თამთა ჩაჩანიძე
12.12.2023

დასავლეთის შემცირებული დახმარების ფონზე, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში კონგრესმენების დარწმუნებას ცდილობს, რომ უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებას პირველ რიგში დასავლეთისთვისაა სასიცოცხლოდ მნიშნელოვანი. ამის პარალელურად, უკრაინის ფრონტზე სიტუაცია ჩიხში შევიდა და მედიაში გაჟონილი ინფორმაციის თანახმად, უკვე მუშავდება ახალი სტრატეგია, რომელიც ფაქტობრივად ომის ერთი წლით „დაკონსერვებას" გულისხმობს.

კონგრესი ამ დრომდე ვერ ახერხებს უკრაინის 61 მილიარდიანი სამხედრო დახმარების პაკეტის დამტკიცებას რესპუბლიკელების წინააღმდეგობის გამო. როგორც ანალიტიკოსები „რეზონანსთან" აცხადებენ, მთავარია ზელენსკიმ ახლა კონგრესმენები, განსაკუთრები კი რესპუბლიკელები რეალური არგუმენტებით დაარწმუნოს, რომ აღარ დააბრკოლონ უკრაინის დახმარება.

რაც შეეხება ახალ სტრატეგიას, მედიის ცნობით, პენტაგონი კიევში მისი დეტალების შესათანხმებლად თავის წარმომადგენელს აგზავნის. ამ გეგმის თანახმად, უკრაინული არმია დაახლოებით 2024 წლის ბოლომდე მთლიანად თავდაცვასა და ახლანდელი პოზიციების მაქსიმალურად შენარჩუნებაზე უნდა გადაერთოს. პარალელურად კი უნდა მოხდეს რესურსები დაგროვება შემდგომი სამხედრო კამპანიისათვის.

სამხედრო ანალიტიკოსების შეფასებით, ფრონტზე არსებული რეალობიდან გამომდინარე, ამერიკელების რჩევა სწორია, მაგრამ არის საფრთხე, რომ პარალელურად რუსეთმაც დააგროვოს რესურსი.

მას შემდეგ, რაც უკრაინისთვის დასავლეთის დახმარება შემცირდა, რუსეთის არმია ცდილობს ფრონტზე ინიციატივის აღებასა და უპირატესობის მოპოვებას. როგორც დასავლელი ლიდერები ამბობენ, რუსეთმა ფსონი ახლა დასავლეთის დახმარების შემცირებაზე დადო, თეთრი სახლი კი აცხადებს, რომ თუ აშშ უკრაინის მხარდაჭერას შეწყვეტს, ამის საფასურის გადახდა „ამერიკელებს საკუთარი სისხლით მოუწევთ".

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ახლა „ძალიან ზუსტი დროა" უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ვაშინგტონში ვიზიტისთვის არა მხოლოდ რუსეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან გაზრდილი აქტიურობის, არამედ კონგრესში არსებული ვითარების გამო.

ახალი სტრატეგია

„ნიუ იორკ თაიმსი" ორი ქვეყნის ოფიციალურ წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინა და აშშ 2024-25 წლისთვის ახალ სამხედრო სტრატეგიაზე მუშაობენ. აშშ-ს მიაჩნია, რომ კიევმა უშუალოდ ფრონტზე მოწინააღმდეგეს „რეალური საფრთხე" უნდა შეუქმნას, რათა მომავალი წლის ბოლოს, ან 2025 წლის დასაწყისში აიძულოს რუსეთი დათანმხდეს სამშვიდობო მოლაპარაკებას უკრაინისათვის მისაღები პირობებით.

ეს სტრატეგია გულისხმობს ფრონტზე არსებული ვითარების დაახლოებით ერთი წლით დაკონსერვებას. ანუ, უკრაინის არმია უნდა გადავიდეს თავდაცვის რეჟიმში და ორიენტირებული უნდა იყოს იმაზე, რომ მაქსიმალურად შეინარჩუნოს პოზიციები და უფრო მყარად მოიკიდოს ფეხი იმ ტერიტორიებზე, რომელსაც ამჟამად აკონტროლებს.

ამის პარალელურად, უკრაინამ უნდა დააგროვოს რესურსები მომავალი სამხედრო კამპანიისათვის - მოამზადოს რეზერვები და მაქსიმალურად განავითაროს საკუთარი სამხედრო მრეწველობა.

აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენელთა აზრით, ეს „გაზრდის უკრაინის უსაფრთხოებას და კიევს ექნება შესაძლებლობა ნებისმიერი ახალი რუსული შეტევა მოიგერიოს". თავად კიევში კი, ამავე წყაროს ცნობით, უფრო აქტიური სამხედრო მოქმედებებისკენ იხრებიან.

ამასთან, აშშ-ის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ რუსეთმა ფსონი ამერიკული დახმარების შემცირებაზე დადო და თუ სტრატეგია არ შეიცვლება, 2024 წელს შესაძლოა 1916 წლის სცენარი განმეორდეს, ეს კი „პირველი მსოფლიო ომის ყველაზე მომაკვდინებელი წელი იყო, როდესაც ათასობით ახალგაზრდა დაიღუპა და ბრძოლის ხაზები ძალიან ცოტა შეიცვალა".

გარდა ამისა, „ნიუ იორკ თაიმსი" უკრაინელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ პენტაგონი კიევში ხანგრძლივი მივლინებით აგზავნის თავის წარმომადგენელს - გენერალ-ლეიტენანტ ანტონიო აგუტოს ახალი სამხედრო სტრატეგიის შესამუშავებლად. იგი უშუალოდ უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობასთან იმუშავებს, რათა თავის გამოცდილება გაუზიაროს ახალი სტრეტეგიის დაგეგმვისთვის. ორივე მხარის წარმომადგენლების თქმით, ახალი სტრატეგიის დეტალები იანვარში გერმანიის ქალაქ ვისბადენში გამართულ სამხედრო თამაშების დროს საბოლოოდ დამუშავდება.

გენერალი ვახტანგ კაპანაძე „რეზონანსთან" მიიჩნევს, რომ ფრონტზე არსებული რეალობის გათვალისწინებით, ამერიკელების რჩევა სწორია. თუმცა, მისი თქმით, ამ შემთხვევაში არის საფრთხე, რომ პარალელურად რუსეთმაც დააგროვოს რესურსი.

„ამ არსებულ რეალობაში ამერიკელების სტრატეგია აბსოლუტურად სწორია, თუმცა რუსების განლაგების სიღრმეში სპეციალური ძალები და პარტიზანული მოქმედება უნდა გააქტიურდეს. ახლა უკრაინას იმის რესურსი არ აქვს, რომ ისეთი შეტევა გააგრძელოს, რომელიც არაფრის მომცემია და პირიქით, ამის პარალელურად ტერიტორიების ნაწილი თავად დაკარგოს, ეს წამგებიანია.

„აქ ერთი საკითხიცაა - ამის პარალელურად რუსეთიც მოემზადება და ეცდება, რომ ეს დრო უფრო კარგად გამოიყენოს და უფრო მეტი რესურსი დააგროვოს. მაგრამ რუსებზე მეტი რესურსი აქვს ევროპას, რომ უკრაინა გააძლიეროს. ამერიკის რჩევა სწორია და უკრაინა ამ სტრარეგიას ცოტათი ადრეც უნდა მიჰყოლოდა", - განაცხადა გენერალმა კაპანაძემ.

მან იმ მიზეზებზეც ისაუბრა, რატომ არაა ახლა მიზანშეწონილი უკრაინის ინიციატივის განხორციელება.

„აღარ აქვს რესურსი, რომ ფართომასშტაბიანი შეტევები განახორციელონ, საჰაერო ძალები სჭირდებათ, გადაიარაღება სჭირდებათ. დანაკარგი უკრაინელებსაც აქვთ - ახალი ძალების მომზადება-მიბილიზება და მწყობრში ჩაყენება სჭირდებათ. თავდაცვაში უფრო გაუძლებენ და ამას უფრო ადვილად მოახერხებენ, ვიდრე შეტევაში. პლიუს უკრაინამ პრაქტიკულად უნდა შექმნას თავისი სამხედრო მრეწველობა. ახლა ფრონტზე რთული მდგომარეობაა, ორივე მიმართულებით სიტუაცია ჩიხშია შესული", - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ „რეზონანსთან".

რისთვის ჩავიდა ზელენსკი აშშ-ში

11 დეკემბერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში ჩავიდა. ის საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელებს შეხვდა. მოგვიანებით გაიმართა მისი შეხვედრა აშშ-ის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინთან, რის შემდეგაც ორშაბათს ისინი აშშ-ის თავდაცვის ეროვნულ უნივერსიტეტს ეწვივნენ.

სიტყვით გამოსვლისას ზელენსკიმ აშშ-ის თავდაცვის მდივანს მხარდაჭერისთვის და ლიდერობისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ „უკრაინა თავისუფლების წინააღმდეგ ომში პირველი ფრონტია". მისივე თქმით, როდესაც თავისუფალი სამყარო ყოყმანობს, სწორედ მაშინ ზეიმობენ დიქტატორები.

„მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკა არც კი შეეცადოს ჯარისკაცებს უღალატოს. ისევე, როგორც იარაღია საჭირო მათი თავდაცვისთვის, თავისუფლება ყოველთვის მოითხოვს ერთიანობას", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

„ეი-ბი-სის" ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტს უკვე შეხვდნენ სენატში დემოკრატების ლიდერი ჩაკ შუმერი და რესპუბლიკელების ლიდერი მიჩ მაკკონელი. ასევე წარმომადგენელთა პალატის სპიკერ მაიკ ჯონსონს, რომელიც რესპუბლიკელია და სპიკერად ცოტა ხნის წინ აირჩიეს. გარდა ამისა, თეთრ სახლში დაგეგმილია ვოლოდიმირ ზელენსკისა და ჯო ბაიდენის შეხვედრა.

„პრეზიდენტმა ზელენსკიმ ძალიან მკაფიოდ ისაუბრა, რომ უკრაინას სჭირდება დახმარება და თუ ეს დახმარება იქნება, უკრაინა გაიმარჯვებს. მან ასევე დეტალურად ისაუბრა, როგორი დახმარება სჭირდება უკრაინას და როგორ გაიმარჯვებს ის. მან ასევე მკაფიოდ განაცხადა, რომ უკრაინის დამარცხება პუტინის გამარჯვებას ნიშნავს და ეს ძალიან სახიფათოა ამერიკისთვის. უკრაინას სჭირდება დახმარება და ეს დახმარება მან სასწრაფოდ უნდა მიიღოს", - ამბობს ჩაკ შუმერი.

თსუ-ს პროფესორი და ანალიტიკოსი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ზელენსკის აშშ-ში ვიზიტი მნიშვნელოვანია როგორც უკრაინის, ასევე აშშ-სთვის და ამ ვიზიტს დიდი ყურადღებით აკვირდება რუსეთიც, რადგან დასავლეთმა ის სცენარები არ დააყენოს თავდაყირა, რომელლის განვითარებასაც მოსკოვი ელოდება უკრაინისათვის დასავლეთის დახმარების შემცირების პირობებში.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი, როგორც უკრაინის, ასევე აშშ-სთვის. ფრონტზე შექმნილი მძიმე მდგომარეობის გამო, უკრაინას დასავლეთიდან და განსაკუთრებით აშშ-დან ძალიან ძლიერი მხარდაჭერა სჭირდება. იმ გართულებების ფონზე, რაც ამერიკის კონგრესში წარმოიშვა, მნიშვნელოვანია, რომ ზელენსკიმ სენატორების დარწმუნება მოახერხოს, რომ მათ უკრაინის დახმარება გააგრძელონ სამკვდრო-სასიცოცხლო ომში, რომელიც არა მარტო უკრაინის, არამედ მთლიანი დასავლეთის პრობლემაა, რადგან, თუ ახლა რუსეთი არ გააჩერეს, შემდეგ უკვე პრობლემა იქნება მთლიანად დასავლეთისთვის. არაა გამორიცხული, რომ შემდეგ რუსეთმა უკვე ნატოს წევრ სახელმწიფოსაც შეუტიოს და ეს აშშ-ს პრეზიდენტსა და სხვა ოფიციალურ პირებს კარგად ესმით, რომლებმაც მსგავსი შინაარსის განცხადებები გააკეთეს.

„ახლა მთავარია ზელენსკი რამდენად მოახერხებს განსაკუთრებით რესპუბლიკელი სენატორების დარწმუნებას, რომ მხარდაჭრა გააგრძელონ. გალღვება თუ არა ყინული უკრაინის დახმარებაზე, ეს შიდა განწყობებზეა დამოკიდებული და იმაზე, თუ რამდენად გაითვალისწინებენ იმ არგუმენტებს და მოსაზრებებს, რომელსაც ზელენსკი გააცნობს.

„რუსეთისთვის ეს ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თუ აშშ-მა საბოლოოდ გადაწყვიტა და უკრაინას დახმარება შეუწყვიტა, ეს მოსკოვს წააქეზებს, რომ შეტევითი ოპერაციები გააგრძელოს და უკრაინა ძალიან არასასურველ სიტუაციაში ჩააყენოს, როცა მოუწევს იმ პირობებზე დათანხმება, რასაც რუსეთი შესთავაზებს, რაც უკრაინის ხელისუფლებისთვის წარმოუდგენელია.

„რუსეთს იმედი აქვს, რომ უკრაინის დახმარების პროგრამა რაც უფრო გაჯანჯლდება, მათთვის უკეთესია. ასევე, თუ 15 დეკემბერს ევროკავშირში უნგრეთი თავისას გაიტანს, ეს უკრაინის დასავლეთში ინტეგრაციას დამატებით ხელს შეუშლის, ეს კი რუსეთისთვის სასურველი სცენარებია და წარმოშობს იზოლაციის საშიშროებას. უკრაინული საზოგადოებისთვის დარჩება განცდა, რომ ისინი დასავლეთმა მიატოვა და სწორედ ესაა ის ისცენარი,. რომელსაც რუსეთი ელოდება", - განაცხადა კორნელი კაკაჩიამ „რეზონანსთან".

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×