"კანდიდატობის პერიოდში ბევრი ემოციური განცხადება ჰქონდა გაკეთებული, მაგრამ, პრეზიდენტობისას განსხვავებული ნაბიჯები გადადგა"
ნატალია ჯვარიძე
08.04.2024

„ვაშინგტონ პოსტის" ინფორმაციით, ადამიანები, რომლებიც ტრამპის გეგმებს იცნობენ, ანონიმურობის დაცვით აცხადებენ, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებასთან დაკავშირებით ტრამპის წინადადება უკრაინის მიერ ყირიმისა და დონბასის რუსეთისთვის დათმობას გულისხმობს. როგორც სტატიაშია აღნიშნული, ტრამპი ამ საკითხზე კიევზე ზეწოლის მოხდენას აპირებს, ეს მიდგომა კი აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკისგან რადიკალურად განსხვავდება.

ანონიმური წყარო ცნობით, ტრამპი მიიჩნევს, რომ რუსეთსაც და უკრაინასაც შექმნილი სიტუაციიდან გამოსვლა ისე სურთ, რომ ორივემ სახის შენარჩუნება შეძლონ. უკრაინის ზოგიერთი ნაწილის მცხოვრები კი წინააღმდეგი არ არის, რომ რუსეთის შემადგენლობაში აღმოჩნდნენ.

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ტრამპის ზოგიერთი მოკავშირე ტრამპის დარწმუნებას ცდილობდა, რომ ამ მიდგომაზე უარი ეთქვა, რადგან ეს უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის კონტროლის აღიარებას და ვლადიმერ პუტინის გავლენის სფეროს გაფართოებას ნიშნავდა.

„ვაშინგტონ პოსტთან" საუბარში სენატორი ლინდსი გრემი აცხადებს, რომ ის თავისი დროისს 100%-ს ტრამპთან უკრაინის შესახებ დიალოგში ხარჯავს. გრემი მიიჩნევს, რომ პუტინმა გარკვეული საფასური უნდა გადაიხადოს და მან ომში არ უნდა გაიმარჯვოს. მისივე აზრით, ომი მხოლოდ უკრაინის ნატოსა და ევროკავშირში შესვლის გზით დასრულდება, თუმცა, იგი ამბობს, რომ ტრამპი ამაზე ძალიან ცოტას ლაპარაკობს.

„ტრამპის გეგმის შესახებ ნებისმიერი სპეკულაციები ანონიმური და არაინფორმირებული წყაროებიდან მოდის, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ რა ხდება და რა მოხდება". - განაცხადა დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო შტაბის პრესსპიკერმა, კეროლაინ ლივიტმა.

ჯიპას ასოცირებული პროფესორი, თენგიზ ფხალაძე ამ ინფორმაციის უტყუარობაში დარწუმებული არ არის. მისივე თქმით, ტრამპს, რომ ნამდვილად ეთქვა, განსაკუთრებული მნიშვნელობა მაინც არ აქვს, რადგან მას არანაირი პასუხიმგებლობა არ აკისრია და ხშირად იძახის ერთს და აკეთებს მეორეს. როგორც მან აღნიშნა, ტრამპი თუ ამას პრეზიდენტობის პერიოდში იტყოდა, მაშინ საშიში იქნებოდა, ახლა კი არა.

„მე ამ ინფორმაციას არ შევხედავდი, როგორც უტყუარს, რადგან ეს თვითონ ტრამპის განცხადება არ ყოფილა და რომელიღაცა წყარომ გამოიტანა, ასე რომ, ჩვენ არ ვიცით რეალურად რა თქვა. ეს, რომ ტრამპს ნამდვილად განეცხადებინა, მაინც არ ნიშნავს, რომ ამას გააკეთებს, რადგან აშშ-ში გადაწყვეტილების მიღება და მისი მექანიზმი აბსოლიტურად განსხვავებულია, ასე დამოუკიდებლად ამას ვერ იზამს.

„ერთია, როცა ადამიანი არჩევნების კანდიდატობის პერიოდში მსგავსი არასწორი კონტექსის განცხადებას, რომ აკეთებს და სულ სხვაა, როდესაც ამ ქმედებას ახორციელებს, მაშინ როცა სახელმწიფო მეთაური ხდება.

„მითუმეტეს, როდესაც დონალდ ტრამპზე ვლაპარაკობთ, რომელსაც პრეზიდენტობის კანდიდატობის პერიოდში ბევრი ემოციური განცხადება ჰქონდა გაკეთებული, მაგრამ მისი პრეზიდენტობისას განსხვავებული ნაბიჯები გადაიდგა.

„ამიტომ, მე ამას დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ, რადგან ადამიანი აცხადებს რაღაცას, რომელსაც არანაირი პასუხიმგებლობა არ აკისრია. ის, რომ მოქმედი პრეზიდენტი ყოფილიყო და ეს ეთქვა, მაშინ ძალიან საშიში იქნებოდა. თან არც ვიცით ტრამპი გახდება თუ არა პრეზიდენტი". - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×