ელზა პაპოშვილი
11.12.2023

გადაიღალა თუ არ დასავლეთი უკრაინის ომით და ჩავარდნილი კონტრშეტევის შემდეგ გამწვავდა თუ არა შიდა პოლიტიკური სიტუაცია უკრაინაში - ამ კითხვებს დასავლური მედია სულ უფრო ხშირად სვამს და ღიად ალაპარაკდნენ იმაზე, რომ  პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და უკრაინის არმიის სარდალ ვალერი ზალუჟნის შორის დაძაბული ურთიერთობაა. 

უფრო მეტიც, უკრაინაში ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგები აჩვენებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ ნდობა საკმაოდ არის შერყეული სხვადასხვა მოვლენების, განსაკუთრებით კი კორუფციული სკანდალების გამო. ნოემბერში მხოლოდ 32% იყო მზად მის მხარდასაჭერად, ხოლო გენერალი ზალუჟნი სარგებლობდა თავისი თანამემამულეების 70% – ზე მეტი ნდობით. 

დასავლეთში სვამენ კითხვას, რამდენად რეალურია სერიოზული კონფლიქტი არმიის გენერალსა და ქვეყნის პრეზიდენტს შორის, კიევში კი ირწმუნებიან, რომ მომხდარი ფაქტები რაღაც უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე უბრალო პოლიტიკურ სპეკულაციას. მათ მოჰყავთ გენერლის შეფასებები ბრიტანულ „ეკონომისტისადმი“ მიცემულ ინტერვიუდან, რომლის მიხედვით, მან ღიად აღიარა, რომ ფრონტზე ვითარება ჩიხში შევიდა.    

რა ხდება ფრონტის ხაზზე

რუსეთის საოკუპაციო ძალებსა და უკრაინის თავდაცვის ძალებს შორის, ბოლო 24 საათის განმავლობაში, 91 სამხედრო შეტაკება მოხდა, მათგან 34 ავდეევკის მიმართულებით, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

გენშტაბის ცნობით, კუპიანსკის მიმართულებით, ხარკოვის ოლქის სინკოვკას რაიონში უკრაინელმა დამცველებმა მოწინააღმდეგის 7 თავდასხმა მოიგერიეს, ლიმანის მიმართულებით, დონეცკის ოლქის ტერნოვის, ვესელესა და რაზდოლევკას რაიონებში კი - 6 შეტევა.

„ბახმუტის მიმართულებით, ჩვენმა ჯარისკაცებმა მოიგერიეს მტრის 12 შეტევა დონეცკის ოლქის ბოგდანოვკას, კლეშჩევკასა და ანდრეევკას რაიონებში. უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ თავდასხმის ოპერაციებს ბახმუტის სამხრეთით, მტერს ცოცხალი ძალისა და აღჭურვილობის დიდ დანაკარგებს აყენებენ და მიღწეულ ხაზებზე მაგრდებიან“, - აცხადებენ გენშტაბში.

გენშტაბის ცნობით, ავდეევკას მიმართულებით უკრაინელი დამცველები აგრძელებენ მოწინააღმდეგის შეკავებას, რომელიც არ წყვეტს ავდეევკას ალყაში მოქცევის მცდელობებს.

„ჩვენი ჯარისკაცები მტკიცედ იცავენ თავდაცვის ხაზებს და მტერს მნიშვნელოვან ზარალს აყენებენ. თავდაცვის ძალებმა წარმატებით მოიგერიეს მტრის 34 შეტევა ნოვობახმუტოვკას, სტეფნოის, ავდეევკას, სევერნის, ტონენკისა და პერვომაისკის აღმოსავლეთით მდებარე რაიონებში“, - აცხადებენ გენშტაბში.

მათივე ცნობით, მარინკას მიმართულებით თავდაცვის ძალები აგრძელებენ მოწინააღმდეგის შეკავებას კრასნოგოროვკას, მარინკასა და ნოვომიხაილოვკას რაიონებში, სადაც მათ 17 შეტევა მოიგერიეს.

გენშტაბში აცხადებენ, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა ზაპოროჟიეს მიმართულებით მტრის 6 თავდასხმა მოიგერიეს. ამასთან, მელიტოპოლის მიმართულებით, უკრაინის თავდაცვის ძალები მტერს ცოცხალი ძალისა და აღჭურვილობის მნიშვნელოვან დანაკარგებს აყენებენ.  

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი  კი სამშაბათს თეთრ სახლში უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის უმასპინძლებს.

თეთრი სახლის პრესსპიკერის, კარინ ჟან-პიერის განცხადებით, შეხვედრის მიზანია, ხაზი გაესვას შეერთებული შტატების ურყევ ერთგულებას უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად, როდესაც ისინი თავს იცავენ რუსეთის სასტიკი შეჭრისგან.

„იმ ფონზე, როცა რუსეთი აძლიერებს უკრაინის წინააღმდეგ სარაკეტო და დრონების გამოყენებით დარტყმებს, ლიდერები განიხილავენ უკრაინის გადაუდებელ საჭიროებებსა და ამ კრიტიკულ მომენტში შეერთებული შტატების მხარდაჭერის სასიცოცხლო მნიშვნელობას“, - აღნიშნა კარინ ჟან-პიერმა.

ზელენსკი და ბაიდენი სამშაბათს შეხვდებიან 

ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ში ვიზიტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაც და აცხადებს, რომ პრეზიდენტები თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას განიხილავენ.

მათივე ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკი ყურადღებას გაამახვილებს რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერის საკითხზე აშშ-ს, ევროპასა და დანარჩენ მსოფლიოს შორის ერთიანობის უზრუნველყოფაზე.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ზელენსკი და ბაიდენი ასევე განიხილავენ მომავალი წლის თავდაცვითი თანამშრომლობის საკითხებს, მათ შორის ერთობლივ პროექტებს იარაღისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების წარმოებაზე.

აღსანიშნავია, რომ ზელენსკის აშშ-ში ვიზიტი იმ ფონზე ხდება, როდესაც კონგრესი უკრაინის დახმარების შესახებ მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები მიმდინარეობს. უმრავლესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა და „რესპუბლიკელების“ ლიდერმა მიჩ მაკკონელმა ზელენსკი სენატში სიტყვით გამოსვლისთვის მიიწვიეს.

ზელენს კი ვაშინგტონს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მესამედ ეწვევა. ის აშშ-ს ბოლოს სექტემბერში ეწვია.  

რატომ ჩავარდა უკრაინელების კონტრშეტევა    

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის ყოფილი უფროსი და გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ამბობს, რომ გენერალი ზალუჟნი თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო გენერალია. შესაბამისად, გენერალს „რეზონანსთან“ უკვირს მის მიერ მიცემული ინტერვიუ, რომელიც ზელენსკის საწინააღმდეგოდ იქნა აღქმული.  

„ზალუჟინის ინტერვიუ საკმაოდ პესიმისტური იყო და ის ზელენსკის სულისკვეთებას ნამდვილად არ იზიარებდა. ზელენსკი მუდმივად ამბობს, რომ ომს წარმატებით ახორციელებენ, ზალუჟნიმ კი პირიქით ისაუბრა. ბევრ საკითხში უშუალოდ მისი პასუხიმგებლობაც არის, რადგან ზალუჟნიმ ამდენი ხნის ომის შემდეგ დაადგინა, რომ რუსები დანაკარგის მიმართ  სენსიტიურები არ არიან? ეს ხომ ომის დასაწყიშივე იყო ცნობილი. 

„ზალუჟნი ამბობს, რომ მოულოდნელობის ეფექტის მიღწევა შეუძლებელია ამ ტექნოლოგიური ომის პირობებში. არადა ზუსტად „ჰამასმა“ არანაკლებ განვითარებული ისრაელის წინააღმდეგ მოულოდნელობის ეფექტით რაც გააკეთა, ვიცით. როგორც წესი ომის ბურუსით იმდენად ბევრი რამ არის მოცული, რომ საუბარი რთულია. ეს არის ემოციური, ტაქტიკური, ოპერატიული და ა.შ. თავად არსებული სიტუაცია აღიქმება ის, როგორც დამარცხებულის ნოტა. 

„არადა რუსეთმა უკრაინის ომთან დაკავშირებით ვერცერთი ის გეგმა ვერ შესარულა, რაც დაგეგმილი ჰქონდა. მისი ამოცანა იყო დენაციონალიზაცია, დემილიტარიზაცია და ნატოს შორს დაჭერა რუსეთისგან. პუტინმა ამას ვერ მიაღწია და ამოცანები შეამცირეს“, - ამბობს გენერალი.    

რაც შეეხება კონტრშეტევას, კაპანაძე ფიქრობს, რომ მის მიმართ მოლოდინების გაზრდა უფრო  პოლიტიკოსების ბრალია. ის მიიჩნევს, რომ მათ მოლოდინი მაღლა აწიეს, რომელიც რეალობაზე არ იყო დაფუძნებული. 

„როდესაც იცი, რომ ფორტიფიცირებული თავდაცვა გაქვს გასარღვევი, ისე, რომ საჰაერო თავდაცვა არ გაგაჩნია, რა თქმა უნდა, ეს ესე არ მოხდებოდა. ამის გარეშე სრულფასოვანი დიდი იმედის მომცემი გარღვევა ვერ მოხდებოდა. ამას დაემატა კიდევ ბახმუტისთვის ბრძოლა, რომელიც დროში წაგება იყო. არის გადაწყვეტილებები, რომელიც პოლიტიკაზე ბაზირებულია და არის, რომელიც სამხედრო რეალობაზეა დაფუძნებული. ასევე, ემოციაზე ბაზირებული გადაწყვეტილება. ვფიქრობ ბახმუტი ემოციაზე იყო ბაზირებული.

„სუროვიკინმა ეს დრო სწორედ ამ თავდაცვის გასამაგრებლად გმოიყენა. იმდენი მოცემულობაა, რომ ძალიან ძნელია უკრაინის ომში ვიღაც კონკრეტული დავადანაშაულოთ. ნუ დაგვავიწყდება დასავლეთის დახმარება და შეიარაღების მიწოდება, რომელიც არ ხდებოდა იმ დროს, როცა საჭირო იყო. ელემენტარულად სანამ ტანკები შევიდოდნენ უკრაინაში, ყველა ტანკსაწინააღმდეგო საშუალება რუსებმა განავითარეს. დიდი ეჭვი მაქვს, სანამ დასავლეთი უკრაინას თვითმფრინავებს მიაწვდის, რუსები ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვასაც განავითარებენ“, - ამბობს გენერალი.        

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×