თამთა ჩაჩანიძე
09.04.2024

არდადეგების შემდეგ, აშშ-ის კონგრესი მოვალეობის შესრულებას 9 აპრილს უბრუნდება. ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი, რომელსაც კონგრესმენები განიხილავენ, ესაა უკრაინის დახმარების პაკეტი, რომლის წარდგენაც წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, რესპუბლიკელმა მაიკ ჯონსონმა დააანონსა. ახალი პაკეტის გარკვეულმა დეტალებმა უკვე გაჟონა მედიაში და ამ ცნობების თანახმად, შესაძლოა კონგრესმა გაყინული რუსული აქტოვების უკრაინისთვის გადაცემაზეც იმსჯელოს.

ჯიპას ასოცირებული პროფესორი და ანალიტიკოსი თენგიზ ფხალაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ კონსულტაციები დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის არდადეგების დროსაც მიდიოდა და ეს სცენარებიც ამის ნიშანია. მისი თქმით, ახლა მეტი შანსია, რომ უკრაინის დახმარების საკითხი დროულად და დადებითად გადაწყდეს, ვიდრე ეს თუნდაც ერთი თვის წინ იყო.

61-მილიარდიანი პაკეტი, თუ რესუბლიკელი სპიკერის წინადადება

უკრაინის დახმარების პაკეტზე რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის დავის ერთადერთი შედეგი მხოლოდ ისაა, რომ ცნობილი პაკეტი ჯერჯერობით მხოლოდ სენატმა ამ წლის თებერვალში მიიღო, სადაც უმრავლესობა დემოკრატები არიან. პაკეტი მოიცავს 95,34 მილიარდი დოლარის ოდენობით დახმარებას უკრაინის, ისრაელისა და ტაივანისთვის. აქედან კიევს 61 მლრდ დოლარი უნდა გამოეყოს. ახლა კი ეს პაკეტი კონგრესმა უნდა დაამტკიცოს, სადაც უმრავლესობა რესპუბლიკელები არიან, რომელთა ნაწილი უკრაინის დახმარებას ეწინააღმდეგებიან.

დემოკრატები და პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია ყოფილ რესპუბლიკელ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს საბოტაჟში და არსებული სიტუაციის საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენებაში ადანაშაულებენ.

აღსანიშნავია, რომ რესპუბლიკელთა ნაწილი უკრაინის დახმარების წინააღმდეგი არაა და მათ შორისაა სპიკერი მაიკ ჯონსონი, რომელიც კანონმდებლებისთვის კანონპროექტის განსხვავებული ვერსიის შეთავაზებას აპირებს. როგორც „უოლ სთრით ჟურნალი" წერს, ჯონსონის წინადადების არსი შემდეგია - უკრაინის დახმარება მაქსიმალურად უნდა გადავიდეს ბიუჯეტის გარე წყაროებზე. სპიკერი მიიჩნევს, რომ დახმარების ნაწილი კიევისთვის სესხის სახით უნდა გაიცეს. ასევე მიზანშეწონილი იქნება პრეზიდენტ ბაიდენის მიერ თხევადი გაზის ექსპორტის ახალ პროექტებზე დაწესებული მორატორიუმის გაუქმება და აქედან მიღებული შემოსავლის უკრაინისათვის გადაცემა. გარდა ამისა, ამავე წყაროს ცნობით, ასევე განიხილება გაყინული რუსული აქტივების კონფისკაცია და მათი უკრაინისთვის გამოყენება.

როგორც „გარდიანი" წერს, აშშ-ში გაყინული რუსული აქტივების რაოდენობა 5 მილიარდ დილარს შეადგენს და იმ ოდენობის არაა, როგორიც ევროკავშირის ტერიტორიაზეა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ უკრაინაში რუსეთი სრულმასშტაბიანი შეჭრის საპასუხოდ, დასავლეთის ქვეყნებმა 300 მილიარდი დოლარის ღირებულების რუსული სუვერენული აქტივები გაყინეს. მას შემდეგ, რაც აშშ-მა უკრაინისთვის დახმარება შეაფერხა, ევროკომისიამ წინადადება წამოაყენა, რომ რუსეთისთვის გაყინული აქტივების მოგებიდან 90% დაიხარჯოს უკრაინისთვის იარაღის შესაძენად, თუმცა შეთანხმება კვლავ უნგრეთის პოზიციის გამო ვერ ხერხდება.

გამოცემა „პოლიტიკო" დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრების, დევიდ ქემერონისა და სტეფან სეჟურნეს ერთობლივ განცხადებას აქვეყნებს - დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი აფრთხილებენ აშშ-ს, რომ „მსოფლიო თვალს ადევნებს" უკრაინის დახმარების საკითხს.

დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დევიდ ქემერონმა მოუწოდა აშშ-ს, მეტი სამხედრო დახმარება გამოუყოს უკრაინას. მისი თქმით, ვლადიმერ პუტინი უკრაინაში თუ გაიმარჯვებს, „ჩვენ, ყველა დავმარცხდებით".

„უკრაინას მხარს თუ არ დავუჭერთ, ხარჯები გაცილებით მეტი იქნება, ვიდრე პუტინის მოგერიების ხარჯები. მსოფლიო გვიყურებს და დაგვსჯის, თუ ამას ვერ შევძლებთ", - აღნიშნულია მინისტრების ერთობლივ განცხადებაში.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ჭურვების დეფიციტის გამო კონტრშეტევების განხორციელება არ შეუძლია და „თუ აშშ-ის კონგრესი მას სამხედრო დახმარებას არ აღმოუჩენს, უკრაინა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ომში დამარცხდება". უკრაინის დამარცხების შემთხვევაში კი, ზელენსკის თქმით, „რუსეთი შეტევებს სხვა ქვეყნებზეც განახორციელებს".

„ახლა მეტი შანსია, ვიდრე თუნდაც ერთი თვის წინ იყო"

ჯიპას ასოცირებული პროფესორი და ანალიტიკოსი თენგიზ ფხალაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ კონსულტაციები დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის არდადეგების დროსაც მიდიოდა და ეს სცენარებიც ამის ნიშანია. მისი თქმით, ახლა მეტი შანსია, რომ უკრაინის დახმარების საკითხი დროულად და დადებითად გადაწყდეს.

„მართალია, კონგრესი ახლა უბრუნდება ამ საკითხის განხილვას, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ აქამდე განხილვა არ მიმდინარეობდა. მიდიოდა მსჯელობა იმ კომპრომისულ ვარიანტებზე და სცენარებზე, რაც შეიძლება მისაღები აღმოჩნდეს როგორც რესპუბლიკელების, ასევე დემოკრატებისთვისაც. ეს სცენარები ზუსტად ამ მსჯელობის შედეგია.

„საბოლოო ჯამში ეს რა სახეს მიიღებს, ამას დრო გვაჩვენებს. თავის მხრივ, უკრაინაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მისთვის ეს ვარიანტი, სადაც ნაწილი დახმარებაა და ნაწილი კრედიტი, მისაღებია. ახლა მეტი შანსია, რომ ეს საკითხი დროულად გადაწყდეს დადებითად, თუმცა დაველოდოთ მოვლენებს.

„კრედიტი რესპუბლიკელების მოსაზრება და ინიციატივა იყო. ვიცი, რომ იყო ორ გუნდს შორის კონსულტაციები. ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერი დასრულებულია, მაგრამ კომპურომისული ვარიანტის კონტურები იკვეთება და მიმაჩნია, რომ ახლა მეტი შანსია ამ გადაწყვეტილების მიღების, ვიდრე თუნდაც ერთი თვის წინ იყო", - განაცხადა ფხალაძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×