სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ნინი ქეთელაური
    22.12.2017

     ტრამპის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადების პარალელურად ისლამური სახალიფოს გააქტიურებას პროგნოზირებენ. როგორც ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, ამ ვითარებამ, შესაძლოა, ახალი იმპულსი მისცეს ისლამური სახელმწიფოს აღორძინებას, რადგან დაეში უკვე გააქტიურდა ისრაელის წინააღმდეგ და ის თავის მტრად გამოაცხადა.

    შეგახსენებთ, რომ იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებით კენჭისყრა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე თურქეთისა და იემენის მიერ იყო ინიცირებული. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა და განკარგულება გასცა ისრაელში აშშ-ის საელჩოს იერუსალიმში გადატანის შესახებ, რასაც მუსლიმურ სამყაროში აღშფოთება მოჰყვა.

    აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპის თქმით კი, იმ ქვეყნებს, რომლებიც გაერო-ს გენერალური ასამბლეის სხდომაზე იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებით რეზოლუციაზე ამერიკის წინააღმდეგ მისცემენ ხმას, დაფინანსებას შეუწყვეტს.

    ვახტანგ მაისაია: ტრამპი იერუსალიმის საკითხს იყენებს შიდა პოლიტიკური მოხმარებისთვის. მან ეს თემა წამოწია მას შემდეგ, რაც მისი იმპიჩმენტის საკითხი კონგრესში ჩავარდა. შესაბამისად, ტრამპს სურს, რომ იერუსალიმის თემით შიდა პოლიტიკური პრობლემებიდან ყურადღება საგარეო მიმართულებით გადაიტანოს.

    ამასთანავე, იერუსალიმის საკითხი და ისრაელთან ურთიერთობა იყო მისი წინასაარჩევნო კამპანიის შემადგენელი ნაწილი და მისი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი, რაც ისრაელთან მჭიდრო თანამშრომლობას კიდევ უფრო წინ წამოწევდა. მან ამის პირობა მისცა როგორც ადგილობრივ ებრაულ სოციუმს, ისე ებრაულ ლობისტურ ჯგუფებს. სხვათა შორის, თავის დროზე ტრამპმა სპეციალურად მიავლინა აღმოსავლეთის ტურნეში თავისი სიძე კუშნერი, რათა აღმოსავლეთის თემატიკა ყოფილიყო მის პოლიტიკაში მთავარი მამოძრავებელი ძალა.

    ასე რომ, ტრამპი ამით ორ კურდღელს იჭერს. პირველი, ის ცდილობს შიდა პოლიტიკიდან ყურადღების საგარეო პოლიტიკაზე გადატანას და მეორე, წარმოაჩენს, რომ არის პატიოსანი პოლიტიკოსი, რომელიც დანაპირებს ასრულებს.

    "რეზონანსი": კონკრეტულად ვისი მიმართულებით იყო ტრამპის მუქარა და რას ნიშნავს, კონკრეტულ სახელმწიფოებს აშშ დაფინანსებას თუ შეუწყვეტს?

    ვ.მ: როგორც მე ვიცი, ტრამპის ამ ინიციატივას მხარი დაუჭირა მხოლოდ ჩეხეთმა, ევროკავშირის სხვა არც ერთმა ლიდერმა სახელმწიფომ ეს პოზიცია არ გაიზიარა. მეტიც, ისინი მიიჩნევენ, რომ ეს არის საერთაშორისო სამართლის დარღვევა. ამიტომ ალბათ საუბარია ისეთ სახელმწიფოებზე, რომლებიც აშშ-ის სტრატეგიული მოკავშირეები არიან და ფინანსურ დახმარებას იღებენ მისგან. ესენია აღმოსავლური ტიპის სახელმწიფოები: ეგვიპტე, თურქეთი, იორდანია და ა.შ., რომლებიც საკმაოდ აგრესიულად გამოდიან ტრამპის ინიციატივის წინააღმდეგ.

    "რ": თუ გავითვალისწინებთ აშშ-თურქეთს შორის არსებულ ვითარებას, როგორ შეიძლება გაგრძელდეს მათი ურთიერთობა?

    ვ.მ: თურქეთი უკვე გადავიდა კონკრეტულ ღონისძიებაზე. ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციამ მიიღო რეზოლუცია, რომლის საფუძველზეც მისი წევრები აშშ-ის ეკონომიკურ სანქციებს გამოუცხადებენ. ასევე, თურქეთი ამბობს, რომ იერუსალიმში საელჩოს გახსნას აპირებს, მაგრამ ეს იქნება არა ისრაელის სახელმწიფოში მივლინებული დიპლომატიური წარმომადგენლობა, არამედ სურს პალესტინის მხარდამჭერი დიპლომატიური ნაბიჯის გადადგმა.

    გასათვალისწინებელია ისიც, რომ აშშ-თურქეთის ურთიერთობა ისედაც ჩიხშია შესული და დღეს მათ შორის სერიოზული გეოპოლიტიკური დაპირისპირებაა. ეს ეხება გიულენის თემას, ასევე, სირიელი ქურთების მხადაჭერას, ახლა უკვე მესამე, იერუსალიმის თემაც დაემატა. ამის შემდეგ ალბათ კიდევ უფრო გაუარესდება მათ შორის ურთიერთობა, რადგან ორივე მხარე დაპირისპირების უმაღლეს წერტილამდე მიდის.

    "რ": უფრო გლობალური მასშტაბით როგორ წარმოგიდგენიათ მოვლენების განვითრება? ვინ შეეცდება ამ დაპირისპირების გამოყენებას და როგორ?

    ვ.მ: აშშ-თურქეთის ურთიერთობის დაძაბვა რუსეთმა შეიძლება გამოიყენოს საკუთარი ინტერესების გასაძლიერებლად. ამასთან, მოსკოვმა უკვე დაიწყო კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. ის ურთიერთობას ავითარებს ეგვიპტესთან, ლიბიასთან, სუდანთან და უკვე ერევა იმ სფეროებში, რაც აქამდე ამერიკული გავლენის ზონები იყო. ანუ, რუსეთმა გამოიყენა ეს ვითარება და სუბსაჰარის რეგიონში პოზიციის გაძლიერება დაიწყო.

    ასევე, მნიშვნელოვანია მეორე მომენტი, ამ ვითარებაში, შესაძლოა, გააქტიურდნენ ისეთი ჯგუფები, როგორიცაა ისლამური სახალიფო. ამან შეიძლება ახალი იმპულსი მისცეს ისლამური სახელმწიფოს აღორძინებას. მით უფრო, რომ დაეში უკვე გააქტიურდა ისრაელის წინააღმდეგ და ის თავის მტრად გამოაცხადა. მეტიც, მან უკვე განახორციელა შეტევა სინაის ნახევარკუნძულიდან ისრაელის ტერიტორიაზე და შესაძლოა, ამ სიტუაციით ისარგებლოს.

    "რ": ამ ვითარებაში საქართველომ რა პოზიცია უნდა დაიკავოს?

    ვ.მ: შესაძლოა, ტრამპის ეს კრიტიკა საქართველოსაც ეხებოდა, რადგან, მოგეხსენებათ, საქართველო იმ რეციპიენტთა სიაშია, რომლებიც აშშ-ის დახმარებას იღებენ. მაგრამ ჩვენ ისრაელთანაც გვაკავშირებს სტრატეგიული პარტნიორობა, ამიტომ ამ ვითარებაში ალბათ სწორია ჩვენი ხელისუფლების პოზიცია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ევროკავშირის სახელმწიფოებმა ტრამპის ეს ინიციატივა არ მიიღეს და, პირიქით, გააკრიტიკეს. ამერიკული რეზოლუცია გაერო-შიც ჩავარდა და რომ არა ამერიკის ვეტო, იგი იქნებოდა ანტიისრაელური.

    თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ისედაც ძალიან მყიფე გეოპოლიტიკურ სივრცეში ვართ და ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების გარემო არის საკმაოდ მოწყვლადი, ძალიან მოქნილი საგარეო პოლიტიკა უნდა გავატაროთ. ამ ეტაპზე კი, გარდა მოვლენების დაკვირვებისა, სხვა გამოსავალი არ გაგვაჩნია.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved