თამთა ჩაჩანიძე
07.04.2024

რუსეთის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის გასასამართლებლად სპეციალური ტრიბუნალი, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე შეიქმნება. დეკლარაციას „სამართლიანობის აღდგენა უკრაინისთვის" ჰააგაში 44 მა სახელწმიფომ დაუჭრია მხარი, მათ შორის საქართველომაც. დასავლელი ლიდერები ორ ვერსიას განიხილავენ - მრავალმხრივი შეთანხმების საფუძველზე საერთაშორისო ტრიბუნალი, ან გამარტივებული გადაწყვეტილება უკრაინასა და ევროპულ საბჭოს შორის ორმხრივი შეთანხმებით.

მიდის თუ არა ამით დასავლეთი ვა-ბანკზე და დაიხურა თუ არა საბოლოოდ რუსეთთან მოლაპარაკების შესაძლებლობა? ანალიტიკოსთა შეფასებები ამ მხრივ არაერთგვაროვანია. ნაწილი მიიჩნევს, რომ მოლაპარაკების შესაძლებლობა ჯერ კიდევ რჩება, თუმცა სპეცტრიბუნალის შექმნა იმას ნიშნავს, რომ უკრაინაში რუსეთის მოქმედებებს ოფიციალურად მიეცემა სამართლებრივი შეფასება, რაც როგორც ზოგადად რუსული სახელმწიფოს, ისე მიდი კონკრეტული წარმომადგენლების საერთაშორისო იზოლაციას კიდევ უფრო გააძლიერებს.

დეკლარაცია „სამართლიანობის აღდგენა უკრაინისთვის"

დეკლარაცია 2 აპრილის ჰააგის კონფერენციაზე მიიღეს. მასში 55 სახელმწიფო მონაწილეობდა და დოკუმანტს მხარი 44-მა დაუჭირა, მათ შორის საქართველომ, აშშ-მა, კანადამ, იაპონიამ, მოლდოვამ და ბრიტანეთმა. მხარდამჭერი ქვეყნები მიესალმებიან ამ კუთხით მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს და მოუწოდებენ „დაინტერესებულ სახელმწიფოებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, გააძლიერონ ძალისხმევა ამ პროცესის დასასრულებლად საიმედო სამართლებრივი ჩარჩოს და ფართო საერთაშორისო მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად". როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, „რუსეთმა აგრესიული ომისთვის პასუხი უნდა აგოს... საერთაშორისო საზოგადოებას აქვს პასუხისმგებლობა, პატივი სცეს გაეროს წესდებას და უზრუნველყოს, რომ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაული დაუსჯელი არ დარჩეს".

იუსტიციის საკითხებში ევროკომისარი დიდიე რეინდერსი „დოიჩე ველესთან" აღნიშნავს, რომ ტრიბუნალი, დიდი ალბათობით, წლის ბოლოსთვის შეიქმნება.

„ჩვენ განვიხილავთ ამ ტრიბუნალს სხვადასხვა საერთაშორისო აქტორებთან. ახლა განიხილება ორი ძირითადი ვარიანტი: საერთაშორისო ტრიბუნალი, რომელიც დაფუძნებულია მრავალმხრივ შეთანხმებაზე, ან გამარტივებული გადაწყვეტილება, რომელიც ეფუძნება ორმხრივ შეთანხმებას უკრაინასა და ევროსაბჭოს შორის", - თქვა ევროკომისარმა.

რეინდერსი მიიჩნევს, რომ ტრიბუნალის შექმნა ბოლო ეტაპზეა, მისი თქმით, „შემდეგი ნაბიჯი პოლიტიკური ნების საკითხია. ახლა მხოლოდ წლის დასაწყისია და წლის ბოლომდე ეს შესაძლებელი გახდება".

ნიდერლანდები მზადაა სპეციალურ ტრიბუნის მასპინძელი იყოს, ამას კონფერენციის მონაწილეებიც მიესალმნენ. მათი შეფასებით, ეს ლოგიკურია, რადგან გარდა იმისა, რომ ჰააგა მსოფლიო მართლმსაჯულების დედაქალაქია, აქ ფუნქციონირებს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულის გამოძიების საერთაშორისო ცენტრი, რომელიც „ევროჯასტთან" და საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოსთან ერთად იძიებს რუსეთის აგრესიის შედეგად ჩადენილ დანაშაულებს. 2023 წლის ივლისიდან ამ ცენტრში პროკურორთა საერთაშორისო ჯგუფი აანალიზებს სხვადასხვა ქვეყნების მიერ მიწოდებულ მტკიცებულებებს მონაცემთა ბაზაში, ეს კი შემდგომში გადაეცემა სპეციალურ ტრიბუნალს.

დაიკეტა თუ არა მოლაპაკაკების შესაძლებლობა რუსეთ-უკრაინის ომში

როგორც ჯიპას ასოცირებული პროფესორი და ანალიტიკოსი თენგიზ ფხალაძე „რეზონანსთან" აცხადებს, ეს გადაწყვეტილება მიშნავს, რომ არ აპირებენ პუტინთან მოლაპარაკებებს და დასავლეთის მხრიდან რუსეთ-უკრაინის ომში ისეთი სცენარი არ განიხილება, რასაც რუსეთის მოგება ჰქვია.

„ის, რომ არ აპირებენ მასთან (პუტინთან) მოლაპარაკება აწარმოონ და მიჩნეულია, როგორც საერთაშორისო მასშტაბის დამნაშავე, ეს აზრი უფრო და უფრო ბევრ ქვეყანაში იკიდებს ფეხს. საკითხი იმდენად უპრეცედენტოა, რომ ასეთი რამე არ მომხდარა - გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის, გაეროს დამფუძნებელი ქვეყნის სახელმწიფოს მეთაურის, თან გადამდგარის კი არა, მოქმედის მიმართ ასეთი რამ რომ გაკეთდეს.

„რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, რუსეთი არის იმ საერთაშორისო სამართლებრივი სტატუსის ქვეყანა, რომელიც თვითონ არის ყველაზე მეტად პასუხისმგებელი საერთაშორისო სამართლის დაცვაზე და საერთაშორისო პრინციპების სადარაჯოზე უნდა იდგეს. ესაა სახელმწიფო, რომელსაც განსაკუთრებული როლი აქვს როგორც გაეროში, ისე ეუთოში და ა.შ. დღეს კი რეალურად კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულს სჩადის.

„ეს უპრეცედენტო მოვლენაა, თუმცა ყველაფერი აქეთკენ მიდის და შესაძლოა ეს მართლაც წელსვე განხორცეილდეს. ამ შემთხვევაში სამართლებრივი შეფასება მიეცემა იმ ქმედებებს, რასაც ჩვენ კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულს ვეძახით. შედეგები იქნება როგორც რუსეთისთვის, ისე კონკრეტული პიროვნებების მიმართ.

„როცა ასეთი გადაწყვეტილება მიიღება, მისი აღსრულება უფრო რთული თემაა, რადგან პუტინის დასაკავებლად მოსკოვში არავინ არ ჩავა. მაგრამ ეს მის გარემოცვას ძალიან დიდ პრობლემებს შეუქმნის. ეს იმას ნიშნავს, რომ ის და მისი გარემოცვა ვეღარ გადაადგილდებიან იმ ქვეყნებში, რომლებიც გასცემენ ორდერს, თუ მიიღებენ ამ გადაწყვეტილებას.

„ეს ნიშნავს ძალიან სერიოზულ იზოლაციას, რაც დიდ შედეგებს გამოიწვევს არა მხოლოდ ამ პიროვნებებთან, არამედ ზოგადად რუსეთთან მიმართებაში, რადგან თუკი აღიარებულია, რომ ამ ქვეყანას კრიმინალური რეჟიმი მართავს, მაშინ იმ ქვეყნის მიმართ დამოკიდებულება ბუნებრივია იცვლება", - განაცხადა ფხალაძემ.

მისივე თქმით, ეს ნიშნავს, რომ მოლაპარაკება პუტინის რეჟიმთან არ იქნება და „ამ შემთხვევაში ვა-ბანკზე წავიდა რუსეთი" და არა დასავლეთი.

„ამ შემთხვევაში ვა-ბანკზე რუსეთი წავიდა და დასავლეთს სხვა გზა არ დარჩა - რამდენჯერაც მოლაპარაკებების მცდელობა იყო, პუტინმა ეს ყველაფერი აღიქვა, როგორც დასავლეთის სისუსტე და გარდა იმისა, რომ მოატყუა და დაპირებები არ შეასრულა, კიდევ უფრო აგრესიულ ქმედებებზე გადავიდა და ამიტომ სხვა გამოსავალი უბრალოდ აღარ დარჩა", - განაცხადა ფხალაძემ.

ამასთან, ფხალაძე დასძენს, რომ ეს გადაწყვეტყილება ნიშნავს იმასაც, რომ დასავლეთის მხრიდან რუსეთ-უკრაინის ომში ისეთი სცენარი არ განიხილება, რასაც რუსეთის მოგება ჰქვია. ამბობს, რომ დასავლეთში „დღესდღეისობით ეს განწყობა ნამდვილად არის".

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია კი „რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ ტრიბუნალის შექმნა მოლაპარაკებების ფანჯარას არ დახურავს.

„თუ პრეცედენტის კუთხით განვიხილავთ, ასეთი ვარიანტი იყო მილოშევიჩის დროს - შეიქმნა სპეციალური სასამართლო კოლეგია, რომელმაც მისი საქმე განიხილა და ახლაც მასშტაბები ასეთი იქნება. მაშინ მილოშევიჩი გადააყენეს სერბეთში და დააპატიმრეს. ახლა პუტინთან მიმართებაში ეს ცოტა გაჭირდება. პუტინს დამატებით ბავშვების ტრეფიკინგში სდებენ ბრალს, რაც საკმაოდ მძიმე დანაშაულია, მილოშევის კი მხოლოდ ეთნიკური წმენდის საკითხი ჰქონდა.

„პუტინი ისევ მოქმედი პრეზიდენტია. როგორ აირჩა, ამას ახლა მნიშვნელობა არ აქვს. რომ აუკრძალონ ქვეყნის გარეთ გასვლა, მისთვის პრობლემა არაა - იმ ქვეყნებში წავა, რომლებსაც აღნიშნულ დოკუმანტზე ხელი არ ექნებათ მოწერილი.

„ჩემი აზრით, ეს არ ნიშნავს ყველანაირ მოლაპარაკებებზე უარის თქმას რუსეთთან. ჯერ ერთი, პუტინს თავისი პირობები აქვს, რაზეც არც უკრაინა წავა და არც დასავლეთი. თუ რუსეთ-უკრაინის ომი არასასურველი სცენარით - რუსეთის მოგებისკენ წავიდა, მოხდება ის, რომ პუტინს დაუსწრებლად გამოუტანენ დაპატიმრების განაჩენს და დასრულდება ეს საქმე.

„რუსეთში ამ განაჩენს არავითარი გავლენა არ ექნება. რუსული სამართლებრივი გარემო ისეთია, რომ შიდა სამართლებრივი საკითხები უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე საერთაშორისო", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×