თამთა ჩაჩანიძე
27.02.2024

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უკრაინაში დასავლეთის ქვეყნების ჯარების გაგზავნას არ გამორიცხავს, თუმცა ამბობს, რომ ამ საკითხზე მოკავშირეებში კონსენსუსი ჯერჯერობით არაა. მიუხედავად იმისა, რომ ნატოს გენმდივანმა და ცალკეული სახელმწიფოს ლიდერებმა ეს საკმაოდ სწრაფად უარყვეს, ანალიტიკოსთა თქმით, თუნდაც ის ფაქტი, რომ ამ საკითხზე მსჯელობა იყო, ეს უკვე მიუთითებს ამ თემის სერიოზულობასა და იმაზე, რომ დასავლეთში მსგავსი სცენარი განიხილება.

როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, თუკი უკრაინის საქმე ფრონტზე ცუდად წავა, არაა გამორიცხული, რომ ცალკეული ქვეყნების დღევანდელი უარყოფითი პოზიცია ამ საკითხზე დადებითით შეიცვალოს, ისევე, როგორც თუნდაც უკრაინისათვის შორი მოქმედების რაკეტებისა და მოიერიშე „ეფ-16"-ის ტიპის თვითმფრინავებთან დაკავშირებით იყო. თუმცა ასეთ შემთხვევაში რამდენიმე შესაძლო სცენარს განიხილავენ, რომელიც მიმართული იქნება რუსეთის შეკავებისკენ და არა სიტუაციის ესკალაციისკენ, რომელიც მესამე მსოფლიო ომისკენ წაიყვანს სამყაროს.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მაკრონის განცხადება უპრეცედენტოა და რომ ამ განცხადების ქვეტექსტი მიუთითებს დასავლეთის სურვილს არ დაუშვას რუსეთის გამარჯვება, შესაბამისად, არ გამორიცხავენ, რომ დასავლეთში დაიწყეს მზადება სხვადასხვა სცენარისთვის.

გამოხმაურება მაკრონის განცხადებაზე

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მომავალში უკრაინის ტერიტორიაზე დასავლური ქვეყნების ჯარების გაგზავნა არ გამორიცხა, თუმცა დასძინა, რომ ჯერჯერობით კონსენსუსი არ არსებობს.

„ასოშიედ პრესი" წერს, რომ ეს საკითხი პარიზში 26 თებერვლის 20 ევროპელი სახელმწიფოს მეთაურებისა და სხვა დასავლელი ოფიციალური პირების მონაწილეობით გამართულ შეხვედრაზე განიხილეს. საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რათა რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი არ მოიგოს. მაკრონმა არ დააკონკრეტა, თუ რომელი ქვეყნები განიხილავენ უკრაინაში ჯარების გაგზავნას და განაცხადა, რომ სურდა შეენარჩუნებინა გარკვეული „სტრატეგიული ორაზროვნება".

„დღეს არ არსებობს ოფიციალური და დამტკიცებული სახით კონსენსუსი სახმელეთო ჯარების გაგზავნასთან დაკავშირებით, მაგრამ დინამიკის თვალსაზრისით არაფერია გამორიცხული", - განაცხადა მაკრონმა.

მოგვიანებით საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სტეფან სეჟურნემ დააკონკრეტა, რომ დასავლეთის ქვეყნების სამხედროების უკრაინაში განლაგება აუცილებლად არ ნიშნავს რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო ქმედებებში მათ მონაწილეობას. მისი თქმით, უკრაინაში დასავლეთის ქვეყნების სამხედროების განლაგება „საომარ ზღვარს" არ გასცდება.

სეჟურნეს განცხადებით, ის ისეთ ოპერაციებს გულისხმობს, როგორებიცაა განნაღმვა, კიბერუსაფრთხოება ან უკრაინის ტერიტორიაზე იარაღის წარმოება.

„ამ ქმედებებიდან ზოგიერთი შესაძლოა უკრაინის ტერიტორიაზე ყოფნას მოითხოვდეს, „საომარი ზღვარის" გადაკვეთის გარეშე", - განაცხადა სეჟურნემ.

მისი თქმით, რუსეთის აგრესიის ფონზე დასავლეთის ქვეყნებს „უკრაინის მხარდაჭერის მხრივ ახალი ქმედებების განხილვა" მოუწიათ.

მოსკოვშ მიიჩნევენ, რომ უკრაინაში ჯარების გაგზავნის შემთხვევაში რუსეთსა და ნატო-ს შორის შეტაკება გარდაუვალი იქნება. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, თუმცა იქვე დაამატა, რომ „ნატო-ს ქვეყნებსა და რუსეთს შორის პირდაპირი შეტაკება ალიანსის ქვეყნების ინტერესებში არ შედის".

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის, გაბრიელ ატალის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის გამარჯვების თავიდან ასაცილებლად დასავლეთის მცდელობებთან დაკავშირებით ყველაფერი განიხილება. მისი თქმით, უკრაინაში დასავლეთის ქვეყნების სახმელეთო ჯარების განლაგებასთან დაკავშირებით კონსენსუსი არ არსებობს, მაგრამ „ომში ვერაფერს გამოვრიცხავთ".

„ვერანაირ დინამიკას ვერ გამოვრიცხავთ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ რუსეთმა ეს ომი ვერ მოიგოს", - განაცხადა საფრანგეთის პრემიერმა.

საფრანგეთის პრეზიდენტის საპასუხოდ, ნატოს გენმდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ „უკრაინის ტერიტორიაზე ნატო-ს ჯარების განთავსება არ იგეგმება". ამას გარდა, პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის პრემიერებმაც იგივე პოზიცია დააფიქსირეს - რომ ქვეყნები უკრაინაში ჯარების გაგზავნას არ გეგმავენ. მსგავსი შინაარსის განცხადება გააჟღერა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმაც.

„პოლონეთი არ გეგმავს თავისი ჯარების უკრაინაში გაგზავნას. მიმაჩნია, რომ დღეს მომავალზე სპეკულირება არ უნდა მოვახდინოთ არც იმაზე, იქნება თუ არა გარემოებები, რომლებიც ამ პოზიციის შეცვლას გამოიწვევს. დღეს ჩვენ მაქსიმალურად უნდა დავუჭიროთ მხარი უკრაინას სამხედრო ძალისხმევაში", - აღნიშნა პოლონეთის პრემიერმა დონალდ ტუსკმა პრაღაში, ვიშეგრადის ჯგუფის სამიტზე.

იგივე პოზიცია გააჟღერა ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტრ ფიალამაც.

„დარწმუნებული ვარ, რომ უნდა განვავითაროთ უკრაინის მხარდაჭერის გზები, რომელიც რუსეთის აგრესიის შემდეგ დავიწყეთ. მიმაჩნია, რომ არ გვჭირდება სხვა მეთოდების ან გზების გახსნა," - განაცხადა ჩეხეთის პრემიერმა და დასძინა, რომ ამჟამად ყურადღება გამახვილებულია უკრაინის მიმართ სამხედრო დახმარებაზე და ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ მხარდაჭერაზე.

ამასთან, სლოვაკეთის პრემიერის, რობერტ ფიცოს განცხადებით, მისი ქვეყანა უკრაინაში იარაღსა და ჯარისკაცებს არ გაგზავნის.

„შემიძლია დავადასტურო, რომ არიან ქვეყნები, რომლებიც მზად არიან უკრაინაში თავიანთი ჯარისკაცები გაგზავნონ, არიან ქვეყნები, რომლებიც ამბობენ არასოდეს - სლოვაკეთი ერთ-ერთი მათგანია. ჩვენ არ გავაგზავნით იარაღს უკრაინაში, წავა სლოვაკი ჯარისკაცი უკრაინაში არასდროს წავა", - აღნიშნა ფიცომ.

პოზიცია გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმაც დააფიქსირა.

„ის, რის შესახებაც ჩვენ თავიდანვე შევთანხმდით, მომავალსაც ეხება, კერძოდ, ევროპული სახელმწიფოების ან ნატო-ს ქვეყნების მიერ გაგზავნილი სახმელეთო ჯარები უკრაინის მიწაზე არ განთავსდება", - განაცხადა ოლაფ შოლცმა.

შეიცვლება თუ არა ნატოს უარი დადებითი პასუხით

პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ გამორიცხული არაფერის, თუმცა საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადება ნიშნავს იმას, რომ ევროპას უკვე მტკიცე პოზიცია აქვს -არ დაუშვას უკრაინის დაცემა.

„საფრანგეთის პრეზიდენტმა უპრეცედენტო განცხადება გააკეთა. აშკარაა, რომ ევროპას უკვე თავის მტკიცე პოზიცია აქვს. ასევე ვხედავთ როგორ მყარ ნაბიჯებს დგამს გერმანია. ასევე ევროკავშირმა მტკიცე ნაბიჯი გადადგა, როცა ორბანი გააჩუმა და ა.შ. მაკრონის განცხადება ცარიელი განცხადება ნამდვილად არ ჩანს, რეალურ საფრთხეს ხედავენ, რომ ეს ყველაფერი ნატო-რუსეთის ომისკენ მიდის, ამიტომ ყველაფერს გააკეთებენ.

„გაურკვეველი და მძიმედ საყურებელია ამერიკაში მიმდინარე მოვლენები. ამერიკულ დახმარებაზე ბევრი რამაა დამოკიდებული. როცა ნატოზე ვსაუბრობთ, ეს პირველ რიგში აშშ და მისი პოზიციაა მნიშვნელოვანი, ის კი შიდაპოლიტიკურ დილემაში და შიდა კინკლაობაშია ჩართული.

„საუბარი დღეს უკვე უკრაინის მოგება-არმოგებაზე აღარ მიდის, დღეს უკვე საქმე იქამდეა მისული, შენარჩუნდეს მსოფლიო წესრიგი, თუ შეიქმნას ქაოსი. აქედან გამომდინარე, ევროპის ქვეყნები მზად არიან უფრო მტკიცე ნაბიჯები გადადგან, ვიდრე მათ შეუძლიათ. ამიტომაც ევროპელების განცხადებები ძალიან საგულისხმოა. გაბედული და პრინციპული ნაბიჯია. აშშ-ის პოზიციას უნდა დაველოდოთ, დანარჩენს საქმე გვიჩვენებს", - განაცხადა ბერიძემ.

კითხვაზე, რამდენად შეიძლება ნატოს უარი დასავლური ჯარის უკრაინაში შეყვანაზე, დადაბითი პასუხით შეიცვალოს, ბერიძემ გვითხრა, რომ გამორიცხული არაფერია.

„გამორიცხული არაფერია, მაგრამ ძალიან ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე, თუ აშშ-ში მოვლენები როგორ განვითარდება. მაკრონმა უპრეცედენტო რაღაც გააკეთა, რამდენიმე წლის წინ ვერც წარმოიდგენდნენ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ასეთ რამეს იტყოდა.

„გერმანია, შვედეთი და დანია უპრეცედენტო დახმარებას უწევენ უკრაინას, იარაღს თავის საწყობებიდან იღებენ და აწვდიან, ანუ იმაზე მეტს აკეთებენ, ვიდრე ვინმეს ეგონა. ევროპა ყველაფერს აკეთებს, მაგრამ აშშ-ის მკვეთრი პოზიციის გარეშე, უკრაინას ძალიან გაუჭირდება", - განაცხადა ლაშა ბერიძემ „რეზონანსთან".

როგორც თსუ-ს პროფესორი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" აღნიშნავს, თავად ფაქტი, რომ უკრაინაში ჯარების განლაგებაზე მსჯელობა იყო, იმაზე მიუთითებს, რომ გარკვეული სცენარები უკვე განიხილება.

„მიუხედავად იმისა, რომ ამ თემაზე ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაცია ვრცელდება - მაგალითად, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ისინი ასეთ რაღაცას არ განიხილავენ - თუნდაც ის ფაქტი, რომ ამ საკითხზე მსჯელობა იყო, ეს უკვე ამ თემის სერიოზულობას მიუთითებს და იმას, რომ გარკვეული სცენარები განიხილება იმ სიტუაციიდან გამომდინარე, როგორიც იქნება წლის ბოლოსთვის უკრაინაში.

„თუ რუსეთმა რაღაც წინსვლა შეძლო და რეალურად უკრაინის დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს საფრთხე დაემუქრა, მაშინ, ბუნებრივია, რომ ევროპელებს მოქმედება მოუწევთ, რადგან აქ სასწორზე მხოლოდ უკრაინის დამოუკიდებლობა არ დგას, მთლიანობაში სასწორზე დგება ევროპის კოლექტიური უსაფრთხოება და აქედან გამომდინარე, ისინი ამ სცენარებსაც განიხილავენ. თუმცა გასაგებია, რომ ამ ეტაპზე არც კონსენსუსი არსებობს და არც კონკრეტული მსჯელობაა", - განაცხადა კორნელი კაკაჩიამ რეზონანსთან".

რაზე იქნება გათვლილი უკრაინაში ჯარების შეყვანა

პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე გვეუბნება, რომ თუ საქმე აქამდე მივიდა, შესაძლოა ჯერ სასწრაფო წესით უკრაინა ნატოში კონსენსუსის საფუძველზე გააწევრიანონ ოკუპირებულ ტეროტირიებზე მეხუთე მუხლის გაუვრცელებლობით და სამშვიდობოები განალაგონ უკრაინის მიერ იმ მომენტისათვის კონტროლირებად ტერიტორიებზე მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის შეკავების კუთხით.

„ჯერ არ მგონია, რომ ასე მოხდეს, მაგრამ, თუ საქმე აქამდე მივა, უკრაინას სასწრაფო წესით ნატოში მიიღებენ. ისე ჯარებს ვერ შეიყვანენ, ეს ზღაპარია. რუსეთთან ომს არ დაიწყებენ. ჯარების შეყვანით უსაფრთხო გარემოს შექმნიან და მერე უკვე წავა გრძელვადიანი მოქმედებები, რომ დაკავებული ტერიტორიების დეოკუპაცია მოხდეს.

„მაკრონის განცხადება უფრო პოლიტიკურია. მან აჩვენა ის რადიკალური გზა, თუ სადამდეა წამსვლალი საფრანგეთის პრეზიდენტი იმისთვის, რომ უკრაინამ არ წააგოს. რა თქმა უნდა, თუ ამას ყველა წაუყრუებს. მარტივად გეტყვით სცენარი როგორ განვითარდება - ვთქვათ, აშშ-მა არ მისცა სამხედრო დახმარება უკრაინას. ვაშინგტონის სამხედრო დახმარების მთავარი კომპონენტი საჰაერო თავდაცვაა. ახლა თუ 100 რუსული რაკეტიდან 90 უკრაინელები აგდებენ, მისი არქონის პირობებში ათს ჩამოაგდებენ, ამით კი მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი ძალიან გაიზრდება და დასავლეთი უფრო მძიმე რეალობის წინაშე დადგება.

„ევროპელების განცხადება სწორედ ესაა, რომ ისინი დათმობას არ აპირებენ და უკიდურეს ზომებზეც კი არიან წამსვლელი, რომ უკრაინის დაცემა არ დაუშვან", - განაცხადა ბერიძემ.

კითხვაზე, როგორ შეიძლება მოხდეს უკრაინის სასწრაფო წესით ნატოში გაწევრიანება, ბერიძემ აცხადებს:

„ნატოში ყველა განცხადება კონსენსუსზეა და თუ ამას მიაღწევენ, წინ რა უდგას?! საქართველოს შემთხვევაშიც განხილვის დონეზე იყო საუბრები, რომ მიეღოთ საქართველო ისე, რომ მეხუთე პუნქტი არ გავრცელებულიყო ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გადაწყვეტილებების მიღება ნატოს შტაბბინაში არ ხდება, გადაწყვეტილებებს ძლიერი სახელმწიფოები იღებენ - აშშ, გერმანია, საფრანგეთი, ბრიტანეთი და სხვა.

„მძიმე, მაგრამ საინტერესო მოვლენებთან გვექნება საქმე. საფრანგეთს აქამდე რაღაც პასიური პოზიცია ეკავა, მაგრამ აშკარაა უკვე, რომ ევროპული სადაზვერვო სასახურები იმ საფრთხეს ეცნობიან, რაც შესაძლოა ევროპას დაემუქროს. უკრაინაში რუსეთის წარმატების შემთხვევაში, შემდეგი გამოცდა, რასაც რუსეთი დასავლეთს ჩაუტარებს, ეს იქნება ნატოს წესდების მეხუთე პარაგრაფი. რუსეთი ამას პირველ რიგში ბალტიის ქვეყნებში გააკეთებს, პოლონეთიც იქნება დარტყმის ქვეშ, ფინეთს ნაკლებად ვვარაუდობ.

„მილიონი სცენარი შეიძელება მოიფიქრო ისე, რომ ბალტიის ქვეყნებთან კრიზისი გამოიწვიო. უკრაინის მაგალითზე ვნახეთ, რომ რუსეთს შეჭრისთვის მიზეზი არც უნდა", - განაცხადა ლაშა ბერიძემ „რეზონანსთან".

ანალიტიკოსი კორნელი კაკაჩია კი გვეუბნება, რომ თუ უკრაინაში დასავლური ჯარი განლაგდება, ეს იქნება მხოლოდ რუსეთის შეკავების მიზნით.

„ჩვენ ახლა ისე არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ დასავლეთის ქვეყნები თავიანთ ჯარებს უკრაინაში განალაგებს. ალბათ ეს ძირითადად იქნება ინსტრუქტორების, შეიარაღების კიდევ უფრო გაძლიერების კუთხით და ორიენტირებული იქნება უფრო რუსეთის შეკავებაზე და არ მოხდება სიტუაციის გართულების მიზნით, ვთქვათ, მთელი დივიზიების შეყვანა", - განაცხადა კორნელი კაკაჩიამ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×