ელზა პაპოშვილი
04.12.2023

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ ქვეყანა ომის ახალ ფაზაშია და ზამთარი, ზოგადად, ომის ახალი ეტაპია. თავდასხმები მიმართულია ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისა და მშვიდობიანი მოსახლეობისკენ. გარდა ამისა, ვითარებას ართულებს დაბალი ტემპერატურა.

ამინდის პირობები ანელებს საბრძოლო მოქმედებების ტემპს, როგორც უკრაინის თავდაცვის ძალების, ასევე ოკუპანტების მხრიდან, ფრონტის მთელ ხაზზე - ამის შესახებ ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტიც წერს თავის ანგარიშში.

ვითარება ასეთია: ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყნის აღმოსავლეთში 80-ზე მეტი საბრძოლო შეტაკება მოხდა. უკრაინული მხარის მტკიცებით, ოკუპანტთა იერიშების შეჩერება ჯერჯერობით ყველა მიმართულებით ხერხდება. ომის 648-ე დღეს ოკუპანტებმა შეუტიეს დონეცკის, ხარკოვისა და ლუგანსკის ოლქებს. დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. არიან დაშავებულები. ომში მყოფი ქვეყნის საჰაერო თავდაცვამ, მტრის 10 უპილოტო საფრენი აპარატიც გაანადგურა.   

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა მას მიაწოდა ინფორმაცია მათ შესახებ, ვინც ქვეყნის შიგნით მტრობას შეგნებულად აჩაღებს.

„უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა მომახსენა კოლაბორანტებთან დაპირისპირების შესახებ და უკრაინელების მათგან დაცვის შესახებ, ვინც მიზანმიმართულად აჩაღებს მტრობას ჩვენს ქვეყანაში“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, შეხვედრა გამართა ასევე თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვთან და სხვა ოფიციალურ პირებთან, სადაც ადამიანების დაცვის უზრუნველსაყოფად უკრაინის შეტევითი ოპერაციების ჩატარების უნარი და უკრაინის გაძლიერების შესაძლებლობები განიხილეს.

„ყველას უნდა გვახსოვდეს : რუსეთს ჯერ კიდევ შეუძლია ბოროტების მოტანა. ვერავინ შეძლებს თვალის დახუჭვას. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ. უნდა ვიზრუნოთ ჩვენს თავდაცვაზე, როგორც უმთავრეს პრიორიტეტზე და ჩვენს სახელმწიფოს ყოველდღე მეტი ძალა უნდა მივცეთ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.  

აშშ-ს კონგრესში უკრაინისთვის ახალი ფართომასშტაბიანი დახმარების პაკეტის დამტკიცების გარეშე, აშშ-ის შესაძლებლობები ყოველ კვირას მცირდება, - ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა.

„ეს უკვე გავლენას ახდენს ჩვენს უნარზე, მივცეთ უკრაინას ყველაფერი, რაც მას სჭირდება და ეს ეფექტი დროთა განმავლობაში მხოლოდ გაიზრდება“, - აღნიშნა სალივანმა.

მისი თქმით, აშშ-ის კონგრესმა უნდა მიიღოს პრეზიდენტის მოთხოვნა, რომელიც მოიცავს უკრაინისა და ისრაელის დახმარებას, რაც შეიძლება მალე, რადგან ეს პირდაპირ აისახება აშშ-ის ეროვნულ ინტერესებზე სალივანმა განმარტა, რომ მთავრობა აქტიურად მუშაობს რესპუბლიკელებთან და დემოკრატებთან აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაში, რათა უზრუნველყოს ამ ინიციატივის მხარდაჭერა.  

საქართველოს შეიარაღებული  ძალების  გენშტაბის ყოფილი უფროსი და გენერალ - მაიორი ვახტანგ კაპანაძე კი ამბობს, რომ ფრონტის ხაზზე სიტუაცია ჩიხშია შესული და ორივეე მხარე წინ ძალიან ნელა მიიწევს. თუმცა, რუსეთს გარკვეული წინსვლა აქვს. გენერალი „რეზონანსთან“ ვარაუდობს, რომ რუსები ირაღს ჩრდილოეთ კორეადან იღებენ. 

„ახლა რუსები ფაქტობრივად გადამწვარი მიწის ტაქტიკის გამოყენებას ახორციელებენ. რუსები სწორედ ამის ხარჯზე გადაადგილდებიან წინ. დასახლებულ ადგილებს სრულად ანადგურებენ. უკრაინელებს საერთოდ არა აქვთ საშუალება, რომ სადმე მოეფარონ და წინააღმდეგობა ამ ფორმით გაუწიონ. რუსებიც და უკრაინელებიც კვირაში წინ მხოლოდ ასი მეტრით მიიწევენ. სამწუხაროდ თავად ჟალუზინმაც თქვაა, რომ ამ ეტაპზე ბრძოლის ველზე კონცეტრირება ფარულად გადაადგილება და ა.შ. ძალიან რთულია. 

„რუსებმა მოახერხეს და უკრაინელები პოზიციურ ბრძოლებში ჩაითრიეს. მე მაინც დღემდე ვფიქრობ, რომ უკრაინელებმა დიდი შეცდომა დაუშვეს, როდესაც კონტრშეტევაზე განცხადებები წინასწარ გააკეთეს. შექმნეს გარკვეული მოლოდინები, რაც ყველაზე ცუდი აღმოჩნდა. 

„უკრაინელები ძალიან გრძელ მანძილზე გაიშალნენ, რაც არ იყო ტაქტიკურად გამართლებული. ბახმუტის დაბრუნებაზეც იყო ბრძოლა, ხერსონისკენაც იბრძოდნენ. ძალების ერთ წერტილში კონცეტრაცია ვერ გაითვალისწინეს. ვფიქრობ, ამ ყველაფრის მიზეზი კომპლექსურია. ეს არის პოლიტიკური, ემოციური, მორალური და ეკონომიკური. ამ ყველაფერმა კი შედეგი ფრონტის ხაზზე აჩვენა“,-ამბობს კაპანაძე. 

მისივე თქმით, ეს ომი რუსეთს აწყობს, ამიტომ უკრაინა რაც უფრო ღრმად შეჰყვება ომში, კრემლისთვის მით უფრო უკეთესი იქნება. ასევე ყველაზე დიდი პრობლემა მაშინ შეიძლება გაჩნდეს, როდესაც დასავლეთში შეხედავენ, რომ კონტრშეტევა წინ არ მიდის და ომი ჩიხში შევიდა. 

„სამწუხაროდ კიდევ ერთი ზამთარი მოდის და ასეთი მარტივი გადასალახი ზამთარი არ არის. ასევე, არჩევნები მოდის, როგორც ამერიკაში, ევროპაში. ასეთ გამომფიტავ დაპირისპირებაში გადამწყვეტი უკვე აღარ იქნება რა ძალები გყავს ფრონტის ხაზზე. აქ არის მნიშვნელოვანი რა რეზერვი და რესურსი გაქვს ზურგში. უკრაინა ასეთ გამომფიტავ  ომში არ უნდა იყოს ჩართული“,-ამბობს კაპანაძე. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×