ნატალია ჯვარიძე
23.03.2024

რუსეთის სპეცსამსახურებს ამ ეტაპისთვის 11 ადამიანი ჰყავთ დაკავებული, რომელთაც ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტერორისტული აქტის მომზადება და განხორციელება ედებათ ბრალად. ანალიტიკოსები კი იმაზე მსჯელობენ, თუ როგორი იქნება კრემლის პასუხი 22 მარტს მოსკოვში დატრიალებულ სისხლისღვრაზე.

22 მარტს, მოსკოვის საკონცერტო დარბაზ „კროკუს სითი მოლში“, სადაც ჯგუფ „პიკნიკის“ კონცერტი უნდა დაწყებულიყო, კამუფლირებულ სამხედრო ფორმაში ჩაცმული ოთხი პირი სროლით შეიჭრა და ცეცხლი გახსნეს. მოგვიანებით მათ დარბაზს ცეცხლი წაუკიდეს, რის შედეგადაც შენობა პრაქტიკულად მთლიანად დაიწვა.

დაიღუპა 133 ადამიანი და დაშავდა 120-ზე მეტი. გარდაცვალების მთავარი მიზეზებია ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა და ხანძრის კვამლით გაგუდვა.

ინტერნეტში გავრცელდა თვითმხილველთა გადაღებული მძიმე შინაარსის ვიდეოები, სადაც უდანაშაულო ადამიანების ჩაცხრილვაა აღბეჭდილი.

რუსმა ძალოვნებმა 11 ეჭვმიტანილი დააკავეს და მათი დაკითხვის კადრები ასევე უკვე გავრცელდა ინტერნეტში.

რაც შეეხება დაზარალებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების შესაძლო ყოფნას, ამ ეტაპზე დაზუსტებით ისაა ცნობილი, რომ თავდახმის დროს დარბაზში ქართველი გოგონა, სოფიკო კვირიკაშვილიც იმყოფებოდა. ახალგაზრდა ქალი სიკვდილს სასწაულით გადაურჩა. ამის შესახებ ინფორმაცია მისმა მეგობარმა სოციალურ ქსელ „ინსტაგრამზე“ გაავრცელა. „ფეისბუქ“ გვერდი „მოსკოვი-თბილისი“ წერს, რომ სოფიკო კვირიკაშვილი სცენიდან ავარიული გასასვლელით გავიდა.

შაბათს საქართველოს მთავრობამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა.

„საქართველოს მთავრობა გმობს მოსკოვში მომხდარ შემზარავ ტერორისტულ აქტს, რომლის შედეგად ათეულობით უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა. ვუსამძიმრებთ რუს ხალხს და ვუსამძიმრებთ დაღუპულების ოჯახებს. დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, - ნათქვამია განცხადებაში.

საით მიდის კვალი

თავდასხმიდან რამდენიმე წუთში რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ თუ დადგინდა ტერაქტში უკრაინის მონაწილეობა, მათთვის იგივე პასუხი იქნება, რადგან მათთან და მათ შთამაგონებლებთან სხვანაირად მოქცევა შეუძლებელია. 

მედვედევის განცხადებას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი გამოეხმაურა და თქვა, რომ უკრაინას მომდართაბ არანაირი კავშირი არ აქვს.

„რუსეთის მოსკოვის ოლქში „კროკუს სითიში“ მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით, სადაც  გაურკვეველი სროლა, დაუდგენელი ადამიანების მხრიდან მოხდა ამასთან უკრაინა არაფერ კავშირშია. ჩვენ ტერორისტული მეთოდები არასდროს გამოგვიყენებია. მარტის დასაწყისში, დასავლეთის ქვეყნების საელჩოები რუსეთის ტერიტორიაზე დაგეგმილ ექსტრემისტულ აქციებთან დაკავშირებით ხშირად გაფრთხილდებდნენ“, - განაცხადა პოდოლიაკმა.

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ არანაირი მინიშნება არ არსებობს იმის შესახებ, რომ უკრაინა მოსკოვში თავდასხმასთან რაიმე კავშირში იყოს.

„რაც მოსკოვში მოხდა ნამდვილად შემზარავია, მაგრამ ამ ეტაპზე არ არსებობს არანაირი მინიშნება, რომ უკრაინა ან უკრაინელები ამ თავდასხმაში ჩრთულები იყვნენ“, - განაცხადა კირბიმ

კირბის განცხადებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, მარია ზახაროვა გამოეხმაურა და თქვა, რომ თეთრ სახლს არანაირი უფლება არ აქვს გასცეს დასკვნები და თუ ტერაქტის შესახებ აქვთ ინფორმაცია, მაშინ დაუყონებლივ რუსულ ხელისუფლებას უნდა გადასცენ.

„ვაშინგტონის ოფიციალური პირები რის საფუძველზე აკეთებენ დასკვნებს ვინმეს კავშირის არ ქონაზე? თუ აშშ-ს სარწმუნო მონაცემები აქვს, მაშინ დაუყონებლივ რუსეთის მთავრობას გადასცეს. თუ კი ასეთი მონაცემები არ არსებობს, მაშინ თეთრ სახლს ვინმესთვის დასკვნების გაკეთების უფლება არ აქვს“, - განაცხადა ზახაროვამ.

მოგვიანებით კრემლმა განაცხადა, რომ 11 ადამიანია დაკავებული და მათ შორის 4 ტერორისტი, რომლებიც უშუალოდ თავდასხმაში მონაწილეობენ. რუსულმა მედიამ მათი ვინაობა გაავრცელა, რომლის მიხედვით, ისინი ტაჯიკეთის მოქალაქეები არიან. 

ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს ამას და ამბობს, რომ სრული სიცრუეა და დეზინფორმაციის გავრცელება მათ თანამოქალაქეებს ზიანს აყენებს. 

„ჩვენი მოქალაქეების ტერაქტში მონაწილეობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეას. ასე რომ ყოფილიყო კიევი  მოგაწვდიდა ინფორმაციას. ამიტომ, გთხოვთ, რუსეთის სამთავრობო ხელისუფლების მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციას დაეყრდნოთ, რადგან დეფინფორმაციის გავრცელებამ შესაძლოა ჩვენს მოქალაქეებს ზიანი მიაყენოს“, - აცხადებს ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

საინფორმაციო სააგენტო „როიტერსმა“ კი გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოსკოვის „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. უფრო კონკრეტულად კი „აისისი“ ერთ-ერთმა დაჯგუფება „ჰორასანის ვილაიეთმა“. 

ამასთან, „ბიბისის“ ცნობით, ამერიკელი მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ აშშ-ს აქვს დაზვერვის მონაცემები, რომლებიც ადასტურებენ, რომ მოსკოვში თავდასხმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ განახორციელა. „ბიბისი“  ამერიკულ „სიბიესზე“ დაყრდნობით იუწყება, რომ არსებობს ინფორმაციის მუდმივი ნაკადი იმის შესახებ, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ დიდი ხანია რუსეთისთვის დარტყმის მიყენება სურდა. როგორც მათ აღნიშნეს, ეს ინფორმაცია ვაშინგტონმა რუსეთის მთავრობას მიაწოდა, იმის მიუხედავად, რომ მათ ცივი ურთიერთობა ჰქონდათ.  მათივე თქმით სავარაუდოდ, ამერიკის დეპარტამენტი მოსკოვში მყოფ მათ თანამოქალაქეებს სწორედ ამ ინციდენტის გამო მოუწოდებდნენ, რომ თავი აერიდებინათ ხალხმრავალ შეკრებებსა და კონცერტებზე დასწრებისგან.

მიუხედავა ამისა, „ეფესბე“ მომხდარში უკრაინულ კვალს ბოლომდე მაინც არ გამორიცხავს - მათი ინფორმაციით, თავდასხმის მონაწილეები უკრაინაში აპირებდნენ გაქცევას, სადაც მათ „შესაბამისი კონტაქტები“ ჰქონდათ.

კვირას მოსახლეობისადმი საგანგებო მიმართვაში იგივე გაიმეორა ვლადიმირ პუტინმაც, რომლის თქმითაც ტერორისტებისთვის უკრაინულ მხარეს საზღვარზე „ფანჯარა“ ჰქონდა გამზადებული.

მოვლენების ქრონოლოგია

22 მარტს, ადგილობრივი დროით დაახლოებით საღამოს 8 საათზე, როდესაც „კროკუს სიტი ჰოლში“ ჯგუფ „პიკნიკის“ კონცერტი უნდა დაწყებულიყო, შენობაში ავტომატებით შეიარაღებული და კომუფლირებულ სამხედრო ტანსაცმელში გამოწყობილი 5 მამაკაცი შევარდა. 

გამოძიების ინფორმაციით, ისინი შენობაში ორი ჯგუფად შევიდნენ - უკანა შესასვლელიდან და მთავარი შესასვლელიდან. პირველ რიგში მათ დახოცეს შენობის დაცვის წევრები, რომლებსაც ცეცხლსასროლი იარაღი არ ჰქონდათ და მხოლოდ ელექტროშოკერებით იყვნენ შეიარაღებული. ამის შემდეგ კი ფოიეშივე დაიწყეს ხალხის დახოცვა.

დარბაზში იმ მომენტისათვის დაახლოებით 6 200 ადამიანი იმყოფებოდა. მათმა დიდმა ნაწილმა სხვადასხვა გზით მოახერხა „კროკუსიდან“ გამოსვლა. ნაწილმა შენობის მიწისქვეშა პარკინგზე ჩაასვლა შეძლო და იქიდან დატოვა შენობა, ნაწილმა სახურავზე ასვლა შეძლო, საიდანაც მოგვიანებით მაშველებმა ჩამოიყვანეს. ხალხი ამსხვრევდა ფოიეს შუშებს და ისე გამორბოდა შენობიდან.

თავად შენობაში მოხდა ორი მძლავრი აფეთქება. ბოლო მათგანი - ადგილობრივი დროით 21:30-ზე. ამის შემდეგ კროკუსში ხანძარი გაჩნდა. 22:00-ზე მეხანძრეებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ცეცხლი 13 ათას კვადრატულ მეტრზე იყო მოდებული.

დაახლოებით 22:00-ზე დაიწყო სახურავის ჩამონგრევა. ხანძრის საბოლოოდ ჩაქრობა კი ღამის პირველ საათზე მოხერხდა. 

მანამდე, დაახლოებით 00:30-ზე გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ თავდამსხმელებმა შენობის დატოვება შეძლეს და თეთრი ფერის „რენოთი“ მიიმალნენ. „ეფესბემ“ გაავრცელა მათი მანქანის კადრიც სათვალთვალო კამერების ჩანაწერიდან, სადაც ერთ-ერთი თავდამსხმელის სახე გარკვევით ჩანდა.

რამდენიმე წუთში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შენობაში მყოფმა სპეცდანიშნულების რაზმი, ძლიერი დაკვამლიანების გამო, იძლებული გახდა შენობა დაეტოვებინა.

ვინ იყვნენ თავდამსხმელები

„ეფესბეს“ ცნობით, ამ ეტაპზე დაკავებულია 11 ადამიანი, რომელთაგან 4 უშუალოდ თავდასხმაში მონაწილეობდა. მათივე ინფორმაციით, სათვალთვალო კამერების ჩანაწერების ანალიზი იმის თქმის საშუალებას იძლევა, რომ თვდამსხმელები კარგად იყვნენ ორგანიზებული და მომზადებული და მათ, სავარაუდოდ, საბრძოლო გამოცდილებაც აქვთ.

ისინი შეიარაღებული იყვნენ ავტომატებითა და ადვილად აალებად სითხეებით. ამასთან, ამ შეიარაღების ნაწილი სამალავებში ჰქონდათ დამალული. მათი გადაადგილებიდან ჩანს, რომ წინასწარ ჰქონდა შესწავლილი „კროკუსის“ შენობა. მოგვიანებით კი ისინი შენობიდან გამომავალი ხალხის ტალღას შეერივნენ და ასე შეძლეს გაქცევა.

თავდაპირველად რუსულმა სპეცსამსახეურებმა გაავრცელეს 5 ეჭვმიტანილის ფოტო მათი ვინაობის მითითებით და განცხადეს, რომ ისინი ტაჯიკეთის მოქალაქეები იყვნენ. ეს ინფორმაცია გადაჭრით უარყო ტაჯიკეთის ხელისუფლებამ და შესაბამისი მტკიცებულებებიც წარმოადგინა. მათი ინფორმაციით, ეჭვმიტანილთა ამ სიიდან 2 მამაკაცი შარშან ნოემბერში დაბრუნდა მოსკოვიდან სამშობლოშ და მას შემდეგ ტაჯიკეთში, საკუთარ სახლებში იმფოფებიან. კიდევ ერთი კი თავდასხმის დროს ქალაქ სამარაში იმყოფებოდა.

პირველი ცნობები ეჭვმიტანილთა დაკავების შესახებ რუსეთის დუმის დეპუტატმა ალექსანდრ ხინშტეინმა გაავრცელა. მისი ინფორმაციით, თეთრი ფერის „რენო“ ბრიანსკის ოლქში, სოფელ ხაცუნთან, უკრაინის საზღვრიდან 100 კილომეტრში დააკავეს. ისინი არ დაემორჩილენ პოლიციის მოთხოვნას და მიმალვა სცადეს. დევნის დროს მათი მანქანა ამოტრიალდა. ერთი დაჭრილი ეჭვმიტანილი მანქანაში დარჩა 3-მა კი ტყეს შეაფარა თავი. რუსმა სპეცრაზმელებმა კიდევ ერთი ეჭვმიტანილის დაკავება ტყეში მალევე შეძლეს.

უკვე 23 მარტს დილით კი „ეფესბემ“ ოფიციალური განცხადება გაავრცელა. რომლიეს მიხედვითაც ბრიანსკის ოლქში, რამდენიმე საათის ინტერვალშ, სულ 4 ეჭვმიტანილი დააკავეს. 

აღსანიშნავია, რომ, „ეფესბეს“ ინფრომაციით, ეჭვმიტანილები უკრაინის ტერიტორიაზე აპირებდნენ გადასვლას სადაც მათ „შესაბამისი კონტაქტები“ ჰქონდათ. თუმცა, მოგვიანებით საგანგებო განცხადება გაავრცელა რუსეთში ბელარუსის ელჩმა და აღნიშნა, რომ დაკავება ბელარუსის სპეცსამსახურების დახმარებით მოხერხდა, რომლებმაც ეჭვმიტანილებს საზღავრზე გადასვლის საშუალება არ მისცეს.

შაბათს შუადღისას კი ინტერნეტში გავრცელდა დაკავებულების დაკითხვის კარდები. აღსანიშნავია, რომ ოთხივე დაკავებულს რუსულად გამართულად საუბარი უჭირს. როგორც ჩანაწერიდან ჩანს, დაკითხვა ტყიან მასივში, უშუალოდ მათი დაკავებისთანავე მოხდა.

ერთ-ერთი დაკავებული გარკვევით ასახელებს თავის ვინაობასა და დაბადების თარიღს - შამსიდინ  ჰაუდულინი, 1998 წლის 17 სექტემბერი. აღიარებს, რომ დახოცა ხალხი. ასევე ამბობს, რომ ეს დავალება დაახლოებით ერთი თვის წინ მიიღო - იგი „ტელეგრამში“ თავისი მოძღვარის ქადაგებას უსმენდა. ქადაგების შემდეგ კი მას დაუკავშირდა მოძღვრის თანაშემწე, რომელსაც თავისი ვინაობა არ დაუსახელებია და შესთავაზა ანაზღაურების სანაცვლოდ თავდასხმაში მონაწილეობა.

ეჭვმიტანილი ამბობს, რომ შეიარაღება და ყველა საჭირო აღჭურვილობა თუ ინფორმაცი მას ანონიმურად მიაწოდეს. თავდასხმის შემდეგ კი საბანკო ბარათზე 500 ათასი რუბლი უნდა დარიცხულიყო.

რომელი ქვეყნის მოქალაქეა თავდამსხმელი და სად აპირებდა მიმალვას - უკრაინაში თუ ბელარუსში - ჩანაწერში ამაზე საუბარი არ არის.

შაბათს დღის მეორე ნახევარში კი „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებულმა ინტერნეტ რესურსმა - „ამაკმა“ უშუალოდ ტერორისტების მიერ გადაღებული თავდასხმის კადრები გაავრცელა. ჩანაწერში ჩანს 4 თავდასხმელი, რომლებიც ტაჯიკურად და არაბულად საუბრობენ. ისინი აუჩქარებლად და აუღელვებლად გადაადგილდებიან „კროკუსში“. ჩანაწერს თან მიყვება სუბტიტრები არაბულ ენაზე. თავად თავდამსხმელები კი პერიოდულად სკანდირებენ რელიგიურ ლოზუნგებს. 

ჩანაწერში ასევე ჩანს უარაღო ადამიანების პირდაპირ დახვრეტაც. თავად ტერორისტებს ჩანაწერში სახე დაფარული აქვთ და მათი ხმებიც შეცვლილია.

რას უნდა ველოდოთ პუტინისგან

ვახტანგ მაისაიას აზრით, უკრაინა მსგავს თავდასხმებს არ ახორციელებს და ისინი გარეულები არ არიან. პუტინი კი, აღნიშნულ ტერაქტს აუცილებლად იგივენაირად უპასუხებს.

„ტერორიზმს საზღვრები არ აქვს და ეს საერთაშორისო ბოროტებაა. „ისლამურმა სახელმწიფომ“ იგივე ტერაქტი არაერთ ქვეყანაში მოაწყო. დაჯგუფების მიზანი ახლა ის არის, რომ მსოფლიოს მათი არსებობა კიდევ ბევრჯერ შეხსენოს და თავი წარმოიჩინონ. აღნიშნულ ტერაქტთან რომ უკრანინა არაფერ კავშირშია, ეს თავად რუსეთმაც დაადასტურა. სისულელეა ამაზე ეჭვის გაჩენა, რადგან უკრაინის სპეცსამსახურების ხელწერა ნამდვილად არ არის. 

„ეს დივერსიული ჯგუფის მიერ მშვიდობიანი მოსახელობის მიმართ განხორხორციელებული თავდასხმა იყო, რომელსაც უკრაინა არ აკეთებს. ზუსტად იგივე სცენარი განმეორდა, რაც პარიზის 2015 წლის ტერაქტისას. როცა დაკავებულებს დაკითხავენ, ყველა ნიუანსი გამოიკვეთება და  დადგინდება ზუსტად ვინ იყო ამ საქმეში გარეული. პუტინი ამ საქმეს ისე არ დატოვებს და მათ მიმართ შურს იძიებს“, - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×