თამთა ჩაჩანიძე
25.02.2024

ავდეევკის დაკავების მერე, რუსი ოკუპანტები შეტევას რამდენიმე მიმართულებით აგრძელებენ, თუმცა მთავარი დაწოლა დონეცკის ოლქზეა მიმართული. როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, ახლა კრემლის მთავარი გეგმა დონბასის სრულიად დაკავებაა, რადგან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ცდილობს რაიმე ხელშესახები შედეგით შეხვდეს საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელიც 15-17 მარტსაა დაგეგმილი.

სამხედრო ანალიტიკოსები ორ აქტიურ მიმართულებაზე საუბრობენ - ესაა ზაპოროჟიეში რაბოტინო, სადაც, რუსი სამხედრო ბლოგერების მტკიცებით, რუსები უკვე შვიდნენ; და მეორეა, დონეცკში უგლედარი-კურახოვო-მარიინკას ფრონტის ხაზი. რუსი მომომხილველები წერენ, რომ ავდეევკის დაცემის შემდეგ, უკრაინელების ფლანგები ვერ უძლებენ დაწოლას და უკან იხევენ. განსაკუთრებული საფრთხის ქვეშაა უგლედარი. კუროხოვო-მარიინკას მიმართულებაზე რუსებმა ავდეევკის აღების შედეგად გამოთავისუფლებული ძალები გადაისროლეს და აქ განლაგებულ კიევის ბატალიონს ალყაში მოქცევა ემუქრება. სამხედრო სფეროს ექსპერტები კი „რეზონანსთან" ამბობენ, რომ აქ უკრაინის ფრონტის ჩამოშლაზე საუბრები გადაჭარბებულია.

თუმცა, ფრონტის ზოგიერთ უბანზე უკან დახევას უკრაინული მედიაც ადასტურებს. მაგალითად, „უკრაინსკაია პრავდა" და „უნიანი" წერენ, რომ საოკუპაციო ძალებმა ავდეევკის დასავლეთით მდებარე დასახლებული პუნქტი ლასტოჩკინო დაიკავეს. ამასვე ადასტურებს უკრაინის შეიარაღებული ძალების მოიერიშე ბატალიონ „აიდარის" მებრძოლი „ტელეგრამზე", ფსევდონიმთ „ოსმანი". იგი წერს, რომ იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ ლასტოჩკინო, რათა თავიდან აეცილებინათ ლოჯისტიკური გზების ჩაკეტვა და გადაერჩინათ პირადი შემადგენლობა.

ანალიტიკოსები „რეზონანსთან" ამბობენ, რომ უკრაინის უკან დახევას გარკვეული ფსიქოლოგიური ეფექტი აქვს და ამას განსაკუთრებით აქტიურად იყენებს რუსული პროპაგანდა, თუმცა რეალურად რუსებს ასეთი წინსვლა ძალიან დიდი მსხვერპლის ფასად უჯდებათ და თან ოკუპანტების ტემპი განსაკუთრებით ნელია.

რას ცდლობს პუტინი და სად უტევენ რუსები

გენერალი ვახტანგ კაპანაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ახლა რუსების მტავარი ამოცანაა დონეცკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვარზე გავიდნენ, თუმცა კრამატორსკი-სლავიანსკის თავდაცვითი ხაზი მათთვის დიდი წინაღობაა.

„რაბოტინოში ის ე.წ. ჯიბეებია, რომელიც უკრაინის კონტრშეტევის შედეგად წარმოიქმნა თავდაცვაში და ორივე მხარე ცდილობს, რომ ფრონტი გაასწოროს. რუსები ეცდებიან ეს ჯიბეები ამოავსონ, რომ მოქმედება უფრო გაუადვილდეთ და უკრაინელებს გარკვეული პლაცდარმები არ დაუტოვონ. უკრაინელებიც ალბათ შეეცდებიან, რომ ფრონტი თვითონაც გაასწორონ. მათთვის ზედმეტად პლაცდარმების დატოვებას აზრი არ აქვს, თუკი უკრაინელები უახლოეს მომავალში თვითონაც ფართომასშტაბიანი შეტევის განხორციელებას არ აპირებენ.

„რაც შეეხება იმას, რომ შესაძლოა უგლედარის მიმართულებაზე უკრაინული დანაყოფები ალყაში მოხვდნენ, ეს მაშინ მოხდება, თუ რუსები გაარღვევენ დაცვის ხაზს, თუმცა, ჯერჯერობით, ამის ნიშნები არ ჩანს.

„უკრაინელებს თავდაცვითი ზღუდეები აქვთ მოწყობილი. ავდეევკის დაცვამ გამოიწვია ის, რომ მათ ჰქონდათ დრო და ფორტიფიცირებული თავდაცვის ორგანიზება შეძლეს, ამიტომ დიდი გადამწყვეტი ცვლილებები არ მგონია ამ წელს იყოს.

„რუსები რა თქმა უნდა შეეცდებიან, რომ დონბასის ადმინისტრაციულ საზღვარზე გავიდნენ, მაგრამ ძალიან დიდი წინაღობა აქვთ გასავლელი. მათ მთელი თავისი ამოცანა დონბასის მიერთებაზე დაიყვანეს და ეს არის მათი მიზანი არა მხოლოდ არჩევნებისთვის. ჩემი აზრით, რასაც მოახერხებენ, შესაძლოა ლუგანსკის ოლქის სრულ კონტროლზე იყოს საუბარი.

„დონეცკში კრამატორსკი და სლავიანსკი აქვთ გასავლელი, აქ ძალიან რთული და კარგად მომზადებული უკრაინული თავდაცვის ზღუდეებია. ვნახოთ, რა იქნება. ჯერჯერობით იმაზეა საუბარი, თუ რამდენად ეყოფათ რუსებს ძალა, მაგრამ ის, რომ ფრონტი ჩამოიშალა - ეს გადაჭარბებული საუბარია", - განაცხადა გენერალმა ვახტანგ კაპანაძემ „რეზონანსთან".

სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ „არსენალის" მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ფრონტის გარკვეულ მონაკვეთებზე პატარ-პატარა ლოკალური ბრძოლებია, თუმცა შესაძლოა გაზაფხულის ბოლოს, ან ზაფხულის დასაწყისში რუსებმა დიდი გენერალური შეტევა დაიწყონ.

„ავდეევკის დაცემის შემდეგ, რუსეთის საოკუპაციო ძალების შეტევები მიდის ფრონტის რამდენიმე უბანზე, მათ შორის ისევ ავდეევკისა და ბახმუტის მონაკვეთებშიც, ჩრდილოეთით კუპიანსკთან და სამხრეთში რაბოტინოსთან. ასეთი პატარ-პატარა შეტევები მოსალოდნელიცაა, მაგრამ ეს ის დიდი გენერალური შეტევა არაა, რაც შეიძლება რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკვე გაზაფხულის ბოლოსკენ, ან ზაფხულის დასაწყისში წამოიწყონ. მანამდე რუსები ეტყობა ფრონტის ხაზის გასწორებას ცდილობს.

„თავიდან პუტინს ბლიცკრიგის ავანტურა არ გამოუვიდა, მაგრამ, სამწუხაროდ, რაღაც წარმატებებს მიაღწია, განსაკუთრებით უკრაინის სამხრეთ ნაწილის ოკუპაციაში. რაც შეეხება დონეცკის ფრონტს, რუსეთმა დაპყრობილი ტერიტორიების ანქესია სცადა, როგორც ყირიმის შემთხვევაში, და ამიტომაც მას სურს, რომ უკრაინის ის ოლქები სრულად აკონტროლოს, რომლებიც ნაწილობრივად ოკუპირებული აქვს.

„ლუგანსკის ოლქი თითქმის მთლიანად ოკუპირებულია. დონეცკში კი მხოლოდ ნაწილია დაკავებული. ავდეევკისა და ბახმუტის დაცემის შემდეგ, დონეცკში ორი დიდი ქალაქი დარჩა -კრამატორსკი და სლავიანსკი, რომლის დაპყრობის შემდეგ შეიძლება რუსეთმა თქვას, რომ დონეცკიც დაიპყრო. ამიტომაც ის შეტევები, რაზეც საუბარია, შესაძლოა მიმართული იყოს კრამატორსკი-სლავიანსკისკენ. მაგრამ ეს დიდი ქალაქებია, ავდეევკისხელა არცერთი არაა და ადვილი არ იქნება. დიდ ბრძოლებთანაა დაკავშირებული და ერთი ხელის მოსმით მათი აღება რუსეთს წესით უნდა გაუჭირდეს. თუმცა ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწრაფად აღდგება ამერიკული სამხედრო დახმარების მიწოდება", - განაცხადა ირაკლი ალადაშილმა „რეზონანსთან".

რუსების დანაკარგები და უკრაინის უკან დახევის ფსიქოლოგიური ეფექტი

გენერალი ვახტანგ კაპანაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ უკრაინის უკან დახევას რუსები პიარისთვის იყენებენ, თუმცა ახლა მთავარია რამდენად სწრაფად გამოასწორებს ამას უკრაინა. რაც შეეხება რუსების დანაკარგებს, გენერალი ამბობს, რომ მათ ტემპი ნელი აქვთ დიდი მსხვერპლით.

„ნებისმიერ უკანდახევას თავისი გარკვეული ფსიქოლოგიური ეფექტი აქვს. ტაქტიკურად რუსებს დიდი მნიშვნელოვანი წარმატებები არ გააჩნიათ. უკან დახევას თან ახლავს გარკვეული ფსიქოლოგიური ეფექტი და აქ მნიშვნელოვანია რამდენად სწრაფად გადალახავენ ამას უკრაინელები. ძირითადად მაინც ყველაფერი დამოკიდებულია, თუ რამდენად სწრაფად მოახდნენენ როტაციას და ახალ, დასვენებულ დანაყოფებს რამდენად სწრაფად შეიყვანენ თავდაცვით პოზიციებზე.

„ჩემი მონაცემებით, რუსები ტერიტორიებს დიდი დანაკარგების ფასად იკავებენ. თუ არ ვცდები, მხოლოდ ავდეევკაში ათი ათასამდე ადამიანი დაკარგეს. ერთ პატარა დასახლებულ პუნქტს შვიდი თვე უტევდნენ და წარმოიდგინეთ, თუნდაც დნეპრამდე როდის უნდა გავიდნენ. ნელი ტემპებია", - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ „რეზონანსთან".

ირაკლი ალადაშვილი კი გვეუბნება, რომ რუსების დანაკარგები მეტია, თუმცა ქვეყანა დიდია და შესაძლოა აიტანოს. ამასთან ამბობს, რომ უკრაინის უკან დახევას რუსული პროპაგანდა კარგად იყენებს.

„რუსების დანაკარგები ბევრად მეტია, ვიდრე უკრაინის, ეს ფაქტია და ვერავინ უარყობს, მათ შორის ვერც თავად რუსები, ბრძოლის ტაქტიკიდან და იმ ვადებიდან გამომდინარე, რასაც კრემლი თავის გენერლებს აიძულებს, რომ რაც შეიძლება სწრაფად იმოქმედონ და დანაკარგებზე არ იფიქრონ. ამიტომაც რუსების მსხვერპლი მეტია, თუმცა, ქვეყნის სიდიდიდან და მოსახლეობის განწყობებიდან გამომდინარე, რომ ოღონდაც ტერიტორიები გაზარდონ და ამისთვის ისინი შიმშილისთვისაც კი მზად არიან, შესაძლოა რუსეთმა ასეთი მსხვერპლი აიტანოს.

„ყველა ომს თავის სამხედრო პოლიტიკური შემადგენელი ნაწილი აქვს, რომელშიც მთავარ როლში პროპაგანდა გადის. პროპაგანდის მხრივ ავდეევკისა და ბახმუტის დაკავება მოსახლეობამდე მიაქვთ ის, რომ თითქოს უდიდესი გამარჯვება მოიპოვეს. ეს, რა თქმა უნდა, მოსახლეობის განწყობაზე მოქმედებს, თორემ ავდეევკისა და ბახმუტის დაკავება დიდი ტრაგედია არაა და ამან ფრონტის ხაზი არ ჩამოშალა, ვერც ჩამოშლიდა.

„ავდეევკასუკრაინელები 2014 წლიდან იცავდნენ. რაც ომი დაიწყო, იმ წლის ოქტომბრიდან მოყოლებული, ავდეევკაზე შეტევა მიდიოდა და რუსები მას ამდენი ხანი ვერ იღებდნენ", - განაცხადა ირაკლი ალადაშვილმა „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×