ვახტანგ შამუგია
02.02.2017

 2 თებერვალს ევროპარლამენტმა საქართველოს მოქალაქეთათვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას დაუჭირა მხარი. ამ სასიხარულო ცნობას წლების განმავლობაში მთელი ქვეყანა მოუთმენლად ელოდა. ადგილობრივი თუ უცხოელი ექსპერტები და პოლიტოლოგები ვარაუდებს გამოთქვამენ იმის თაობაზე, თუ როგორ აისახება ვიზალიბერალიზაციის პროცესი ჩვენს ქვეყანასა და თანამოქალაქეებზე.

მათ ნაწილს მაგალითად კიდევ ერთი პოსტსაბჭოთა სახელმწიფო, მოლდოვა მოჰყავთ, რომელიც ამ პრივილეგიით უკვე სარგებლობს.

მოლდოვამ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე მოლაპარაკება 2010 წელს დაიწყო. 2014 წლის 28 აპრილს კი ბრიუსელმა ამ ქვეყნის მოქალაქეთათვის ევროპაში უვიზო მიმოსვლას დაუჭირა მხარი.

რა დადებით და უარყოფითი მხარეები იქონია ამ პროცესმა მოლდოვასა და მის მოქალაქეებზე და როგორ აისახა ვიზალიბერალიზაცია ოფიციალური კიშინიოვისა და სეპარატისტული ტირასპოლის ურთიერთობებზე, ამის შესახებ "რეზონანსი" მოლდოველ ანალიტიკოსს, ვიქტორ ურსოის ესაუბრა.

ვიქტორ ურსოის თქმით, საქართველო და მოლდოვა თავისი განვითარების გზით ერთმანეთის მსგავსი ქვეყნებია. ორივე სახელმწიფოს სუსტი ეკონომიკა, ტერიტორიული პრობლემები და პროდასავლური კურსი აქვს. ეს უკანასკნელი გარემოება კი რუსეთს ძლიერ აღიზიანებს და ცდას არ აკლებს, რომ ყოფილი "მოძმე რესპუბლიკები" კვლავ თავისი გავლენის სფეროს დაუბრუნოს.

მოლდოველი ანალიტიკოსის თქმით, რიგ გარემოებათა გამო მოლდოვაზე ვიზალიბერალიზაციის პროცესმა სასურველი სოციალ-პოლიტიკური შედეგები ვერ გამოიღო, რაშიც, მისი აზრით, პირველ რიგში დამნაშვე თავად მოლდოვური საზოგადოებაა.

"ვიზალიბერალიზაციის პროცესი მოლდოვის მოსახლეობაზე თითქმის არ ასახულა. მიზეზი ამისა არის ის, რომ მოლდოველთა დაახლოებით 60% რუმინეთის მოქალაქეა. დიახ, ჩვენი კანონი აძლევს ადამიანს უფლებას ჰქონდეს ორი ან სამი მოქალაქეობა. შესაბამისად, ადგილობრივთა დიდი ნაწილისათვის ევროკავშირის ტერიტორიაზე გადაადგილება არც აქამდე იყო დიდი პრობლემა. ბევრი მოლდოველი, რუმინული პასპორტის მქონე, მუშაობს იტალიაში, საბერძნეთში, რუმინეთში და სხვა ევროპულ ქვეყნებში და ასე არჩენს თავის ოჯახს," - თქვა ურსოიმ.

იგი დასძენს, რომ საქართველოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი მოლდოვაზე ადრე უნდა მიეღო.

"მე პირადად მიმაჩნია, რომ ვიზა ლიბერალიზაციის პროცესი საქართველოს მიმართ მოლდოვაზე ბევრად უფრო ადრე უნდა ამოქმედებულიყო. რატომ? იმიტომ რომ სახელმწიფო მართვის სისტემა თქვენს ქვეყანაში გაცილებით უფრო გამჭვირვალე, დემოკრატიული და ევროპული სტანდარტების შესაბამისია, ვიდრე ჩვენთან," - ამბობს ანალიტიკოსი.

საქართველოსათვის სავიზო რეჟიმის გაუქმება, ქართველი პოლიტიკოსების აზრით, ოკუპირებულ ტერიტორიზე მცხოვრებ ბევრ აფხაზსა და ოს მოქალაქეს ქართული პასპორტის აღებისაკენ უბიძგებს. აღსანიშნავია, რომ ანალოგიური პრობლემის მქონე მოლდოვაში, სეპარატისტული დნესტრისპირეთი ოფიციალურ დონეზე, მართალია, გულგრილად შეხვდა მოლდოვისათვის ვიზალიბერალიზაციის პროცესს, თუმცა 2015 წლის დეკემბრისათვის მოლდოვური ბიომეტრული პასპორტი უკვე 97 000 დნესტრისპირელს ჰქონა აღებული.

"დნესტრისპირელები, რომლებსაც სურდათ ევროპაში წასვლა, ვიზალიბერალიზაციის პროცესამდეც ხშირად იღებდნენ მოლდოვურ და შემდეგ რუმინულ პასპორტებს, თუმცა ევროპაში უვიზოდ მიმოსვლის პერსპექტივამ მოლდოვის მოქალაქეობის მსურველ დნესტრისპირელთა რაოდენობა მნიშვნელოვანწილად მაინც გაზარდა.

"მიჭირს იმის თქმა, როგორ აისახება ეს აფხაზეთისა და ე.წ. "სამხრეთ ოსეთის" მოსახლეობაზე, რადგანაც ჩვენთან 1992 წელს მომხდარი კონფლიქტი არ იყო ეთნიკური და თანაც დნესტრისპირულ და მოლდოვურ საზოგადოებებს ერთმანეთში დღესდღეობით კომუნიკაციისა და ერთმანეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაადგილების პრობლემა ნაკლებად უდგათ.

"ქართულ, ოსურ და აფხაზურ საზოგადოებებში ურთიერთობა კი უფრო რთულია და ომებისაგან მიყენებული იარები ჯერ ბოლომდე მოშუშებული არ არის. თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ამ პროცესმა ბევრი ოსი და აფხაზი პირი, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა, ქართული პასპორტის აღების საკითხზე დააფიქროს," - თქვა ურსოიმ "რეზონანსთან" საუბრისას.

მისივე განცხადებით, მოლდოვურ პასპორტებზე მოთხოვნა უკრაინის მოქალაქეთა შორისაც მაღალია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×