თამთა ჩაჩანიძე
17.12.2023

უკრაინაში დონეცკის ოლქი კვლავ ყველაზე ცხელი მიმართულებაა. რუსული წყაროების ცნობით, მათ ქალაქ დონეცკთან კარგად გამაგრებული დასახლებული პუნქტი მარიინკა აიღეს, ახლა ქალაქ ავდეევკის გარეუბნებში არიან შესული და ქუჩის ბრძოლებს იწყებენ. უკრაინელები ამას ოფიციალურად არ ადასტურებენ, თუმცა სითულე რომაა, ამას უკრაინელი სამხედრო მიმომხილველებიც არ მალავენ. როგორც გენერალი ვახტანგ კაპანაძე „რეზონანსთან" აცხადებს, ავდეევკას უკრაინელებისათვის გარკვეული სტრატეგიული მნიშნეობა აქვს და ახლა ისინი შესაძლოა არჩევანის წინაშე დადგენ - დატოვონ ქალაქი, თუ ბოლომდე იბრძოლონ, როგორც მარიუპოლისა და ბახმუტის შემთხვევაში.

ცნობილი უკრაინელი სამხედრო ჟურნალისტი ანდრეი ბუტუსოვი იმ პრობლემებზე ყვება, რაც ავდეევკისკენ შეექმნათ უკრაინელებს.

„მტერი წინ ძალიან ნელა მიიწევს წინ. წინსვლის არეალიც მცირეა და მთლიანად ცეცხლის ქვეშაა მოქცეული. ჩვენ გარღვევის ყველა მონაკვეთს ვაკვირდებით და მტერს ეფექტურ დარტყმას ვაყენებთ. რუსების დანაკარგები ჩვანსას ბევრად აღემატება. თუმცა, მიუხედავად ამისა, ჩვენ ამ მცოცავ წინსვლას ვერ შევაჩერებთ. რატომ? მტერს ეს მოქმედებები დაგეგმილი აქვს, მათ ღრმად ეშელონირებული ძალები ჰყავთ და თავდასხმებს ახორციელებენ სხვადასხვა მიმართულებებზე", - ამბობს ანდრეი ბუტუსოვი.

გენერალი ვახტანგ კაპანაძე აცხადებს, რომ ავდეევკა კარგადაა გამაგრებული, ეს ქალაქი უკრაინისთვის მნიშვნელოვანია და დიდ წინააღმდეგობას რა თქმა უნდა გაუწევენ, თუმცა თუ რუსებმა მაინც აიღეს ეს მათ რაიმე სტრატეგიულ ან ოპერატიულ წარმატებას ვერ მოუტანს და ამას მხოლოდ პროპაგანდის თვალსაზრისით ექნება რაღაც მნიშნელობა.

„რუსებს თუ დავეყრდნობით, მარიინკა აღებულია, უკრაინელები კი ამბობენ, რომ ბრძოლა ჯერ კიდევ მიდის. თუმცა, ამ შემთხვევაში უფრო დამაჯერებელია, რომ რუსებმა აიღეს, რადგან თითქმის ბოლოში იყვნენ გასული. მარიინკა პატარა დასახლებაა და ამ შემთხვევაში არც რაიმე დიდ მასშტაბებზეა საუბარი და არც ოპერატიულ მნიშვნელობაზე.

„ავდეევკას მიმართულებითაც რუსები მის გარეუბანში დიდი ხანია შესული არიან. მათ სამხრეთ-დასავლეთით სამრეწველო ზონა ჰქონდათ აღებული და ჩრდილოეთითაც შესულები იყვნენ კოქსის წარმოების ქარხნის ტერიტორიაზე. ასე რომ, ბრძოლები გარეუბნებში დიდი ხანია მიდის. ეს ახალი არაა, თუმცა რუსებს გარკვეული წინსვლა აქვთ და მარიინკის გარშემო მარწუხები ვიწროვდება. უკრაინელებმა უნდა გადაწყვიტონ - გააგრძელებენ ბრძოლას მარიინკისთვის, თუ სჯობს უკან ორგანიზებულად დაიხიონ, ფრონტი გაასწორონ და მარიინკის დასავლეთით თავდაცვა მოაწყონ.

„ბახმუტის მნიშვნელობა ემოციურ-პოლიტიკური იყო და მას არანაირი სამხედრო მნიშვნელობა არ ჰქონდა. აქ უბრალოდ რესურსების ხარჯვა იყო, მე რომ მკითხოთ, უკრაინელების მხრიდან არასწორი. ავდეევკასთან დაკავშირებით კი სიტუაცია ცოტა სხვანაირადაა. თუ არ ვცდები, ეს ქალაქ დონეცკიდან 19 კილომეტრითაა დაშორებული და უკრაინელებისთვის მას რა თქმა უნდა მნიშვნელობა აქვს. მაგრამ რუსებს მისი აღება რაღაც სტრატეგიულ ოპერატიულ წარმატებას ვერ მოუტანს, ეს უბრალოდ, როგორც ყველა სხვა ელემენტარული წარმატება, გაპიარებული იქნება.

„ავდეევკაში ერთ-ერთი ყველაზე კარგადმომზადებული უკრაინული ბრიგადაა, რომელიც დასავლური ტექნიკით იყო შეიარაღებული. საკმაოდ ბრძოლისუნარიანი. აქ რუსული მარწუხების გამო, ყველაზე დიდი პრობლემა მებრძოლების მომარაგებაა. დღის განმავლობაში ავდეევკასთან დამაკავშირებელი გზა მუდმივად ცეცხლის ქვეშაა რუსების მხრიდან და მომარაგება ძირითადად ღამით ხდება", - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×