეს და თუ წლის ბოლოს უარყოფითი დასკვნა იქნა, მაშინ იანვარში კენჭი უნდა უყარონ ევრობლოკის 27-მა წევრმა სახელმწიფომ. თუმცა, აქ ძალიან ბევრი შეკითხვაა, საქართველოს უსამართლო დასჯაში წევრთა ერთსულოვნება არ არსებობს.
"ბევრ მათგანს ამისთვის სხვადასხვა მოტივი აქვთ, ერთია, რასაც მედიასთან ამბობენ და მეორე, რასაც დახურულ შეხვედრებზე აცხადებენ, საიდანაც ინფორმაციები თავად ევროპულ მედიაში ჟონავს.
"აზრი ასეთია, რომ არ შეიძლება "ქართული ოცნების" გამო ხალხის დასჯა და მეორე, თუ ამ მექანიზმს გამოიყენებენ, ეს უფრო უკუშედეგს გამოიწვევს, რამეთუ საქართველოს მოსახლეობის განწყობები მკვეთრად ანტიევროპული იქნება და ამით რუსეთი ისარგებლებს და საქართველო-ევროკავშირს შორის გაუცხოება მოხდება.
"რაც მთავარია, ეს იქნება ბოლო ე.წ. ფუჭი გასროლა იმ ვაზნისა, რასაც ჰქვია ქართულ-ევროპული ურთიერთობის დაზიანებისა, ევროკრატიას საქართველოს დასასჯელად მეტი სხვა ბერკეტი არ აქვს. ის, რომ ქართულ მოსახლეობას საკონსულოებთან რიგების რეჟიმში გადაიყვანენ, ეს ქართულ საზოგადოებაში უკურეაქციას ნამდვილად არ გამოიწვევს და პირიქით, ევროკავშირის არაბრძენ პოლიტიკოსებს ბუმერანგივით უკან დაუბრუნდებათ",- განაცხადა აბაშიძემ.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ შეხვედრაზე ევროკავშირის წარმომადგენლობა "ქართულ ოცნებას" მკაცრ მოთხოვნებს წაუყენებს პირობების შესრულებასთან დაკავშირებით, რათა შემდგომში შეზღუდვა მოქალაქეებსაც არ შეეხოთ.
"საქართველოს ხელისუფლების მიმართ მკაცრი მოთხოვნა იქნება და აქცენტი დემოკრატიულ უკუსვლაზე. შეხვედრა დიპლომატიურ პასპორტებს ეხება, თუმცა, არაა გამორიცხული, რომ ლიდერები უვიზო მიმოსვლის საკითხსაც შეეხონ.
- ნიკა ჩიტაძე: "იქნება საუბარი, რომ ხელისუფლებამ ქვეყანაში უნდა უზრუნველყოს ადამიანის უფლებები და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა საქართველოს მოქალაქეებმაც დაკარგონ ის პრივილეგია, რომელიც 2017 წელს დაგვიწესეს - უვიზო მიმოსვლა"
"რაც შეეხება დიპლომატიურ პასპორტებს, უკვე მიმდინარე წლის 1-ელი მარტიდან ამოქმედდა ევროკავშირის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მქონე ადამიანებს უვიზო მიმოსვლა უუქმდებათ და სავიზო რეჟიმი უწესდებათ. ვფიქრობ, რომ ამ შეხვედრაზე იქნება გაფრთხილება, რომ შეასრულონ ევროკავშირის პირობები, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება ეს საქართველოს ყველა მოქალაქეზე გავრცელდეს.
"იქ კიდევ უკანონო მიგრაციის საკითხებია, ძალიან ბევრი ადამიანი დეპორტაციაში მოხვდა და ამ მხრივ საქართველოს ცუდი სიტუაცია აქვს. ასევე იქნება საუბარი, რომ ხელისუფლებამ ქვეყანაში უნდა უზრუნველყოს ადამიანის უფლებები და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა საქართველოს მოქალაქეებმაც დაკარგონ ის პრივილეგია, რომელიც 2017 წელს დაგვიწესეს - უვიზო მიმოსვლა",- განაცხადა ჩიტაძემ.
რას ამბობენ "ოცნებაში"
პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საქმე ეხება დიპლომატიური პასპორტებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღებას.
"საქმე ეხება დიპლომატიური პასპორტებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღებას. როდესაც შემოღებული იყო ეს, იყო საერთაშორისო შეთანხმების დარღვევა ევროკავშირის მხრიდან. ევროკავშირი არის საერთაშორისო სამართლის დამრღვევი საქართველოს მიმართ. რაც თავისთავად უდიდესი სირცხვილია, მაგრამ ვხედავთ, რომ სირცხვილის გრძნობა, მაინცდამაინც, არ არსებობს ბრიუსელში.
"იმ მომენტში, როდესაც მიხვდნენ, რომ ეს იყო საერთაშორისო სამართლის დარღვევა, შემოიღეს დამატებითი წესები სპეციალურად საქართველოსთვის, სადაც მანამდე არსებულ კრიტერიუმებს, რომელიც ტექნიკური ხასიათისაა, დაამატეს პოლიტიკური კრიტერიუმები, რომლებიც არასდროს, რაც ევროკავშირი, მისი ვიზა და უვიზობა არსებობს, არ არსებობდა.
"ევროკავშირი შეიყარა, დრო დახარჯა იმისთვის, რომ სპეციალური წესები შემოეღო და მოერგო თავისი წესები საქართველოზე. ეს მეორე დარღვევა, რომ მოარგეს ევროკავშირის წესები ერთ სპეციფიკურ სუბიექტს, საქართველოს. და ასევე, ამ პოლიტიკური კრიტერიუმებით გაიხსნეს თავისი აზრით და ჭკუით, თავისუფლება, რომ რასაც უნდათ იმას მოგვთხოვენ.
"ახლა დგანან და ფანტაზიას აღარ აქვს საზღვარი. ხან გვეუბნებიან, რომ რუსეთს დაუწესეთ სანქციები, თავი მოიკალით, თუ გინდათ უვიზო მიმოსვლა. თუ თავი დავიხოცეთ და დავინგრიეთ, ვიღამ უნდა იაროს უვიზოდ ევროკავშირში?! ამისკენ გვიბიძგებენ, საკუთარი ქვეყნის დანგრევას გვთხოვენ იმით, რომ გვეუბნებიან, დავუწესოთ რუსეთს სანქციები.
"ამას ითხოვენ პირდაპირ. ქვეყანას ვერ დავანგრევთ იმის გამო, რომ ბრიუსელს უნდა ვიზა აქციოს დღეს პოლიტიკურ იარაღად. ყველა ქვეყანას აქვს სავიზო სისტემა და მაშინ ახლა ჩვენ უნდა შემოვიღოთ ვიზა პოლონელი ჩინოვნიკებისთვის თუ რა ვქნათ? ეს არის უმწიფარი პოლიტიკა ევროკავშირის.
"რაც შეეხება ამ შეხვედრას, ტექნიკური ჯგუფი არის საქართველოდან წარმოდგენილი, რომელიც გაივლის ამ საკითხებს. პოლიტიკური პრეტენზიები თუ აქვთ, ელაპარაკონ პოლიტიკოსებს, ტექნიკურ დონეზე ეს საკითხები ვერ განიხილება. პოლიტიკურ კითხვებზე პოლიტიკური პასუხები გვაქვს. როგორც რეგიონში დამკვიდრდა გამოთქმა: „სუვერენიტეტი მარწყვზე არ იყიდება",- განაცხადა პაპუაშვილმა.