ნაზი ბერიძე
07.12.2023

კიევი კოლაბორაციონისტებზე ნადირობას აგრძელებს - ოთხშაბათს მოსკოვის სიახლოვეს, მოკლეს უმაღლესი რადას დეპუტატი, რომელიც ომის დაწყების შემდეგ პუტინის მხარეს გადავიდა და რუსეთში გაიქცა. მოსკოვი ამ თავდასხმას ტერორისტულ აქტად განიხილავს, თუმცა როგორც სამხედრო ექსპერტები „რეზონანსთან" აცხადებენ, მოღალატეები უნდა დაისაჯონ, სხვაგვარად ომში წარმატებას ვერ მიაღწევ.

უკრაინის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, სპეცსამსახურებმა განახორციელა რადას ყოფილი უკრაინელი დეპუტატის, ილია კივას მკვლელობა, რომელიც პარლამენტიდან იყო გაძევებული და გასულ წელს რუსეთში გადაიხვეწა, მოსკოვის მიერ სამხედრო აგრესიის დაწყებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ.

კივას ცხედარი ოთხშაბათს, მოსკოვის მახლობლად, სოფელ სუპონევოში აღმოაჩინეს, - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო საშუალებებში „რია ნოვოსტის" განუცხადა.

მას შემდეგ, რაც რუსეთი გასული წლის თებერვალში უკრაინაში შეიჭრა, უკრაინამ განაცხადა, რომ რამდენიმე მკვლელობისა და თავდასხმის უკან დგას. ძირითადი სამიზნეები არიან ომის მომხრე რუსები და ყოფილი უკრაინელი ჩინოვნიკები, რომლებმაც მხარი დაუჭირეს მოსკოვის ომს.

ეროვნულ ტელევიზიაში გამოსვლისას უკრაინის სამხედრო დაზვერვის სპიკერმა ანდრეი იუსოვმა თქვა: „ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ კივას ბედს გაიზიარებს უკრაინის სხვა მოღალატეებიც." მან კივას „ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნაგავი და მოღალატე კოლაბორაციონისტი" უწოდა.

კიევი აქამდე იშვიათად აკეთებდა კომენტარს იმის შესახებ, იდგა თუ არა ის პრორუსული ფიგურების მკვლელობის უკან, როგორც რუსეთის შიგნით, ასევე უკრაინის ტერიტორიის ფარგლებში, რომლებიც რუსული ძალების მიერ იყო ოკუპირებული. მაგრამ ბოლო დროს მან დაიწყო პასუხისმგებლობის აღება რამდენიმე თავდასხმაზე და ღიად დაიმუქრა სხვა „კოლაბორაციონისტებისა მოღალატეების" დასჯით.

სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" ამბობს, რომ მსგავსი ტაქტიკა ომს ახასიათებს.

„ პირველი არ იყო კივაზე თავდასხმა. მანამდე თავდასხმა მოაწყვეს ოლეგ ცაროვზე, რომელიც მძიმედ დაიჭრა. პრინციპში ასეთი ტაქტიკა ომის პერიოდში სამწუხარო რეალობაა და ითვალისწინებს მოწინააღმდეგის პოლიტიკური ძალების ლიკვიდაციას. ეს ომის პირობებში ასეთი ტაქტიკაა, რუსეთი და უკრაინა ორივე საბჭოთა კავშირის მემკვიდრეები არიან და იყენებენ ჩვეულ ტაქტიკას," - განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ მაისაიამ.

როგორც პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე აცხადებს, „კივას მკვლელობაზე არ ვიცი ნამდვილად დეტალები, მაგრამ ზოგადად მოღალატეები უნდა მოკვდნენ, უნდა დაისაჯონ. ომში როცა ხარ და გამარჯვება გინდა, კოლაბორაციონისტები და მოღალატეები საშინლად უნდა დასაჯო, სხვა გზა არ არის, სხვანაირად ვერ გაიმარჯვებ", - განაცხადა „რეზონანსთან" ლაშა ბერიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×