თამთა ჩაჩანიძე
01.03.2024

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მოკავშირეების კრიტიკული გამოხმაურებების მიუხედავად, უკან არ იხევს და აცხადებს, რომ მისი გამონათქვამი უკრაინაში ჯარის განთავსებაზე „კარგად აწონ-დაწონილი და გააზრებული იყო". სხვა დასავლელი ლიდერები კი ამ დრომდე კატეგორიულად უარყოფენ ამის შესაძლებლობას.

როგორც თსუ-ს პროფესორი და ანალიტიკოსი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" აცხადებს, მაკრონის პოზიცია გვაფიქრებინებს, რომ დასავლეთში რამდენიმე სცენარზეა მსჯელობა თუ რა კუთხით შეიძლება განვითარდეს უკრაინაში საომარი მოქმედებები და საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადება უფრო ნეგატიურ სცენარს უკავშირდება.

„აშკარად ჩანს, რომ დასავლეთში ამაზე ფიქრობენ და სხვადასხვა სცენარებია დამუშავებული, მათ შორის ალბათ ევროკავშირი სავარაუდო ყველაზე უარესი სცენარისთვის ემზადება. ამაში ის იგულისხმება, რომ მაგალითად თუ აშშ-ის ხელისუფლებაში ტრამპი მოვიდა და მართლა განახორციელა ის გეგმები, რაც გაცხადებული აქვს, მაშინ ევროპამ საკუთარი უსაფრთხოება თავის თავზე უნდა აიღოს და რაც მთავარია, ამ ომში უკრაინის დამარცხება არ უნდა მოხდეს.

„მათ ალბათ გარკვეული სცენარები აქვთ დამუშავეული და ერთ-ერთი სწორედ ამას გულისხმობს. თუ საქმე ყველაზე ცუდად წავიდა, მაშინ გამორიცხული არაა, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღონ. რა თქმა უნდა, ჯერ კონსენსუსი არ არსებობს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ არ მოხდება, რადგან გააჩნია, სასწორზე რა იქნება დადებული.

„თუ სასწორზე ევროპის უსაფთხოების საკითხი დადგა, მაშინ სხვა ქვეყნების პოზიციაც შეიცვლება, მათ შორის მათიც, ვინც ამ ეტაპზე თავს იკავებს. აშკარად ჩანს, რომ ეს ნაფიქრია, თუმცა საკითხი დღეს მომწიფებული არაა. ბევრი რამ იმაზეა დამოკიდებული თუ როგორ განვითარდება საბრძოლო მოქმედებები უკრაინაში", - განაცხადა კორნელი კაკაჩიამ „რეზონანასთან".

„უკრაინაში დასავლეთის ჯარების შესახებ ჩემი განცხადებები კარგად აწონ-დაწონილი და გააზრებული იყო," - განაცხადა პრეზიდენტმა მაკრონმა.

აღნიშნა, რომ მისი ყველა განცხადება, უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნის შესაძლებლობის ჩათვლით, რამაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, კარგად გააზრებული იყო.

„ეს საკმაოდ სერიოზული საკითხებია. ყოველი სიტყვა, რომელსაც ამ საკითხზე ვამბობ, არის კარგად გაზომილი, გააზრებული და აწონ-დაწონილი", - განუცხადა მაკრონმა ჟურნალისტებს.

პირველად ემანუელ მაკრონმა ამის შესახებ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ პარიზში გამართულ კონფერენციაზე ლიდერებმა განიხილეს დასავლეთის ქვეყნების სახმელეთო ძალების უკრაინაში გაგზავნის შესაძლებლობა, მაგრამ ამ საკითხზე კონსენსუსს ვერ მიაღწიეს.

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის, პეტრ ფიალას განცხადებით, ევროპაში არავინ აპირებს ჯარების უკრაინაში გაგზავნას. მისი თქმით, უკრაინის დახმარების შესახებ პარიზში ორშაბათს გამართული სამიტის მონაწილეთა აბსოლუტური უმრავლესობა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ჯარების გაგზავნის საკითხი მომავალში არ განიხილება.

ნატოს გენმდივანმა იენს სტოლტენბერგმა გამორიცხა ალიანსის ეგიდით ჯარების გაგზავნი შესაძლებლობა. მსგავსი განცხადებები სხვა ევროპელმა ლიდერებმაც გააკეთეს.

„ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობისთვის ეს იდეა მიუღებელია. ევროპაში არავინ აპირებს ჯარების გაგზავნას უკრაინაში. არ არის საჭირო დრამატიზება და ხალხის შეშინება რაღაცებით, რაც არავის შეუთავაზებია იმ ფორმით, როგორც ინტერპრეტირებულია", - დასძინა ფიალამ.

მაკრონის ამ განცხადების შემდეგ, ნატო-ს ქვეყნების უმრავლესობამ, მათ შორის აშშ-მა, გაერთიანებულმა სამეფომ და გერმანიამ უკრაინაში მათი სამხედროების გაგზავნის შესაძლებლობა გამორიცხეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×