თამთა ჩაჩანიძე
26.11.2023

დასავლურ მედიაში ბოლო დროს სულ უფრო ხშირად განიხილება უკრაინაში ომის დასრულების სცენარი, რომლის მიხედვითაც ოფიციალური კიევი შესაძლოა იძლებული გახდეს გარკვეული ტერიტორიების დათმობის სანაცვლოდ სამშიდობო შეთანხმების გაფორმებს დათანხმდეს. რატომ გაძლიერდა ამგვარი პესიმისტური განწყობები და ნიშნავს თუ არა ეს, რომ დასავლეთი უკრაინას რუსეთთან მოლაპარაკებისაკენ უბიძგებს?

ანალიტიკოსთა შეფასებით, ასეთი ტენდენციის გაჩენას, სავარაუდოდ, რამდენიმე მიზეზი აქვს. პირველ რიგში, დასავლეთს თანდათან ეწურება უკრაინის დახმარების რესურსები და გარკვეულწილად იცვლება მიდგომა უკრაინის კონფლიქტისადმი. ეს ჩანს თუნდაც იმაში, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია, კონკრესის წინააღმდეგობის გამო, უკვე რამდენიმე თვეა ვერ ახერხებს უკრაინისათვის დახმარების გამოყოფას. გარდა ამისა, ვერ სრულდება ევროპელთა დაპირება, რომ უკრაინას გაზაფხულამდე მილიონ ჭურვს მიაწვდიან, რის გამოც უკვე გაჩნდა ფრონტზე „ჭურვების შიმშილის" საფრთხე.

მნიშვნელოვანი როლი ითამაშა 7 ოქტომბერს დაწყებულმა ისრაელი-„ჰამასის" კონფლიქტმა, რის გამოც დასავლეთის ყურადღება თითქმის მთლიანად ახლო აღმოსავლეთზე გადაერთო და უკრაინის საკითხმა ძველებული აქტუალურობა დაკარგა.

ამას ემატება არჩევნების თემაც. მაგალითად, სლოვაკეთსა და ნიდერლანდებჩი ჩატარებული არჩევნების შედეგად ხელისუფლებაშ მემარჯვენე ძალები მოვიდნენ, რომლებიც უკრაინის დახმარებას ღიად ეწინააღმდეგებიან. ზოგადად, ევროპაში მემარჯვენეების გაძლიერებას თავისი მიზეზები აქვს, ეს ტენდენცია კი შესაძლოა 2024 წელ დაგეგმილ სხვა არჩევნებზეც გაგრძლდეს და საბოლოოდ უკრაინაზეც აისახოს. გარდა ამისა, აშშ-შიც უკვე იწყება მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის მზადება. 2024 წელს ასევე გაიმართება ევროპარლამენტის არჩევნებიც.

რაც შეეხება თავად უკრაინაში არსებულ განწყობებს, რუსეთთან მოლაპარაკებებშ უკრაინული დელეგაციის ხელმძღვანელმა დავით არახამიამ ორი დღის წინ ტელეარხ „1+1"-სთვის მიცემულ ინტერვიუში რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკება არ გამორიცხა, თუმცა განაცხადა, რომ მომავალი შესაძლო სამშვიდობო შეთანხმება აუცილებლად რეფერენდუმზე უნდა იყოს გატანილი.

ამ ყველაფერთან ერთად, ანალიტიკოსთა შეფასებით, პეისმისტურ განწყობებს აძლიერებს უშალოდ ფრონტზე მიმდინარე მოვლენების დინამიკაც. უკრაინის გაზაფხულის კონტრშეტევის ჩავარდნის შემდეგ, რუსული არმია ფრონტის ცალკეულ მონაკვეთებზე თანდათან იბრუნებს ინიციატივას

ტერიტორიების დათმობა მშვიდობის სანაცვლოდ?

გერმანული გამოცემა „ბილდი" წერს, რომ აშშ და გერმანია აპირებენ აიძულონ უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყებას, მაგრამ ისე, რომ ამის შესახებ პირდაპირ არს თხოვონ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის. გამოცემა იუწყება, რომ ეს ინფორმაცია მათ ოფიციალურმა პირმა მიაწოდა, თუმცა მის ვინაობას არ ასახელებს.

„გერმანულ-ამერიკული გეგმა ასეთია: მიაწოდოს კიევს ზუსტად ის იარაღი და ზუსტად იმ რაოდენობით, რომ უკრაინის არმია ამჟამინდელი ფრონტის შენარჩუნება შეძლოს, მაგრამ ვერ შეძლოს ოკუპირებული ტერიტორიების ბრძოლით უკან დაბრუნება", - ნათქვამია გამოცემის სტატიაში.

მათივე აზრით, ამის შედეგად ზელენსკი დამოუკიდებლად მივა იმ დასკვნამდე, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ვერ შეძლებენ გააუმჯობესონ თავიანთი პოზიციები ფრონტის ხაზზე და ამიტომ კონფლიქტის გაგრძელებას უკრაინისთვის აზრი აღარ ექნება.

როგორც გამოცემასთან ანონიმი თანამოსაუბრე ამბობს, ამ გეგმის წარუმატებლობის შემთხვევაში, შეერთებულ შტატებსა და გერმანიას აქვთ გარკვეული გეგმა „ბ", რომელსაც მსგავსი შედეგები უნდა მოჰყვეს - „მინსკის შეთანხმებები კონკრეტული შეთანხმების გარეშე". ეს გულისხმობს კონფლიქტის გაყინვას და რუსეთ-უკრაინას შრის ერთგვარი კვაზი-საზღვრის გავლებას, ხოლო მხარეები არ მოაწერენ ხელს არანაირ შეთანხმებას.

ამერიკული „ბლუბმერგის" ინფორმაციით კი, უკრაინაში იზრდება იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც ემხრობიან რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმებას ტერიტორიების დათმობების სანაცვლოდ. თუმცა, გამოცემა აქვე წერს, რომ ისინი უმცირესობაშ არიან.

სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ პესიმისტური განწყობეჰი ძირითადად ევროპაში შეიმჩნევა და ამისი რამდენიმე მიზეზია.

„მსგავსი განწყობები ძირითადად ევროპულ გამოცემებში შეიმჩნევა, მიზეზი კი რამდენიმეა. პირველ რიგში, ევროპის სახელმწიფოებს უკრაინის დახმარების რესურსი ამოეწურათ. ასევე მიზეზი ისიცაა, რომ გარკვეულ ქვეყნებში არჩევნებში ულტრამემარჯვენე ძალები დაწინაურდნენ. ასევე უკრაინის მიერ დაანონსებული შეტევისგან უფრო ბევრს ელოდნენ და მოლოდინები არ გამართლდა.

„ამასთანავე, უკრაინის სამხედრო და პოლიტიკურ ელიტაში სხვადასხვა პოზიციებია, ერთ დროს ერთი გუნდის წევრები ახლა ერთმანეთს უპირისპირდებიან - არესტოვიჩი ზელენსკის გადაუდგა და ბევრი რაღაც ისაუბრა და ესეც გარკვეულ ეჭვებს ბადებს დასავლეთში. კორუფციის თემაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანია. საკმაოდ მძიმე ზამთარი მოდის და ევროკავშირს ენერგოუსაფრთხოების პრობლემა აქვს. თხევადი გაზის მიწოდებამაც მაინცდამაინც ვერ გაამართლა. ისინი, სამწუხაროდ, ისევ რუსულ გაზზე არიან დამოკიდებული.

„აქვე ისიცაა გასათვალისწინებელი, რომ აღმოსავლეთში ისრაელსა და პალესტინას შორის სიტუაცია დაძაბულია. ამან კიდევ უფრო გაართულა თხევადი გაზის ტრანსპორტირების საკითხი კატარიდან და სპარსეთის ყურის სახელმწიფოებიდან და ბუნებრივია, რომ ევროპის პოზიცია საკუთარი უსაფრთოების კონტექსტიდან გამომდინარეა.

„აშშ-ს რაც შეეხება, უკრაინასა და ისრაელს რომ დახმარება შეუჩერეს, ალბათ ეს საკითხი დეკემბრის 15-მდე თუ არ მოგვარდა (აშშ-ის საფინანსო მექანიზმის პროცედურა ითვალისწინებს მოცემულ ვადას), ამან შესაძლოა საკმაოდ მძიმე სიტუაცია შექმნას. ეს ისრაელს ნაკლებად ეხება.

„დასავლეთიდან რამდენიმე განცხადება იყო, რომ უკრაინის დამარცხება მათი დამარცხებაა. თუმცა ახლა სიტუაცია უპროგნოზოა და რა ნაბიჯებს გადადგამს დასავლეთი, ჯერჯერობით უცნობია. თან ახლა აშშ-ში წინასაარჩევნო კამპანია იწყება. ზოგადად, 2024 წელი არჩევნების წელია.

„რუსეთსა და დასავლეთს შორი გაქანებული ჰიბრიული ომია და თუ უკრაინამ მშვიდობის სანაცვლოდ რაღაც დათმო, მაშინ რუსეთი გათამამდება და შესაძლოა სხვა ქვეყნებსაც გადასწვდეს. ეს კი დასავლეთისთვის პირდაპირი საფრთხეა", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

ირაკლი ალადაშვილი კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ მსგავსი კამპანია ნიადაგის მოსინჯვაა.

„ესაა ფორის მოსინჯვა იმისთვის, რომ დროებითი ე.წ. ზავი ჩამოვარდეს, რადგან რეალურად უკვე დასავლეთსაც რესურსების შემცირება უწევს, რომლითაც უკრაინას ეხმარებოდა.

ყველა ელოდა, რომ ზაფხულის უკრაინის კონტრშეტევა წარმატებული გამოდგებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. ამიტომ, შესაძლოა, დასავლეთს დახმარების გაგრძელება აღარც სურს და აღარც შეუძლია. ამას ისრაელის ფაქტორიც დაემატა - დახმარებას ისიც ითხოვს.

„შეგვიძლია ვთქვათ, რომ დასვალეთის ის პოლიტიკა, რასაც აქამდე აწარმოებდა უკრაინის არმიის დოზირებულად დახმარებისთვის, იმაში გამოიხატებოდა, რომ მივცეთ უკრაინის არმიას იმდენი იარაღი, რომ მან შეძლოს თავის დაცვა, მაგრამ არ მივცეთ იმდენი, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების გეგმები ჩაფუშოს, რომ მერე პუტინმა საკუთარი არმიის მარცხის გამო, ბირთვული იარაღი არ გამოიყენოს. ეს შიში დასავლეთში სულ იყო და ამიტომაც იარაღს დოზირებულად აძლევდნენ.

„რეალურურად დახმარება არასაკმარისი აღმოჩდა და ბევრი - ძალიან დაგვიანებული. უკრაინის კონტრშეტევის წარუმატებლობა გასაზღვრა არა მხოლოდ უკრაინის სამხედრო ხელმძღვაბნეობის შეცდომებმა, არამედ დასავლეთის სამხედრო დახმარების ამ დოზირებულმა პოლიტიკამაც, რადგან რუსეთის საოკუპაციო ძალებს მეტი დრო მიეცათ თავდაცვითი ზღუდეების ასაგებად", - განაცხადა ირაკლი ალადაშვილმა „რეზონანსთან".

რა მდგომარეობაა ფრონტზე

სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ „არსენალის" მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ რუსები ახლა ცდილობენ ავდეევკა მომავალი წლის მარტამდე როგორმე აიღონ. რაც შეეხება სხვა ცხელ წერტილებს მისი თქმით, ესენია კრემენნოე, ბახმუტი და ხერსონის ოლქი.

„ფრონტზე ორივე მხრიდან დიდი შეტევები გამოირიცხა, მაგრამ ეტყობა, რომ რუსები ყველა ძალით შეეცდებიან ავდეევკა როგორმე აიღონ. საუბარია იმაზე, რომ 2024 წლის 17 მარტს რუსეთში პრეზიდენტის არჩევნებია, რა თქმა უნდა პუტინი გაიმარჯვებს და მანამდე უნდათ, რომ უკრაინაში ახალი ქალაქები დაიპყრონ და განსაკუთრებით კრამატორსკი და სლავიანსკი, რომ მთლიანად დონეცკის ოლქი ოკუპირებული ჰქონდეთ, ამისკენ იღწვიან.

„სხვა ცხელი წერტილებია ჩრდილოეთიდან კრემენნოე, სადაც რუსები უტევენ. ბახმუტში ორივე მხარე უტევს. ხერსონში შეტევაზე უკრაინელები არიან გადასული და პლაცდარმის შექმნას ცდილობენ, თუმცა იქაც კაცმა არ იცის რა მოხდება, რადგან რთული სიტუცაიაა", - განაცხადა ირაკლი ალადაშვილმა „რეზონანსთან"

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ფრონტზე არცერთ მხარეს მნიშვნელოვანი წინსვლა არ აქვს.

„ფრონტზე პოზიციური ბრძოლებია, არცერთ მხარეს არავითარი წარმატება არ აქვს. ცხელი წერტილებია ავდეევკა, მარიინკა, ზაპოროჟიესა და ხერსონის ფრონტის მონაკვეთები. დონეცკის ოლქში მიდის ყველაზე რთული ბრძოლები. რუსებს ტაქტიკური ინიციატივა აქვთ ავდეევკაში და მარიინკაში და ხერსონში კი ინიციატივა უკრაინელების ხელშია.

„ბრძოლები ატარებს პოზიციურ და გაჭიანურებულ ხასიათს. კლიმატური პირობები თავის მხრივ ხელს უშლის ორივე მხარეს შეტევებში, ასევე იარაღის დეფიციტი და მობილიზაციასთან დაკავშირებული პრობლემები. ამ ყველაფერის საბოლოო შედეგი რა იქნება, ამის პროგნოზირება ახლა რთულია.

„შესაძლოა დასავლეთისგან უკრაინას კიდევ ერთი შანსი მიეცეს, რომ გაზაფხულიდან მიწის გამოშრობისთანავე დაიწყოს აქტიური საომარი მოქმედებები. შანსი ბოლომდე დაკარგული არაა. თუმცა, მანამდე რა მოხდება, ესაა გადამწყვეტი. ისრაელ-„ჰამასის" ომმა უკრაინის პოტენციალი აშკარად დასწია. უკრაინა რომ რაიმე დათმობებზე წავა, ესეც ნაკლებად სავარაუდოა. ამიტომ მგონია, რომ ეს ომი მინიმუმ ორი წელიწადს მაინც გაიწელება", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×