თამთა ჩაჩანიძე
23.11.2023

ცუდი ამინდების, დასავლური სამხედრო დახმარების შემცირების და სამხრეთში პრაქტიკულად ჩაშლილი კონტრშეტევის ფონზე, უკრაინამ შერძლო და დნეპრის მარცხენა სანაპიროზე პლაცდარმი გააფართოვა. ქალაქ ხერსონიდან დაახლოებით 20 კმ-ის რადიუსში, დნეპრის მეორე მხარეს, აღებულია რამდენიმე სოფელი და მცირე ქალაქი. ამას ადასტურებენ როგორც ამერიკელი და ქართველი ანალიტიკოსები, ისე რუსი სამხედრო მიმომხილველები. რუსული მხრიდან იყო იმაზეც საუბარი, რომ უკრაინის შეტევას რუსები კონტრშეტევით პასუხობენ, თუმცა, ანალიტიკოსთა შეფასებით, კახოვკას დამბის აფეთქების შემდეგ, რუსეთმა აქ ნაკლებადბრძოლისუნარიანი დანაყოფი დატოვა და მათი წინააღმდეგობა ძლიერი ვერც იქნება.

პოლკოვნიკი ლაშა ბერძიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ უკრაინამ დნეპრის მარცხენა სანაპიროზე პლაცდარმი მართლაც გააფართოვა, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ რაიმე სერიოზული პუნქტი დაიკავონ იმისათვის, რომ რუსული კონტრ დარტყმებისაგან თავი დაიცვან. მისი თქმით, შესაბამისი ფორთიფიკაციული ნაგებობები ძირითადად დიდ ქალაქებშია და ალბათ ჯერი ნოვოკახოვკაზე მიდგება, სადაც რუსებმა რამდნეიმე თვის წინ კაშხალი ააფეთქეს.

ბერიძე ამბობს, რომ პლაცდარმის შექმნა ორ მიზანს ემსახურება. ერთია ის, რომ დამატებითი ფრონტი გაიხსნება სამხრეთით, რაც რუსებს იძულებულს გახდის ძალები სხვა ადგილიდან მოხსნან და იქ გადაისროლონ; და მეორე - ყირიმისკენ მისასვლელი გზა უკრაინას უფრო გაუთავისუფლდება.

რამდენად დიდია პლაცდარმი

ამერიკული ომის შემსწავლელი ინსტიტუტი მორიგ ანგარიშში წერს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ხერსონში დნეპრის მარცხენა სანაპიროზე პლაცდარმს აფართოებენ. ორგანიზაციის ანალიტიკოსები არ ადასტურებენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ამავე ლოკაციაზე რუსები კონტრშეტევით პასუხობენ უკრაინელებს.

ანალიტიკოსები ანგარიშში აღნიშნავენ, რომ ცუდი მეტეოროლოგიური პირობების გამო, ჭირს დრონების მართვა და სამხედრო ტექნიკის გადაადგილება, თუმცა, მიუხედავად ამისა, ნაკლებ სავარაუდოა, რომ ცუდმა ამინდმა უკრაინის, ან თუნდაც რუსეთის შეტევებს ხელი შეუშალოს. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ზამთარში, როცა ნიადაგი გაიყინება, ტექნიკის გადაადგილება აღარ გაჭირდება და სავარაუდოდ საომარი მოქმედებები უფრო გაატიურდება.

დნეპრის მარცხენა სანაპიროზე უკრაინელების გადასვლასა და იქ შეტაკებებს რუსი სამხედრო ბლოგერებიც ადასტურებენ. პლაცდარმის ზუსტი ზომები უცნობია, თუმცა რუსული წყაროების ცნობით, შეტაკებები მიდის უშალოდ მდინარე დნეპრიდან 2-4 კილომეტრში მდებარე დასახლებულ პუნქტებთან.

22 ნოემბერს რუსულმა მხარემ განაცხადამ, რომ განაგრძეს შეტევა ხერსონის ოლქის მარცხენა სანაპიროზე, მაგრამ ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ანალიტიკოსები ამას არ ადასტურებენ.

რა ახალ შესაძლებლობებს აძლევს უკრაინას დნეპრის ფორსირება

პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროზე პლაცდარმის შექმნა და გაფართოვება ამ ომში უკრაინელების მნიშვნელოვანი და გარდამტეხი წინსვლა იქნება. ამჯერად არეალი გაფართოებულია, თუმცა არც ისეთი დიდია, რომ რუსების თავდასხმებისგან თავდაცვა შეძლონ. ბერიძის თქმით, უკრაინას იქ მნიშვნელოვანი დანაყოფი და ტექნიკა ჰყავს გადასროლილი, რუსებს კი იქ ნაკლებად ბრძოლისუნარიანი ნაწილები ჰყავს.

„ეს ძალისხმევა დიდი ხანია მიმდინარეობს. უმნიშვნელოვანესი იყო, რომ დნეპრის მეორე სანაპიროზე პლაცდარმი შეექმნათ. ჩემი ინფორმაციით, გარკვეული ჯავშანტექნიკაც გადაყვანილია თავისი სარტილერიო დანადგარებით. წარმატების ფორმულის გასაღები იმაშია, რომ დნეპრის მარცხენა სანაპიროზე ხელმოსაჭიდი ნელ-ნელა გააფართოვონ. ეს ორ მიზანს შეუწყობს ხელს. ერთია, რომ უკვე შეძლებენ რეალური შეტევა დაიწყონ სამხრეთის მიმართულებაზე - დამატებითი ფრონტი გაუხსნან რუსებს, რაც ძალიან სჭირდება უკრაინას, რადგან ახლა შეზღუდულები არიან აღმოსავლეთში, სადაც რუსებს ძლიერი პოზიციები აქვთ. ეს უკრაინელებს ასევე საშუალებას მისცემს, რომ შეტევა შეძლონ ზაპოროჟიეს ოლქშიც.

„რუსებმა ქალაქი ხერსონი თავის დროზე დათმეს, დნეპრის მეორე ნაპირზე გადავიდნენ და ნოვოკახოვკას დამბა ააფეთქეს, რომ ეს მიმართულება დაეცვათ. უკრაინელების მიერ დნეპრის ფორსირება და ქალაქ ნოვოკახოვკის დაკავება უდიდესი გამარჯვება იქნება, მაგრამ ამას დრო დასჭირდება. თუ უკრაინამ ეს ვერ შეძლო, მაშინ სხვა მიმართულებიდან უწევთ რუსებს აქეთკენ მნიშვნელოვანი ძალების გადმოსროლა და ალბათ ნაპრალი სხვაგან შეიქმნება.

„ამის შემდეგ ყირიმზე ზემოქმედებაც უფრო ადვილია, როცა უკრაინელები დნეპრის მარცხენა სანაპიროზე მოიკიდებენ ფეხს. რამდენიმე სოფელი დაკავებულია, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ რაიმე სერიოზული პუნქტი დაიკავონ. იმისათვის, რომ რუსული თავდასხმებისგან თავი დაიცვან, ფორთიფიკაციული ნაგებობებია საჭირო და ეს ნაგებობები ძირითადად ქალაქებშია. მცირე ზომის ქალაქის დაკავებაა საჭირო, რომ გამაგრდნენ. ალბათ ეს იქნება ნოვოკახოვკა. ახლ რაც დაიკავეს, ერთი პატარა ქალაქი ოლეშკი და რამდენიმე სოფელია.

„მნიშვნელოვანი პლაცდარმია, ბატალიონზე დიდი ქვედანაყოფია გადასრილილი და კიდევ იზრდება. ის, რომ რუსები ვერ აწვებიან და ვერ ყრიან, ნიშნავს, რომ მნიშვნელოვანი ძალაა. უკრაინელები ტერიტორიას არტილერიით იცავენ. აქ ტექნიკის დამატება და კიდევ უფრო გაზრდა ნიშნავს, რომ უკრაინას სამხრეთის მიმართულებით შეტევის ახალ კერას შექმნის, ეს კი რუსებს სიტუაციას დაუძაბავს და იძულებული იქნებიან, რომ ძალები აქეთ გადმოიყვანონ. ამით კი პოზიციებს სწრაფად დაკარგავენ რუსები.

„როცა რუსებმა ნოვოკახოვკის დამბა ააფეთქეს, აქ ნაკლებად ბრძოლისუნარიანი, არც ისე გამოცდილი ქვედანაყოფი დატოვეს. გამოცდილები სამხრეთსა და აღმოსავლეთში გადაიყვანეს. თუ ნოვოკახოვკა უკრაინამ დაიკავა, რუსებს მათი შეჩერება ძალიან გაუჭირდებათ. ზუსტი ინფორმაცია არაა რუსები ხერსონში არიან თუ არა შეტევაზე, მაგრამ ბრძოლა მიდის და წარმატება ჯერჯერობით უკრაინის მხარესაა", - განაცხადა ლაშა ბერიძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×