თამთა ჩაჩანიძე
16.05.2023

რუსეთმა 16 მაისს ომის ისტორიაში კიევზე ყველაზე მასიური სამსაათიანი სარაკეტო იერიში მიიტანა. გამოყენებული იყო „კინჯალის" ტიპის აერობალისტიკური რაკეტებიც. როგორც უკრაინის თავდაცვის უწყება ამბობს, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ყველა რაკეტა გაანეიტრალეს. საწინააღმდეგოს ამტკიცებს რუსული მხარე - რომ ერთი „კინჯალით" უკრაინელებს საჰაერო თავდაცვის სისტემა „პეტრიოტი" გაუნადგურეს. პარალელურად კი მნიშნელოვნად გაიზარდა ბრძოლის ინტენსივობა ბახმუტში, სადაც რუსებმა დამატებითი ძალები გადაისროლეს ალყის თავიდან ასაცილებლად.

სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებიდან ჩანს, რომ 16 მაისის სარაკეტო დარტყმის შემდეგ კიევში აალებები მართლაც იყო, თუმცა, დედქალაქის ადმინისტრაციის განცხადებით, ეს ჩამოგდებული რაკეტების ნამსხვრევებმა გამოიწვია. როგორც სამხედრო ანალიტიკოსები ამბობენ, რუსები უკვე მწვავე საჰაერო იერიშებით ცდილობენ უკრაინა რაიმე სახის დათმობაზე წაიყვანონ. ან ეს ახალი სტრატეგიაა, რომ „რამენაირად ხინჯი მოუძებნონ" უკრაინისათვის გადაცემულ დასავლურ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებს.

ასევე არც იმას გამორიცხავენ, რომ „კინჯალს" „პეტრიოტისთვის" დაერტყა, რადგან 100%-იანი და იდეალური საჰაერო თვადაცვა არ არსებობს და „ერთი-ორი რაკეტა ყველაზე კარგ საჰაერო თავდაცვასაც გაუძვრბა ხოლმე".

ბახმუტში კი უკრაინელებმა „ვაგნერელებს" „სათაგური" მოუწყვეს, როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაური ალექსანდრე სირსკი ამბობს, უკრაინელებს ბახმუტის მიმართულებაზე სამი დღეა სერიოზული კონტრშეტევა წამოიწყეს. რუსი სამხედრო მიმომხილველები კი იუწყებიან, რომ ბახმუტის ფრონტის ფლანგებზე, სადაც ბოლო დღეებში უკრაინელებს სერიოზული წარმატებები ჰქონდათ, რუსული რეგულარული არმიის ახალი დანაყოფები გადაისროლეს, რათა ფლანგების რღვევა არ დაუშვან.

გარდა ამისა, სხვადასხვა „ტელეგრამ" არხების ცნობით, სამშაბათს „ვაგნერმა" ქალაქში ახალი მასშტაბური შეტევა წამოიწყო, რომლის შედეგიც ჯერჯერობით ბუნდოვანია. მათივე ინფორმაციით, ყველაფერი ისე გამოიყურება, თითქოს „ვაგნერელებს" „მეორე სუნთქვა" გაეხსნათ. ამასთან, იუწყებიან, რომ უკრაინელები ქალაქში მხოლოდ 20-მე მაღალსართულიან კორპუსს აკონტროლებენ, რომლებიც ნამდვი სიმაგრეებად აქვთ ქცეული და მთავარი ბრძლა სწორედ ამ კორპუსების ხელში ჩასაგდებად მიდის.

სამხედრო ანალიტიკოსთა შეფასებით, უკრაინელებმა როგორც ბახმუტის ჩრდილოეთით, ისე სამხრეთით მნიშვნელოვანი ტერიტორიები და სიმაღლეები დაუბრუნა, რითაც შეტევისთვის ხელსაყრელი პლაცდარმი შექმნეს. მათი თქმით, ბახმუტში გამაგრებულ მოწინააღმდეგეზე პირდაპირი იერიში დიდ მსხვერპოლთან იქნება დაკავშირებული, ამიტომ ჯერ ფლანებიდან შეეცდება „ვაგნერელების" „ქვაბში" მოქცევას.

კიევის დაბომბვა

16 მაისს გამთენიისას რუსებმა კიევზე ბოლო ერთ წელიწადში ყველაზე მასირებული სარაკეტო იერიში განახორციელეს, რომელიც სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა. უკრაინის დედაქალაქზე სარაკეტო იერიში წინა კვირასაც იყო.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის თქმით, 16 მაისის გამთენიისას, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინას ჩრდილოეთ, სამხრეთ და აღმოსავლეთ მიმართულებებიდან შეუტიეს 18 რაკეტით. მისი თქმით, მოწინააღმდეგემ გამოიყენა 6 აერობალისტიკური რაკეტა „კინჯალი", საზღვაო ბაზირების 9 რაკეტა „კალიბრი" და 3 სახმელეთო რაკეტა „ისკანდერი". საჰაერო თავდაცვის ძალებმა კი 18-ვე რაკეტა გაანადგურა.

კიევის სხვადასხვა რაიონში დააზიანდა რამდენიმე შენობა და ავტომობილები. დაშავდა 3 ადამიანი. კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს თქმით, ეს რუსული რაკეტების ნამსხვრევებით იყო გამოწვეული. თუმცა საწინააღმდეგოს ამტკიცებს რუსული მხარე.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 16 მაისს „კინჯალით" ჰაერსაწინააღმდეგო თავდეაცვის სისტემა „პეტრიოტი" გაანადგურეს. გარდა ამისა, უწყების თქმით, „მაღალი სიზუსტის იარაღი მოხვდა, უკრაინის იმ საბრძოლო მასალისა და იარაღის საწყობებს, რომელიც დასავლეთმა კიევს მიაწოდა".

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ ამავე დღეს, „რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ბრიტანეთის მიერ უკრაინისთვის ახლახანს გადაცემული შვიდი ერთეული შორი მანძილის ფრთოსანი რაკეტა „Storm Shadow", ამავე რაოდენობის „ჰაიმარსის" ჭურვი ჩამოაგდეს, ასევე „ჰარმის" ტიპის რადარის საწინაარმდგო სამი რაკეტა. ამასთან, დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის რაიონებში განადგურდა 22 უკრაინული თვითმფრინავი".

უკრაინის თავდაცვის მინისტრი კიევზე მასირებუილ შეტევას გამოეხმაურა და უკრაინის საჰაერო ძალებს გაწეული მუშაობისა და შთამბეჭდავი შედეგებისთვის მადლობა გადაუხადა.

„უკრაინის შეიარაღებული ძალების მომდევნო დაუჯერებელი წარმატება! გასულ ღამეს ჩვენმა ცის დამცველებმა ექვსი რუსული ჰიპერბგერითი „კინჯალი" და კიდევ 12 რაკეტა ჩამოაგდეს", - დაწერა რეზნიკოვმა „ტვიტერზე".

ამასთან უკრაინის თავდაცვის მინისტრი არითმეტიკულ განტოლებასაც წერს: „80-1-6=X", რაშიც იგულისხმება, რომ რუსეთში „კინჯალის" საერთო რაოდენობა 80 იყო. უკრაინელებმა კი 6 მაისს 1 და 16 მაისს დამატებით 6 „კინჯალი" გაანადგურეს. შესაბამისად, რუსების არსენალში ახლა სავარაუდოდ 73 „კინჯალი" აქვთ.

პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე „რეონანსთან" აცხადებს, რომ რუსებს სახმელეთო შეტევის რესურსი აღარ აქვს და ახლა საჰაერო იერიშებით ცდილობენ ამის კომპენსირებას.

„რუსეთს სახმელეთო შეტევის ვარიანტები აღარ აქვს. კარგად ესმით, რომ დიდხანს თავდაცვაზე ვერ იქნებიან და ამიტომაც უკვე ასეთი საჰაერო იერიშებით ცდილობენ, რომ უკრაინა რაღაც სახის თავიანთთვის სასარგებლო დათმობაზე წაიყვანონ, ან უბრალოდ სადამსჯელო ოპერაციაა.

„უკრაინაში უკვე „პეტრიოტის" სისტემებია, რომლებსაც „კინჯალებთან" ბრძოლა შეუძლია და საკმაოდ წარმატებითაც. უკვე მერამდენე შემთხვევაა, რომ აუნებელყოფენ. ყველაზე კარგ საჰაერო თვადაცვასაც ერთი-ორი რაკეტა გაუძვრება ხოლმე, იდეალური არ არსებობს. ბევრი განვითარებული ქვეყანა ისეთ საჰაერო დარტყმებს ვერ გაუძლებდა, როგორსაც უკრაინა უძლებს.

„უკრაინელები თავდასხმებს წარმატებულად იგერიებენ და რაც დრო გავა, ეს საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები მოიმატებს.

„საბოლოო ჯამში, დასავლურ ტექნოლოგიებთან რუსულ შეიარაღებას შანსი არ აქვს, რომ მოიგოს და ბრძოლის ველი სათავისოდ გადახაროს. როგორც ჩანს, საჰაერო თავდასხმებს მოუხშირებენ, თუ ამის საშუალება დარჩათ. თუმცა, სარაკეტო იერიშები რანაირადაც არ უნდა გაზარდონ, ყველა ინდიკატორია იმის, რომ მის ეფექტურობას ვერ გაზრდიან. მოუხშირონ და „კინჯალებიც" გამოელევათ", - განაცხადა ლაშა ბერიძემ „რეზონანსთან".

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ მასირებული დარტყმები რუსების ერთგავრი სტრატეგია გახდა, რომელიც შესაძლოა იმას ისახავდეს მიზნად, რომ უკრაინაში არსებულ ანტისაჰაერო სისტემებს ხინჯი მოუძებნოს.

„ჩანს, რომ ეს უკვე რუსების ერთგვარი სტრატეგიაა, როცა ცდილობენ, რომ გაარღვიონ ის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვა, რომელიც ძალიან აფექტურია და ინტენსიფიკაციას ზრდიან, რომ როგორმე ამ სისტემებს ხინჯი მოუძებნონ და გაარღვიონ. როცა უკრაინელებმა რაკეტების გადაჭერა დაიწყეს, რუსები ახლა ინტენსიურ დარტყმებზე გადავიდნენ", -განაცხადა მაისაიამ.

ბახმუტის „სათაგური"

უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაურის, ალექსანდრე სირსკის განცხადებით, უკრაინელებს ბახმუტის მიმართულებაზე სამი დღეა სერიოზული კონტრშეტევა წამოიწყეს და ქალაქში განლაგებული „ვაგნერის" მებრძოლები ისე არიან, როგორც „ვირთხები ხაფანგში".

სირსკიმ ბახმუტთან უკრაინელი სამხედროები მოინახულა, მათ თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ისინი ომის ისტორიის კიდევ ერთ გვერდს წერენ. მისი თქმით, ბახმუტის დამცველები აქტიური თავდაცვის პრინციპს იყენებენ, რითაც ანადგურებენ მტრის გეგმებს.

„ვაგნერელები" ბახმუტში ისე შეძვრენ, როგორც ვირთხები ხაფანგში. აქტიური თავდაცვის პრინციპით, ჩვენ ვაწარმოებთ კონტრშეტევებს ბახმუტის მიმდებარედ ზოგიერთი მიმართულებით. მტერს მეტი რესურსი აქვს, მაგრამ ჩვენ მათ გეგმებს ვანადგურებთ", - აღნიშნა სირკიმ.

პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე „რეონანსთან" აცხადებს, რომ ბახმუტის შიგნით სიტუაცია რუსების სასარგებლოდაა, თუმცა ფლანგებზე უკრაინელებს კარგი პოზიციები აქვთ და „ვაგნერელების" ალყაში მოქცევის ალბათობა დიდია.

„უკრაინამ ბახმუტის ფლანგებზე წარმატებული ტაქტიკური კონტრშეტევა განახორციელა. როგორც ჩრდილოეთით, ისე სამხრეთით მნიშვნელოვანი ტერიტორიები და სიმაღლეები დაიბრუნა. უკვე პლაცდარმი შექმნა, რომ შეტევა განახორციელოს.

„ბახმუტში გამაგრებულ მოწინააღმდეგეზე პირდაპირი იერიში დიდ მსხვერპოლთან იქნება დაკავშირებული და დიდი ალბათობით, ეს იქნება ხანგრძლივი მცდელობა, რომ „ვაგნერის" დანაყოფები ე.წ. ქვაბში მოაქციონ, რომელიც ან „ვაგნერელების" გასვლით, ან დანებებით დამთავრდება. ამას ოკუპანტების ხანგრძლივი საარტილერიო დამუშავება დასჭირდება.

„შესაძლოა რუსების თავდაცვის ორგანიზება ძალიან მალე ჩამოიშალოს, შეიძლება გარკვეული ჯგუფით კიდევ რაღაცას შეეცადონ, თუმცა აქ უკვე რესურსებზეა დამოკიდებული. ბახმუტის ბრძოლა ადრე თუ გვიოან კიევის სასარებლოდ გადაიხრება და ეს დინამიკა უკვე სახეზეა, თუმცა კონტრშეტევის მთავარი მიმართულება ბახმუტი არ და ვერ იქნება.

„ბახმუტის შიგნით სიტუაცია რუსების სასარგებლოდაა. კარგა ხანია მნიშვნელოვანი ნაწილი დაკავებული აქვთ, მაგრამ თუ ისინი ფლანგებს დაკარგავენ და ამ წნეხს ვეღარ გაუძლებენ, რაღაც მომენტში ან ბახმუტს დატოვებენ, ან ოპერატიულ ალყაში სხვაგვარად მოექცევიან და ეს მათთვის უარესი", - განაცხადა ლაშა ბერიძემ „რეზონანსთან".

ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია კი ამბობს, რომ უკრაინამ ბახმუტში ძალთა ბალანსი აღადგინა.

„ბახმუტის შიგნით საკმაოდ ინტენსიური შემხვედრი ბრძოლებია. „ვაგნერელები"ქალაქში ტერიტორიას აფართოვებენ და ცდილობენ, რომ მთლიანად ხელში ჩაიგდონ და ის ნაწილებიც დაიკავონ, სადაც ახლა უკრაინელები არიან. ამის არალელურად, უკრაინელებმა ფლანგებიდან შემოუარეს და ბახმუტის გარეუბნებს რუსებისგან წმენდენ.

„უკრაინამ შეძლო და ბალანსი აღადგინა. ტაქტიკურ შეტევებს აწარმოებს იმ მიმართულებით, სადაც მოწინააღმდეგის სუსტი მხარე იპოვა", - განაცხადა მაისაიამ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×