ელზა პაპოშვილი
06.12.2023

გადაიღალა თუ არა დასავლეთი უკრაინის ომით და არსებობს თუ არა იმის ალბათობა, რომ დაფინანსების გარეშე დარჩენილ უკრაინას მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა აიძულონ?ახლა მთელი ყურადღება აშშ-კენ არის მიმართული, სადაც კონგრესმა უკრაინისთვის დახმარების ახალი პაკეტი უნდა დაამტკიცოს. 

თუმცა , როგორც ირკვევა, შეერთებული შტატების მიერ უკრაინის დაფინანსების საკითხის ჩიხში შესვლის გამო, ზელენსკიმ ამერიკელ კანონმდებლებთან ონლაინ ბრიფინგზე უარი თქვა. ვირტუალური გამოსვლები ბოლო მომენტში გაუქმდა, - ამის შესახებ BBC წერს.

„ზელენსკი ვერ შემოუერთდა ჩვენს ბრიფინგს. ბოლო წუთს, რაღაც მოხდა", - განაცხადა "დემოკრატმა" სენატორმა.

ონლაინ ჩართვის გაუქმებას წინ უძღოდა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, ანდრიი ერმაკის განცხადება, რომ, თუ აშშ-ის სენატი უკრაინისთვის მეტ სამხედრო დახმარებას არ დაამტკიცებს, უკრაინა რუსეთთან ომის წაგების საფრთხის წინაშე აღმოჩნდება.    

ერმაკმა, ვაშინგტონში ვიზიტის დროს, კონგრესს მოუწოდა, უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსება დაამტკიცოს.

„თუ დახმარება, რომელიც ამჟამად კონგრესში განიხილება, გადაიდო - არ ვგულისხმობ არ მიღებას - ეს შექმნის დიდ რისკს, რომ ჩვენ ვიქნებით იმავე მდგომარეობაში, რომელშიც ახლა ვართ და რა თქმა უნდა, ეს ძალიან დიდი ალბათობით შეუძლებელს გახდის ტერიტორიების გათავისუფლების გაგრძელებას და ომის წაგების დიდ რისკს შექმნის“, - აღნიშნა ერმაკმა.

მისი თქმით, უკრაინას სჭირდება არა მხოლოდ სამხედრო დახმარება, არამედ საბიუჯეტო მხარდაჭერაც. "უკრაინა ახლა პარტნიორებთან ერთად მუშაობს მომავალი წლის გეგმაზე. ჩვენ გვინდა გავიმარჯვოთ რაც შეიძლება მალე, რადგან უკვე გავიდა ორი წელი და ორი წელი დიდი დროა", - განაცხადა ერმაკმა. 

უკრაინის დახმარებაზე უარის თქმა აბსოლუტური სიგიჟეა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.

„უკრაინის მხარდაჭერაზე უარი უბრალოდ აბსოლუტური სიგიჟეა“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინის დახმარებაზე უარის თქმა აშშ-ის ინტერესებს ეწინააღმდეგება და პირობა დადო, რომ მისი ადმინისტრაცია უკრაინისთვის თანხების გამოყოფის შესახებ შეთანხმებას მიაღწევს.

უკრაინის დახმარების საკითხზე კომენტარი აშშ-ის სახაზინო მდივანმა, ჯანეტ იელენმაც გააკეთა.

„თუ ჩვენ უკრაინას დაფინანსებას ვერ მივაწოდებთ, მაშინ შეგვიძლია მათ მარცხზე პასუხისმგებლობა ავიღოთ“, - განაცხადა ჯანეტ იელენმა.  

სამხედრო ანალიტკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან“ ამბობს, რომ დასავლეთში უკრაინის ომით უკვე დაიღალნენ და ამის მიზეზი მისი გაჭიანურებაა. მაისაია ფიქრობს, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი უკვე ყველამ იცის, რომ თუ ის პრეზიდენტი იქნება, არანაირ დათმობაზე არ წავა. ამიტომაც რაღაცა გამოსავლის მოძებნა სურთ. 

„ზელენსკის გაცხადებული აქვს, რომ თუ ის იქნება ისევ პრეზიდენტი, ის მიწის ერთ გოჯსაც კი არაფრის ფასად არ დათმობს. ეს კონსტიტუციის დონეზეც კი ჰყავს აყვანილი. ზელენსკს რა პოლიტიკური მოთხოვნების საფუძველზეც მოვიდა, იმ კურსს მიჰყვება. ის საკუთარი დაპირებების მსხვერპლიც არის. ამიტომ არის, რომ არესტოვიჩის მოქნილი პოლიტიკა და ომის დასრულების გეგმა უფრო პოპულარული გახდა უკრაინაშიც და დასავლეთშიც. 

„არესტოვიჩმა შესაძლოა ეს პოლიტიკა  გამოიყენოს. თუკი უკრაინაში საპრეზიდენტო  არჩევნები ჩატარდა, არესტოვიჩი, ზელენსკი და ზალუჟინი სერიოზული მეტოქეები იქნებიან. ეს სამი ადამიანი არის ყველაზე პოპულარული ახლა დასავლეთშიც და ქვეყნის შიგნითაც. უკრაინაში არცერთ პოლიტიკოსს არ გააჩნია ამხელა წონა, როგორც ამ სამ ადამიანს.   

„რაც შეეხება დასავლეთში დაწყებულ პესიმიზს, ეს არის ომის გაჭიანურებით გამოწვეული. ომი ჩიხურ მდოგომარებაშია შესული. ბუნებრივია, ყველა ომს აზრი ეკარგება, თუკი საომარი მდგომარეობის სტიმულირება არ მოხდა. თუ ეს ომი პოზიციურია და არა მოტივირებულია, აქ უკვე სხვა ფაქტორები მოდის წინ“,-ამბობს მაისაია. 

რაც შეეხება იმ ფაქტს, დასავლეთში ხომ არ განიხილავენ ომის დასრულებას ზელენსკის არესტოვიჩით ან ზალუჟინით ჩანაცვლებას, მაისაია ამბობს, რომ რთული სათქმელია და ამას ალბათ დრო აჩვენებს. 

„ზელენსკი ჯერ კიდევ ძლიერად არის და მისი ჩანაცვლება არც თუ ისე ადვილი იქნება. მას აქვს იმიჯი, რომ ის კრემლის ამ გიგანტურ ძალას უპირისპირდება. თუმცა, უკრაინაში არესტოვჩის მხარდამჭერების რიცხვი იზრდება. ასევე, კიდევ არის ეს ყველაფერი დამოკიდებული იმაზე, ზელენსკის და ზალუჟინის ურთიერთობა როგორ წარიმართება. თუ მან ზალუჟინი გადააყენა, მაშინ ეს უკრაინაში დიდ უკმაყოფილებას გამოიწვევს. 

„ზალუჟინს მხარს არმია უჭერს და ომის დროს ეს ძალიან დიდ რამეს ნიშნავს. ასევე, სავსებით შესაძლებელია, რომ ამერიკელები არესტოვიჩს ზელენსკის შემცვლელადაც მოიაზრებენ. ამერიკას ახლა არჩევნები უწევს და ტაიმაუტი სჭირდება. ამერიკა ახლა თავად დგება მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ციკლის წინაშე და არჩევნების დროს ყველაფერი ამერიკელებისთვის უნდათ. ამიტომ, როცა ამერიკაში  არჩევნები იწყება, ასეთი ომისთვის ძალიან ცუდი პერიოდია. იგივე მოხდა 2008 წლის ომის დროს, როცა ჯორჯ ბუში მიდიოდა და არჩევნები მოდიოდა. რუსეთმა მაშინ ძალიან კარგად შეარჩია დრო. ახლაც  შესაძლოა მოვლენები ასე განვითარდეს“,-ამბობს მაისაია.      

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×