სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    პუტინმა ტრამპთან სირიის მომავალი განიხილა
    თიკო ოსმანოვა
    23.11.2017

     რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადთან გამართული შეხვედრის "ძირითადი შედეგები" გააცნო. ტრამპსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გუშინ გაიმართა.

    პუტინის თქმით, რუსეთში ვიზიტის დროს ასადმა კონსტიტუციური რეფორმისა და სირიაში საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადყოფნა დაადასტურა. იმის შესახებ, თუ როგორი იქნება სირიის პრეზიდენტის პოლიტიკური მომავალი, პუტინს არაფერი უთქვამს.

    თეთრი სახლის ინფორმაციით, რუსეთისა და აშშ-ის ლიდერებმა სირიის ტერიტორიული ერთიანობის შენარჩუნების საკითხში სტაბილურობის მიღწევის საქმეში გაერო-ს ქმედებების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.

    ამასთან, სირიის კრიზისის დარეგულირების საკითხებს ვლადიმერ პუტინი დღეს ირანისა და თურქეთის პრეზიდენტებთან განიხილავს.

    პუტინთან საუბრის შემდეგ ჟურნალისტებს დონალდ ტრამპიც შეხვდა. მისი თქმით, მოლაპარაკებების დროს ის სირიაში მშვიდობის დამყარების აუცილებლობას "ძალიან მტკიცედ იცავდა". საერთო ჯამში, ტრამპი სატელეფონო საუბრით კმაყოფილი დარჩა.

    სატელეფონო საუბარში ტრამპმა და პუტინმა ირანის ბირთვული პროგრამა, ასევე კორეის ნახევარკუნძულზე, ავღანეთსა და უკრაინის აღმოსავლეთში შექმნილი ვითარება განიხილეს.

    შეგახსენებთ, რომ სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი პუტინს 2 დღის წინ შეხვდა. ვლადიმერ პუტინმა სირიის ლიდერი თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობასა და რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს წარუდგინა.

    "როიტერის" ცნობით, რუსეთის ლიდერმა კოლეგას ტერორიზმთან ბრძოლაში მიღწეული წარმატებები მიულოცა. მისი თქმით, რუსეთის სამხედრო ოპერაცია სირიაში მალე დასრულდება და სირია "ისლამურ სახელმწიფოზე გამარჯვებას იზეიმებს".

    პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე ფიქრობს, რომ ამერიკასა და რუსეთს შორის სირიასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა კვლავ არსებობს. ამიტომ ის პუტინის განცხადებებს მორიგ ხრიკად აფასებს და ფიქრობს, რომ რუსეთი სირიის შიდა საქმეებში ჩაერევა, რომლის არაერთი მაგალითი არსებობს.

    "არა მგონია, რომ პუტინსა და ტრამპს ჰქონდეთ სირიის ბედი გადაწყვეტილი, რადგან მათ შორის აზრთა სხვადასხვაობა კვლავ არსებობს. რუსეთი კვლავ უჭერს მხარს ასადის რეჟიმს, ხოლო ამერიკის პოზიცია მკვეთრად უარყოფითია.

    "აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რუსეთი ცდილობს, შექმნას იმიტაცია, რომ თითქოს დემოკრატიულია და მხარს უჭერს სირიაში თავისუფალი არჩევნების ჩატარებას, სადაც ასადიც მიიღებს მონაწილეობას.

    "მე მგონი, ეს არის მორიგი ხრიკი რუსეთის მხრიდან, დასავლეთი აღნიშნულზე არ უნდა წამოეგოს. არა მგონია, რომ რუსეთმა დათმოს ასადი. სირია, ფაქტობრივად, ახლო აღმოსავლეთში გახლავთ რუსეთის ერთადერთი დასაყრდენი", - გვითხრა ნიკა ჩიტაძემ.

    მისივე თქმით, არჩევნებში ქურთული მოსახლეობა და სირიის ოპოზიცია არ მიიღებს მონაწილეობას.

    "ასადს გარკვეულწილად ჰყავს მხარდამჭერები - ქურთული მოსახლეობა არ მიიღებს მასში მონაწლეობას, ასევე - სირიის ოპოზიცია, იმიტომ, რომ ასადის მიერ გამოცხადებულ არჩევნებს არ აღიარებს.

    "აქედან გამომდინარე, შეიძლება აქ უფრო გაადვილდეს გამარჯვება, რადგან მონაწილეობას ძირითადად ასადის რეჟიმისადმი ლოიალურად განწყობილი პირები მიიღებენ.

    "რუსეთს აქვს გამოცდილება, რომ ჩაერიოს ამა თუ იმ ქვეყნის შიდა საქმეში, მათ შორის - არჩევნებში და შემდეგ განაცხადოს, რომ ასადი არის კანონიერი პრეზიდენტი, მოსახლეობამ აირჩია. აქედან გამომდინარე, რუსეთი აღნიშნულზე აკეთებს გათვლას - ასადის რეჟიმს გარკვეული ლეგიტიმაცია მისცეს", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ჩიტაძე.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter