
დღეს დილით გარდაბანში უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა - სოფელ ბირლიკში BMW-ს მარკის ავტომობილი, რომელიც დიდი სიჩქარით მოძრაობდა, ხეს შეასკდა, რის შემდეგ მანქანა ნაწილებად დაიშალა. გარდაცვლილია 7ადამიანი, ხოლო ერთი ახალგაზრდა უმძიმეს მდგომარეობაში კლინიკაშია გადაყვანილი, ახლა ის სიკვდილს ებრძვის.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, გარდაცვლილები ერთმანეთის ახლობლები არიან. ტრაგედია მოხდა გარდაბანი - რუსთავის დამაკავშირებელი გზის ტერიტორიაზე.
"ჩვენი სოფლის, ბირლიკში მცხოვრები ოთხი ახალგაზრდაა გარდაცვლილი. ორი ძმა და კიდევ ორი ძმა, ეს ბიჭები ერთმანეთის ნათესავები არიან. საუბედუროდ ორი ოჯახიდან ოთხი ახალგაზრდაა დაღუპული. მეზობლად ცხოვრობდნენ და ნათესავებიც არიან. როგორც ვიცი, კიდევ სამი ახალგაზრდა იყო საგარეჯოელი მანქანაში. საგარეჯოელებიც დაღუპულები არიან.
დილით ასე თქვეს, რომ მანქანაში მყოფი რამდენიმე მგზავრი შეჯახების შემდეგ გადმოვარდა მანქანიდან. ორი ჩარჩენილი იყო მანქანაში. ორი ჯერ კიდევ ცოცხალი გადაიყვანეს კლინიკაში და ერთი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ასეთი ავარია არასოდეს მინახავს, ყველაფერი ნამსხვრევებად არის ქცეული. ვიცოდი, რომ შვიდნი იყვნენ. ახლა თქვენგან გავიგე მერვეც რომ ყოფილა. საშინელება ტრიალებს სოფელში. იმ ადგილას ვინც იყო, ყველა შოკშია, მიმოფანტულია ირგვლივ მანქანის ნაწილები. როგორც ვიცი, მანქანის ნაწილს გაუჩნდა ცეცხლი.
დაშლილია მთლიანად მანქანა, იქ გადარჩენის შანსი არ იყო. არ ვიცი, რა სიჩქარით მიდიოდნენ. გარდაცვლილებიდან ერთს ვიცნობდი ახლოს, რესტორანში ოფიციანტად მუშაობდა, ძალიან კარგი ბიჭი იყო. მისი ძმაც გარდაცვლილია.
თანავუგრძნობ ყველას. დიდი ტრაგედიაა, ძალიან მძიმე ვითარებაა", - ამბობს ადგილობრივი.
"ამბებისთვის" ცნობილი გახდა სოფელ ბირლიკში მცხოვრები გარდაცვლილი ძმების ვინაობა. გარდაცვლილები არიან შამილ და ქამილ ალიევები, ასევე კიდევ ორი ძმა არის დაღუპული - ალილ და საჰირ ჯალილოვები.
"ქამილი 19 წლის იყო, შამილი 17-ის. ბიჭებს მშობლები დაღუპული ჰყავთ. ბებია და ბაბუა ზრდიდნენ. მშობლები ადრე დაეღუპათ, ჯერ მამა, შემდეგ დედა. ორივე გამორჩეულები იყვნენ ზრდილობით, მოწესრიგებულობით, კულტურით და არასდროს არავის აწუხებდნენ. ყველას ძალიან უყვარდა ძმები. ძალიან კეთილი იყო შამილი. ყველას გულშემატკივარი. გული მტკივა ძალიან. შამილი მიმტანად მუშაობდა, შრომობდა, ქამილი სპორტს მისდევდა, კრივით იყო დაკავებული. ძალიან განვიცდი ამ ამბავს, სიტყვები არ მყოფნის, როგორი გამორჩეული ძმები იყვნენ, გული მტკივა ძალიან და ვუსამძიმრებ ყველას", - ამბობს ჩვენთან საუბარში ბიჭების სკოლის პედაგოგი.
ცხედრებს ექსპერტიზა ჩაუტარდებათ. დაშავებული ერთი პირი ამჟამად რუსთავის კლინიკაში იმყოფება, სადაც აცხადებენ, რომ მისი მდგომარეობა კრიტიკულია.
წყარო: ambebi.ge