
აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამერიკული დელეგაციით ჩინეთს ესტუმრა, მსოფლიო ყურადღება ახლა პეკინისკენაა მიმართული, რადგან ვიზიტი ორ სახელმწიფოს შორის ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობის ფონზე მიმდინარეობს და მოსალოდნელია, რომ მხარეები მნიშვნელოვან საკითხებზე და მისი გადაჭრის გზებზე იმსჯელებენ.
ანალიტიკოსთა შეფასებით, დიდი ალბათობით, მთავარი თემები ეკონომიკური ურთიერთობის გარდა იქნება, აშშ-ირანის, უკრაინა-რუსეთის კონფლიქტი და ასევე შეიძლება წამოიჭრას კავკასიისა და შუა დერეფნის საკითხი და ამ კონტექსტში შეიძლება საქართველოც.
დონალდ ტრამპის თვითმფრინავი პეკინის აეროპორტში 13 მაისს შუა დღისთვის დაეშვა, სადაც მას ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი ჰან ჩჟენი დახვდა.
ტრამპთან ერთად ჩინეთში ჩავიდნენ სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ომის მდივანი პიტ ჰეგსეტი და სავაჭრო წარმომადგენელი ჯემისონ გრირი.
მაღალჩინოსნების გარდა, ტრამპის გუნდში შედიან ტექნოლოგიური კომპანიების აღმასრულებელი დირექტორები, მათ შორის - ილონ მასკი.
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერების პირისპირ შეხვედრა 14 მაისს არის დაგეგმილი. აშშ-ის პრეზიდენტის ჩინეთში ვიზიტი კი 15 მაისამდე გაგრძელდება.
რაზე გაკეთდება აქცენტი აშშ-ჩინეთის პრეზიდენტების შეხვედრაზე
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ საკითხების მთელი ჩამონათვალია, რასაც ელოდებიან, რომ ამ შეხვედრაზე მეტ-ნაკლებად უნდა გაირკვეს.
"საკითხების მთელი სპექტრია, რის გადაწყვეტასაც მსოფლიოში ელოდებიან, ჩვენთვისაც უამრავი მნიშვნელოვანი საკითხია. მაგალითად, თავის დროზე ითქვა, რომ ჩინეთსა და გერმანიას შორის ეკონომიკური კავშირები უფრო ინტენსიური გახდა, მათ შორის მანქანათმშენებლობაში. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ჩინეთმა საქართველოს მიმართა, რომ თუ შეიძლება ევროკავშირის მიმართ ძალიან აგრესიულები ნუ იქნებითო.
"ჩინეთის მხრიდან ლოგიკა გასაგები იყო, სულ რომ ამ ორმა ლიდერმა ლაპარაკში საქართველო არ ახსენოს, ეს დეტალი მიუთითებს იმაზე, რომ მათი საუბრის შედეგები საქართველოს ინტერესებთან კავშირშია.
- რამაზ საყვარელიძე: "თუკი შუა დერეფნის თემამ ამოიწია, იქ ჩვენი საკითხიც იქნება, მაგრამ, მეეჭვება, რომ ანაკლიის პორტი ახლა წამოიჭრას. ანაკლია უდაოდ ამერიკის ინტერესებშია"
"ბოლო დღეებში გერმანიის ელჩის კრიტიკა ძალიან მძაფრი იყო და პრაქტიკულად გამოდის, რომ სასწორზე იდება ერთის მხრივ ჩვენი ურთიერთობა ჩინეთთან და მეორეს მხრივ კრიტიკულობა ევროკავშირის მიმართ, აი ეს ალტერნატივა ტრამპისა და სი ძინპინის შეხვედრამ უნდა გადაწყვიტოს.
"მთავარი რაც შეიძლება შეხვედრისას განიხილონ - იქნება, ირანის, უკრაინის, რუსეთის საკითხები. ეს ის თემებია, რომელზედაც ყველა ლაპარაკობს და მათ რომ არ ილაპარაკონ გაუგებარიც იქნება. ერთ-ერთი უმთავრესი ალბათ ირანის საკითხი იქნება, როგორც ჩინეთის ერთ-ერთი პარტნიორი და მეტოქე ამერიკისთვის. უკრაინა-რუსეთის თემა არ მგონია წინა პლანზე იყოს, მაგრამ უდაოდ სალაპარაკო იქნება.
"სასაუბრო თემა ასევე იქნება ევროპისადმი დამოკიდებულება, ჩინეთს ეგ დამოკიდებულება მხოლოდ გერმანიასთან არ აქვს, მისთვის მთელი ევროპა პარტნიორობისთვის ხელსაყრელია, თუნდაც, როგორც ბაზარი საქონლის გატანისთვის, ასეთი პარტნიორობა კი ევროპულ ქვეყნებს აძლიერებს, არადა, ტრამპს ევროპის გაძლიერება არ უნდა, აგერ ვხედავთ ნატოს კრიტიკულად უყურებს და შეიძლება ალიანსიდან გამოსვლის საკითხიც დააყენოს. ევროპულ ქვეყნებზე ხომ ყოველ დღე თითო-თითო კურთხევას აგზავნის.
"ალბათ ლაპარაკი შედგება იმაზე, თუ ევროსივრცეში ჩინური საქონელი როგორ ჩავიდეს, აი ეს საკითხი, რომ რა გზით შემოვიდეს, უფრო ახლოსაა იმასთან, რაც უშუალოდ საქართველოს ეხება. საუბრის თემა ასევე შეიძლება იყოს შუა დერეფანი, კავკასია, ალბათ ამ საკითხებზე იქნება მსჯელობა და გადაწყდება ორი ზე სახელმწიფოს ინტერესებში რა არის ოპტიმალური.
"თუკი კომუნიკაციის (შუა დერეფნის) თემამ ამოიწია, იქ რა თქმა უნდა ჩვენი საკითხიც იქნება, მაგრამ მეეჭვება, რომ უშუალოდ ანაკლიის პორტი ახლა წამოიჭრას. ანაკლია უდაოდ ამერიკის ინტერესებშია, მაგრამ შეიძლება ჩინეთთან დიალოგში აშშ-მა ამ საკითხის განხილვას თავი აარიდოს, მაგრამ გამორიცხული არაფერია",- განაცხადა საყვარელიძემ.
როგორც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, ნაკლებსავარაუდოა, რომ საუბარი უშუალოდ საქართველოს შეეხოს ჩინეთში შეხვედრისას.
"შეიძლება პირველ რიგში განიხილონ ის სხვადასხვა საკითხები, რომელიც უკავშირდება ჩინეთსა და აშშ-ს ვაჭრობას. მიუხედავად იმისა, რომ ისინი თუნდაც გეოპოლიტიკური და თუნდაც იდეოლოგიური მოწინააღმდეგეები არიან, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ბრუნვის მოცულობა 600 მილიარდ დოლარს აღემატება. მათ შორის ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, როცა ჩინურ საქონელზე ტარიფები დააწესა.
- ნიკა ჩიტაძე: "არ მგონია, რომ უშუალოდ საქართველოზე გაკეთდეს აქცენტი, თუმცა,შუა დერეფანი და კავკასია შეიძლება განხილვის თემა იყოს"
"არაა გამორიცხული საუბრები იყოს ვაჭრობის ლიბერალიზაციაზე ორ ქვეყანას შორის. ამავე დროს, შეიძლება ტრამპს ჰქონდეს მცდელობა ჩინეთი დაარწმუნოს, რომ პეკინმა ირანული ნავთობი არ შეიძინოს. ირანი ნავთობის ნახევარზე მეტის რეალიზაციას ჩინეთში ახდენს.
"არ მგონია, რომ უშუალოდ საქართველოზე გაკეთდეს აქცენტი, თუმცა, შუა დერეფანი და კავკასია შეიძლება განხილვის თემა იყოს. საერთოდ, ალბათ იმაზე იქნება მცდელობა, რომ ჩინეთმა ირანთან თანამშრომლობაზე როგორმე უარი თქვას, ასევე თანამშრომლობა რუსეთთანაც შეამციროს. არაა გამორიცხული ანაკლიის პორტსაც შეეხონ, თუმცა, უშუალოდ საქართველოზე აქცენტი ნაკლებსავარაუდოა.
"მთავარი თემები იქნება ირანის საკითხი, რუსეთ-უკრაინის ომი, ჩინეთ-ევროკავშირის ურთიერთობა",- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.