ერთობლივი ძალისხმევით მოხერხდა სტაბილურობის შენარჩუნება, დეფიციტის თავიდან არიდება, სავალუტო რყევისგან გამოწვეული პრობლემების აღმოფხვრა
ქეთო გოგოხია
27.01.2025

2024 წელი საქართველოში ნავთობპროდუქტების ბაზრისთვის სტაბილური იყო. გლობალური გამოწვევების მიუხედავად, ქვეყანაში ბენზინსა და დიზელზე იმპორტი და შესაბამისად, მოთხოვნაც გაიზარდა, რაც ტრანზიტული ტრანსპორტისა და გადაზიდვების აღმავალ ტრენდს უკავშირდება, ასევე ავტოპარკის განვითარებასაც.

გასული წლის შეჯამებასა და 2025 წლის ტენდენციებთან დაკავშირებით,,ბიზნეს-რეზონანსის"  კითხვებს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელმა  ვახტანგ იობაშვილმა უპასუხა.

,,ბიზნეს-რეზონანსი": როგორი შედეგით დასრულდა 2024 წელი ნავთობპროდუქტების  ბაზრისთვის, რამდენად გაიზარდა მოთხოვნა და კონკრეტულად, რა ფაქტორებმა შეუწყვეს ამ პროცესს ხელი?

ვახტანგ იობაშვილი: საკმაოდ რთული წელი იყო, თუმცა უნდა ითქვას, რომ პრობლემა იმ  ოდენობით არ შეგვხებია, როგორც ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს. სხვა სახელმწიფოებთან შედარებით, სტაბილურობა გვქონდა. შესაბამისად, მოხმარება და იმპორტიც გაზრდილია, დიდი ცვლილება არა, მაგრამ მთავარია, რომ ზრდა ფიქსირდება.

იმპორტის მატებაზე გავლენა იქონია იმანაც, მეტი სატრანსპორტო საშუალება მოძრაობს ქვეყანაში, ტრანზიტული ტრანსპორტის რაოდენობა და ასევე გადაზიდვები კი გაზრდილია, რაც მისასალმებელია. ცხადია, ქვეყანაში, სადაც არის მოხმარების გაუმჯობესებული მაჩვენებელი, ეკონომიკა აღმავალი ტრენდით ხასიათდება და ასეა ჩვენს შემთხვევაშიც. იზრდება მშენებლობის მასშტაბები, ინდუსტრიული საქმიანობა და ამის მიხედვით მატულობს. მთავარი წარმოებებია, ტრანზიტი და სხვა კომპონენტები. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა აღმავლობის გზაზეა და ნავთობპროდუქტების ბაზარზე ეს ყველაზე მკაფიოდ ჩანს. 

,,ბ-რ": რა მდგომარეობაა ფასების კუთხით, რა გავლენა მოახდინა ამ მხრივ ვალუტის ფაქტორმა, ვინაიდან წლის განმავლობაში საკმაოდ ხშირად ადგილი ჰქონდა სავალუტო რყევებს, რამდენად იგრძნობოდა ამ კომპონენტის გავლენა?

ვ.ი:  წლის განმავლობაში საწვავი საქართველოში ძვირიც იყო და იაფიც, განსხვავებული დინამიკით ხასიათდებოდა. სანავთობო ბიზნესში მთლიანად გლობალური პროცესების გავლენაა. რაც მთავარია, ბაზარზე სტაბილურობა იყო და ეს დიდწილად უკვე იმ კომპანიების დამსახურებაა, რომლებიც საქართველოში ოპერირებენ. შიდა ბაზრის ცვალებადობა უმეტესად სავალუტო რყევამ გამოიწვია,   თუმცა ამას მოხმარების კუთხით პრობლემა არ შეუქმნია. შარშან საქართველოში უფრო მეტი ნავთობპროდუქტი შემოვიდა, ვიდრე 2023  წელს, რაც მნიშვნელოვანია. რაც უფრო სტაბილური სიტუაცია იქნება, მეტი ტრანზიტი გევქნება, ტურისტების ზრდა და მეტი რეალიზაცია. სტაბილურობა მოიტანს ქვეყნის სიმშვდეს, რაც ბიზნესს ყველაზე მეტად სჭირდება.

,,ბ-რ": როგორია ახლა რუსეთის ფაქტორი. გარკვეული შეზღუდვები მოქმედებდა 2024 წელს და ამჯერად როგორ შეიცვალა დინამიკა?

ვ. ი: ყველა ჩვენგანმა ვიცით, როგორი დამოკიდებულება აქვს რუსეთს ყველასთან, მათ შორის, საქართველოსთან. დაგვპირდა, რომ 1-ლი იანვრიდან მოიხსნებოდა შეზღუდვები, მაგრამ სტაბილურად ჯერ მხოლოდ დიზელის საწვავს გვაძლევს. რაც მთავარია, სტაბილურობა ეჭქვეშ არ დგება, საკმაოდ ოპერატიულად მუშაობენ ჩვენი კომპანიები - არაბრენდირებულები და ბრენდირებულებიც, რომლებიც ქმნიან ამინდს ადგილობრივ ბაზარზე. სწორედ მათი გამართული მუშაობის შედეგია, რომ 2024 წელს რაიმე დეფიციტი არ შექმნილა. ამისთვის ჩვენს კომპანიებს საკმაოდ მყარი კავშირები აქვთ სანავთობო ქვეყნებთან, რასაც საფრთხე არ ემუქრება და ამ მხრივ სამომხმარებლო ბაზრის სტაბილურობა მთელი წლის განმავლობაში გარანტირებული იყო.

,,ბ-რ": აზერბაიჯანიდან ევრო 5-ის სტანდარტის ბენზინის შემოტანასთან დაკავშირებით რაიმე სიახლე ხომ არ არის?

ვ.ი: უნდა ითქვას, რომ აზერბაიჯანი საიმედო ბაზარია, სადაც საწარმოო გადაიარაღების პროცესი მიმდინარეობდა, რაც ბენზინზე ევრო 5-ის სტანდარტის დაწესებას უკავშირდებოდა. ველოდით, რომ აღდგებოდა ბენზინის მოწოდება, მაგრამ ჯერ ჯუდევ არ ვართ ინფორმირებული და ვერ გეტყვით, რა ხდება ამ მიმართულებით.  

ვიმედოვნებ, რომ აზერბაიჯანიდან მოწოდება უახლოესი თვეების განმავლობაში განახლდება, რაც ფასთა რეგულირებაში ძალიან შეგვიწყობს ხელს. ახლა მხოლოდ დიზელის საწვავი შემოდის. "სუპერის" და "პრემიუმის" ტიპის ბენზინს აზერბაიჯანი თვითონ ყიდულობს ევროპაში.

,,ბ-რ": როცა საუბარია 2024 წლის ტენდენციებზე, რა იყო გამოწვევა, რამდენად უკავშირდება იგი ხარისხის ან თუნდაც კონტრაბანდის საკითხს, რაზეც ძალიან ხშირად აკეთებდით განცხადებას. რეალურად რა ხდება ამ უთხით? 

ვ.ი: გამოწვევაა კონტრაბანდა, რომელიც საქართველოში ცხინვალის რეგიონიდან და აფხაზეთიდან შემოდის. კონტრაბანდა ყოველ წელს გვქონდა, მეტ-ნაკლებად შარშანაც, ეს ღუპავს ქვეყნის ეკონომიკას და მეტი ყურადღებაა ამ მიმართულბით საჭირო. 

რაც შეეხება ხარისხის საკითხს, ესეც მასშტაბური პრობლემაა. მნიშვნელოვანია შეიქმნას ეფექტური კონტროლის სისტემა ქვეყნის შიგნით, საწვავის ხარისხთან დაკავშირებით. უნდა დაიწყოს კონტროლი ქვეყნის საზღვრიდან და უნდა განხორციელდეს მუდმივი სისტემური მონიტორინგი როგორც საცალო ქსელში, ისე ბაზებზე. ეს უნდა მოხდეს მთელი ქვეყნის მასშტაბით, რეგიონების მოცვა აუცილებელია. დიდი მადლობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ეკოლოგიის დეპარტამენტს, რომელიც მონიტორინგს ახორციელებს. ეს არის ძალიან კარგი, მაგრამ ამავე დროს, თუ შეიძლება არა სამჯერ, გაცილებით მეტჯერ უნდა შემოწმდეს ობიექტები. აუცილებელია უფრო მკაცრი მონიტორინგი დაწესდეს და ყველა დეტალი გაწერილი იყოს, სადაც ხარისხის ნებისმიერი კომპონენტი იქნება გათვალისწინებული. 

ფაქტი სახეზეა, ერთჯერადი დაჯარიმება საკმარისი არ არის, თუ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის დახმარება საჭირო იქნება დავეხმარებით, რომ კონტროლი უფრო ინტენსიური გახადონ, რითაც საჭირო იქნება, ჩვენს წვლილს შევიტანთ. ქვეყანამ ევრო5-ის სტანდარტი დააწესა, ყველას უნდა ეშინოდეს, ვინც უხარისხო პროდუქტს ყიდის. ძალიან მნიშვნელოვანია, რეგიონალურად  გაიშალოს კონტროლი, თუკი ამდენი ჯარიმის ამოღება შეიძლება, უფრო ინტენსიური უნდა გახდეს კვლევები, რომ რეალურად შეიცვალოს ვითარება და ხარისხის დაცვის პრევენცია მოხდეს.

ამდენად, 2024 წელი ნავთობპროდუქტების ბაზრისთვის დადებითია, რაც საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მიერ მომზადებბული სტატისტიკიდანაც ჩანს.

2024 წელს ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა 1309,5 ათასი ტონა  შეადგინა, რაც 2023 წლის მაჩვენებელს 8,3%-ით აღემატება. კერძოდ, შარშან   აღნიშნულ პერიოდში იმპორტის მაჩვენებელი 1208,9 ათასი ტონა იყო. 2024 წლის დეკემბერში იმპორტი 124 ათასი ტონით განისაზღვრა, რაც ნოემბრის მონაცემს 28,6 ათასი ტონით, ანუ 30%-ით აღემატებოდა. 

რაც შეეხება მომწოდებელ ქვეყნებს,  2024 წლის მდგომარეობით პირველ ადგილზე რუსეთია, საიდანაც საწვავის იმპორტმა  653,1 ათასი ტონა - 49,9%; მეორე ადგილზე  ბულგარეთია - 208,6 ათასი ტონა, 15,9%; მესამე ადგილი 184,6 ათასი ტონით (14,1%) რუმინეთმა დაიკავა; აზერბაიჯანის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 91,5 ათასი ტონაა - 7%-ია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×