ნაზი ბერიძე
15.05.2023

მიმდინარე კვირას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოფიციალური ვიზიტით ევროპის რამდენიმე წამყვან ქვეყანას ეწვია. როგორც ანალიტიკოსები „რეზონანსთან" აცხადებენ ზელენსკის ევროპული ტურნეს მიზანი, ძირითადად, უკრაინისთვის უფრო მეტი დახმარების მობილიზების უზრუნველყოფაა რუსეთ-უკრაინის ომში.

უკრაინის პრეზიდენტი ამჟამად ბრიტანეთში იმყოფება და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტ რიში სუნაკთან შეხვედრაზე უკრაინის გადაუდებელი დახმარების საკითხს განიხილავს.

„ბევრი გააკეთეთ თქვენ, თქვენმა მთავრობამ, მისმა უდებულესობა მეფემ და რა თქმა უნდა თქვენმა ხალხმა უკრაინისთვის, მადლობელი ვართ" - განაცხადა ზელენსკიმ შეხვედრის დაწყებამდე.

თავის მხრივ ზელენსკიმ სუნაკის შექება დაიმსახურა, რომელიც როგორც აღინიშნა, როგორც ლიდერი, შთამაგონებელია.

დღეს ვოლოდიმირ ზელენსკი ოფიციალური ვიზიტით პარიზსაც სტუმრობდა. უკრაინის პრეზიდენტი ელისეს სასახლეში ემანუელ მაკრონს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა საფრანგეთისთვის სამხედრო დახარების გაწევაა.

მოლაპარაკებისას პრიორიტეტული ისეთი თემები იყო, როგორიცაა თავდაცვისუნარიონების გაძლიერება, უკრაინის ცის უსაფრთხოების დაცვა და თავდაცვის სამხედრო პოტენციალის გაუმჯობესება უკრაინის კონტრშეტევის განსახორციელებლად და ოკუპირებული ტერიტორიების გასათავისუფლებლად.

მანამდე, 14 მაისს ბერლინში ვიზიტის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლჩმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს. გერმანიამ უკრაინას ნატოში გაწევრიანების გზაზე სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.

ოლაფ შოლცმა უკრაინის ლიდერი ევროპის ერთიანობისთვის გაწეული ღვაწლისთვის დააჯილდოვა. გამოქვეყნებულ განცხადებაში კი ნათქვამია, რომ უკრაინის პრეზიდენტი და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი ცალსახად გმობენ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიას.

უკრაინამ კი გამოავლინა დიდი მონდომება ამ უკანონო, და გაუმართლებელი თავდასხმის წინააღმდეგ. და ასევე რუსეთმა დაუყოვნებლივ, და უპირობოდ უნდა გაიყვანოს მთელი თავისი სამხედრო ძალები უკრაინის ტერიტორიიდან მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

განცხადებაში ასევე წერია, რომ 2022 წლის 24 თებერვლიდან გერმანიის მთლიანი მხარდაჭერა უკრაინაში შეადგენს 17 მილიარდ ევროს, რაც ეფუძნება გრძელვადიან თანამშრომლობას და დამატებით მხარდაჭერას ევროპული და მრავალმხრივი არხებითა და ინსტიტუტებით. გერმანიას გადაწყვეტილი აქვს, მხარი დაუჭიროს უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება.

უკრაინის პრეზიდენტი 13 მაისს შეხვდა იტალიის პრეზიდენტ სარჯო მატარელასაც. როგორც ზელენსკიმ დაწერა, შეხვედრაზე რუსეთის წინააღმდეგ ომში შემდგომი დახმარებისა და მშვიდობის უკრაინული ვერსიების საკითხები განიხილეს.

საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი თენგიზ ფხალაძე კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ზელენსკის ევროპული ვოიაჟები დასავლეთის ურყევი მხარდაჭერის მოსაპოვებლად იყო გამიზნული.

„აქ არის დახმარების უფრო მეტი კონსოლიდაცია, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია იმ კონტროპერაციის ფონზე, რომელიც უფრო ფართო მასშტაბით ცოტა ხანში დაიწყება, ეს არის მეტი დახმარება ამ კონტექსტში.

„ეს არის სანქციების ახალი პაკეტი, რომელიც მუშავდება რუსეთთან დაკავშირებით, როგორ იქნება სანქცირების თავიდან არიდების სქემები.

„მესამე - ეს არის მეტი შეიარაღება, „მეოთხე - ნატოს და ევროკავშირის თემები, მოგეხსენებათ, რომ ნატოს სამიტი ახლოვდება და ამავდროულად უკრაინა ემზადება ასევე წინ წაიწიოს ევროკავშირის მიმართულებით" - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

მოსაზრებას იზიარებს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ირაკლი მენაღარიშვილი.

„უკრაინის დღევანდელი არსებობა თითქმის მთლიანად დამოკიდებულია დასავლეთის მხარდაჭერაზე, მათ შორის სამხედრო მხარდაჭერაზე. ამას კი აქტიური და რეგულარული კომუნიკაცია სჭირდება. ეს ვიზიტი სწორედ სრულიად ამ მიზანს ემსახურება. საკითხი რომელიც არის მოსაგვარებელი ან ქვეყანას ინტერესი აქვს, სწორედ ასეთ შეხვედრებზე განიხილება" - განაცხადა ირაკლი მენაღარიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×