ელზა პაპოშვილი
13.12.2023

ახლა ყველა იმის მოლოდინშია რა გადაწყვეტილებას მიიღებს ახალ წლამდე აშშ-ს სენატი, სადაც საბოლოოდ ცნობილი უნდა გახდეს რესპუბლიკელები დაუჭერენ თუ არა მხარს უკრაინისთვის 61 მილიარდი დოლარის დახმარებას.

 შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს 20 ოქტომბერს სთხოვა 106 მილიარდი დოლარის პაკეტის მიღება, მათ შორის 61 მილიარდზე მეტი რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად და 14 მილიარდზე მეტი ისრაელისთვის, რომელსაც ომი აქვს გამოცხადებული შეერთებული შტატების მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასისთვის“.

კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ, რომლის წევრთა უმრავლესობა რესპუბლიკელია, 2 ნოემბერს დაამტკიცა მხოლოდ ისრაელის დახმარების კანონპროექტი. რესპუბლიკელების მიერ ინიცირებულმა პროექტმა მხარდაჭერა ვერ მოიპოვა სენატში, სადაც უმრავლესობაში პრეზიდენტ ბაიდენის თანაპარტიელი დემოკრატები არიან. წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა სპიკერმა მაიკ ჯონსონმა ნოემბრის ბოლოს იმედი გამოთქვა, რომ ახალ წლამდე გადაწყდება ისრაელისა და უკრაინისთვის დახმარების გაწევის საკითხი.    

ამის პარალელურად კი ამერიკაში 12 დეკემბერს ბაიდენი და ზელენსკი შეხვდნენ ერთმანეთს. შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ აშშ უკრაინისთვის 200 მილიონ დოლარს გამოყოფს. ბაიდენის თქმით, შეთანხმებას ხელი უკვე მოაწერა, თუმცა, სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. სახელმწიფოს მეთაურები, ორივე მხარის დელეგაციის წარმომადგენლებთან ერთად, მოლაპარაკებას ოვალურ კაბინეტში მართავდნენ.

პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ როგორც დემოკრატიული, ისე რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებმა შეერთებული შტატების კონგრესში, დაარწმუნეს ის უკრაინის მტკიცე მხარდაჭერაში. ამის შესახებ ზეელენსკიმ ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„დღეს ბევრი ვილაპარაკე ორივე პარტიის წარმომადგენლებთან. დემოკრატებმაც და რესპუბლიკელებმაც დაგვარწმუნეს სრულ მხარდაჭერაში", - განაცხადა ზელენსკიმ.

მან აღნიშნა, რომ უკრაინულ მხარეს ყოველთვის სჯეროდა მისი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის მხარდაჭერის.

„ვივარაუდოთ, რომ ასე გაგრძელდება და უკრაინა მარტო არ დარჩება ისეთი ავტოკრატიული ტერორისტის წინააღმდეგ, როგორიც რუსეთია," - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

უკრაინა არ აპირებს რუსეთისთვის თავისი ტერიტორიის დათმობას, რადგან მან უნდა დაიცვას თავისი ხალხი რუსული ძალადობისგან.

„როგორ შეიძლება, უკრაინამ დათმოს თავისი ტერიტორიები? ეს იქნება აბსოლუტური სიგიჟე. ჩვენ ძალიან ხშირად ვახსენებთ ღმერთს და ეს ნამდვილად არ იქნება ქრისტიანული საქმე, რადგან ჩვენი ხალხი, ოჯახები, ბავშვები იქ ცხოვრობენ, ისინი უკრაინული საზოგადოების ნაწილია,“- განაცხადა ზელენსკიმ და უპასუხა კითხვას ომის დასრულების მიზნით შესაძლო ტერიტორიული დათმობების შესახებ.  

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი კი უკრაინისთვის მხარდაჭერის გაგრძელების მნიშვნელობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს. ბლინკენის თქმით, უკრაინის დახმარება აბსოლუტურად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. 

„ვფიქრობ, ერთადერთი ხალხი, ვინც ბედნიერი იქნება, თუ ამ დამატებით საბიუჯეტო მოთხოვნას არ დაამტკიცებს კონგრესი, მოსკოვში, თეირანსა და პეკინში ზის. უკრაინისთვის ეს აბსოლუტურად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. 

„მათ მიაღწიეს საოცარ პროგრესს გასული წლის განმავლობაში რუსული აგრესიის მოგერიებაში, დაიბრუნეს ტერიტორიის 50 პროცენტზე მეტი, რომელიც 2022 წლის თებერვლიდან მიიტაცეს. მაგრამ ახლა ისინი სასტიკ ბრძოლაში არიან სამხრეთ და აღმოსავლეთში. თუ პუტინი შეძლებს წინსვლას დაუსჯელად, ჩვენ ვიცით, რომ ის უკრაინაში არ გაჩერდება,“ აღნიშნა ბლინკენმა CNN-თან ინტერვიუში.  

სახედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან“ ამბობს, რომ 200 მილიონით უკრაინის დახარება უბრალოდ ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ გამოვლენილი ჟესტია. მაისაია მიიჩნევს, რომ მას შემდეგ, რაც კონგრესმა და კერძოდ რესპუბლიკელებმა 61 მილიარდი დოლარით დამხარების გამოყოფა უკრაინისთვის ჩააგდო, ბაიდენმა ამით მხარდაჭერა გამოხატა. 

„ის რაც მოხდა ახლა ამერიკაში უკრაინის მიმართ, ამას მემგონი ჩვენი საზოგადოება ჯერ კიდევ ვერ ათვითცნობიერებს. ყველანაირად მიკიბ-მოკიბვის გარეშეს, ეს არის ტრაგიკული შედეგი. ეს უკრაინისთვის მძიმე დარტყმაა, რომელიც გაწირვის ტოლფასია. ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან 200 მილიონის გამოყოფა, ეს უფრო მორალური მხარდაჭერის ჟესტი იყო, ვიდრე რეალური დახმარება. ეს თანხმა ალბათ უკრაინას ორი ან სამი დღე მაინც ეყოფა. ბაიდენი იძულებული იყო, რომ გეოპოლიტიკური მხარდაჭერა ასე მაინც გამოეხატა. 

„ეს ძალიან ცუდი რამის მაუწყებელია, რადგან ახლა ყველა უკვე ევროკავშირის მხრიდან უკრაინისთვის 50 მილიარდის გამოყოფას ელის. აქაც ჩვენ ვხედავთ დესტრუქციას, როცა უნგრეთის ხელისუფლება და მისი პრეზიდენტი ორბანი უარს ამბობს ამ დახმარებაზე. 

„ამას დაემატა ფიცოს მთავრობა, რომელიც ასევე სლოვაკეთში ანტიდემოკრატიული მთავრობაა. როგორც ჩანს, ამერიკის რესპუბლიკურ პრტიას და უნგრეთის ხელისუფლებას გარკვეული ალიანსი აქვთ. ორბანი ჩადის ამერიკაში, რათა კონკრესმენები დაარმწუნოს, რომ უკრაინისთვის დახმარება სრულად შეწყვიტონ და ის მარტო დარჩეს პუტინის პირისპირ. ასევე, ორბანი ევროკავშირის ფარგლებში უკრაინის გაწევრიანებასაც ბლოკავს“,-ამბობს „რეზონანსთან“ მაისაია. 

კითხვაზე რამ გამოიწვია რესპუბლიკელების ეს გადაწყვეტილება და უნდა ველოდოთ თუ არა დასავლეთის მხრიდან უკრაინის იძულებას მოლაპარაკების მაგიდასთან რუსეთთნ დაჯდეს, მაისაია არაფერს გამორიცხავს. თუმცა, ფიქრობს, რომ კონგრესმენების ეს გადაწყვეტილება უფრო  შიდა პოლიტიკური დაპირისპირებით არის განპირობებული. ამით შური ბაიდენზე და მის ადმინისტრაციაზე იძიეს, რადგან მათი კანდიდატი ტრამპი ბაიდენთან არჩევნებში დამარცხდა.     

„ეს უფრო შიდა საქმის გარჩევას ჰგავს და ვფიქრობ რესპულიკელები ცდილობენ, რომ წინასაარჩევნოდ ქვეყანაში სიტუაცია კიდევ უფრო  დაძაბონ. ეს არის უფრო ბაიდენის ადინისტრაციის მიმართ შურისძიების აქტი. ტრამპის მიმართ ვიცით სისხლის სამართლის დევნაც კი მიდის, ამიტომ შიდა პოლიტიკური დაპირისპირების  ფონზე, ამ ყველაფერმა სააერთაშორისო უსაფრთხოებაზე ასახვა ჰპოვა. 

„სამწუხაროდ,  აქ უკრაინა ზარალდება და არა მხოლოდ უკრაინა. კორუფცია ამერიკაშიც არის და მხოლოდ უკრაინას ამაში ვერ დაადანაშაულებენ. ეს არ არის ის თემა, რის გამოც უკრაინისთვის ასე ზურგში დანა უნდა  ჩაერტყათ. 

„დაველოდოთ ევრკავშირის გადაწყვეტილებას. თუ აქაც ეს ინიციატივაც ჩავარდა, მაშინ უკვე ძალიან მძიმე სიტუაციას მივიღებთ. უკრაინისთვის დრო ძალიან დიდად ფასობს და სიტუაციის ასე გაჭიანურება მათთვის მძიმე შედეგის მომტანი იქნება“,-ამბობს მაისაია „რეზონანსთან“. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×