ნატალია ჯვარიძე
27.03.2024

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტობიას ბილსტრომმა განაცხადა, რომ ნატო უკრაინისთვის საკმარისს არ აკეთებს და რუსეთს მეტი სტრატეგიული სირთულე უნდა შეუქმნას. ანალიტიკოსების აზრით, ნატო უკრაინას იარაღის მიწოდებისთვის მოლაპარაკებას ძალიან წელავს და შესაძლოა უკრაინაში ნატოს ჯარები შევიდნენ.

„ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთი მეზობელია, რომელიც უპასუხისმგებლოდ იქცევა და მსოფლიოს ბირთვული იარაღის მუქარითა და დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფოების ხარჯზე ყოფილი იმპერიის აღდგენის იდეით აშინებს. ჩვენ ამას ბოლო უნდა მოვუღოთ. რუსეთს მეტი სტრატეგიული სირთულე უნდა შევუქმნათ. ნატო ამისათვის საკმარისს არ აკეთებს. ამ ქვეყნებმა უნდა გააცნობიერონ, რომ კონფლიქტი არსებობს და ჩვენ მას უნდა გავუმკლავდეთ" -განაცხადა ტობიას ბილსტრომმა.

შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორის ნიკა ჩიტაძის აზრით უმჯობესი იქნება თუ ნატო უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შესახებ მოლაპარაკების პერიოდს დააჩქარებს და დროულად აღმოუჩენს დახმარებას. ასევე, უკეთესი იქნება თუ ხშირად გაამხნევებს და მათი ალიანსში გაწევრიანების შესახებ მკვეთრ განცხადებებს გააკეთებს.

„უკრაინისთვის ნატოს მხრიდან იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით გარკვეულწილად პრობლემებია. განსაკუთრებით, აქ ლაპარაკია ჰაერ და რაკეტ საწინააღმდეგო სისტემებზე, ასევე დრონებზე, რომელიც მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„უკრაინისთვის დახმარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესი აშშ-ში ხშირად ფერხდება. უმჯობესი იქნება თუ ეს პერიოდი არ გაიწელება და ოპერატიულად იმოქმედებენ. უკრაინას ნატოს მხრიდან მოტივაცია სჭირდება და კარგი იქნება თუ ალიანსი ხშირად მკვეთრ განცხადებებს მათი გაწევრიანების შესახებ გააკეთებს.

„ნატო ჯერჯერობით ომში ჩართვას ვერ ახერხებს, თუმცა, რუსეთს გარკვეულ სირთულეებს უქმნის, თუნდაც ალიანსში ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებით. ასე რომ, ჩვენ მათი მხრიდან წინააღმდეგობებს კიდევ უნდა ველოდოთ.

„ნატოს წევრი ქვეყნები ჯერჯერობით უკრაინის ტერიტორიაზე ჯარების შეყვანისგან თავს იკავებენ, თუმცა, გამორიცხული არ არის ეს მომავალში მოხდეს. ოღონდ ლაპარაკი არ არის უშუალოდ ომში ჩართვაზე, აქ იგულისხმება უკრაინის ჯარის სამხედრო წვრთნების ორგანიზაციისთვის. როგორც საფრანგეთმა განაცხადა უკრაინაში ჯარების შესაძლო შეყვანაზე, სხვა ქვეყნებმაც, რომ გამოთქვან ამის სურვილი რა თქმა უნდა მისასალმებელი იქნება, თუმცა, ამ ეტაპზე ნატოს ქვეყნები თავს არიდებენ"- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

ჯიპას პროფესორს თენგიზ ფხალაძესაც მიაჩნია, რომ ალიანსი მოლაპარაკების პერიოდს წელავს. იგი არც იმას გამორიცხავს, რომ ნატოს ჯარები უკრაინის ტერიტორიაზე შევიდეს, ოღონდ არა ომის წინა ფრონტზე, არამედ სხვადასხვა სტრატეგიული ობიექტების დასაცავად.

„ნატო უკრაინის დასახმარებლად მოლაპარაკების პროცესს ძალიან წელავს და სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ იგი რუსეთს საკმარის წინააღმდეგობას ვერ უწევს. აქ საუბარია, სამხედრო იარაღზე, რომელსაც ალიანსი უკრაინას უგზავნის.

„ნატოს ჯარების შეყვანას უკრაინის ტერიტორიაზე არ გამოვრიცხავ, ვინაიდან მგონია, რომ ეს იდეა მხოლოდ საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის იდეა არ არის და ამაში სხვა ქვეყნებიც მონაწილეობენ, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ისინი მაინც და მაინც ფრონტის წინა ხაზზე იდგებიან. შესაძლოა მათ რომელიმე სტრატეგიული ობიექტი დაიცვან. თუმცა, უახლოეს მომავალში ეს დაგეგმილი არ არის" - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×