თამთა ჩაჩანიძე
16.03.2023

გაზაფხულზე ამინდის გაუმჯობესებასთან ერთად, უკრაინაში ფრონტზე ახალი ცხელი წერტილები ჩნდება. ბოლო დღეებში აღმოსავლეთის ფრონტის პარალელურად, სამხრეთის მიმართულებაც აქტიურდება. ვრცელდება ურთიერთგამომრიცხავი ცნობები იმის შესახებ, რომ ზაპოროჟიეს მიმართულებით უკრაინამ ძალები მოსინჯა. მთავარი მიმართულება კი კვლავ ბახმუტი-ავდიივკაა, სადაც „ვაგნერისა" და რუსეთის რეგულარული არმიის ნაწილები არიან კონცენტირებული.

როგორც სამხედრო ანალიტიკოსები „რეზონანსთან" აცხადებენ, რუსებს პრიორიტეტად დონბასის რეგიონი აქვს დასახული და ამ რეგიონში მცირე მასშტაბებით შეტევები მიდის, რომელიც დროდადრო აქტიურდება, მთავარი გრავიტაციის ცენტრი კი ბახმუტია და თუ უკრაინამ საოკუპაციო ჯარი უკან დახია, რუსებს წელში გადატეხს და შემდგომი შეტევის დიდი სტიმული ექნება.

ამასთან, მიუხედავად გავრცელებული ცნობებისა, რომ უკრაინას ცოცხალი ძალისა და საბრძოლო მასალის დეფიციტი აქვს, ანალიტიკოსები იმ დაანონსებიულ დიდ შეტევას კვლავ ელიან, ოღონდ ეს იქნება მიწის გამოშრობისთანავე, დაახლოებით მაისში, მანამდე კი არ გამორიცხავენ, რომ უკრაინამ ბრძოლითი დაზვერვა სხვადასხვა ლოკაციებზე განახორცვიელოს.

ახალი ცხელი წერტილები

უკრაინის გენშტაბი წერს, რომ მოწინააღმდეგის ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებულია ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკას, მარინკასა და შახტიორკის მიმართულებებზე. ოკუპანტებმაბოლო 24 საათში ამ მიმართულებებით 75-ზე მეტი შეტევა განახორციელეს.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინელებმა ზაპოროჟიესკენ ძალები მოსინჯეს. ამაზე თავად უკრაინელები არაფერს ამბობენ, თუმცა რუსული წყაროების თანახმად, „უკრაინულმა ჯარებმა ზაპოროჟიეს რეგიონში საბრძოლო დაზვერვის დროს დაკარგეს 40-ზე მეტი ჯარისკაცი და მინიმუმ რვა ჯავშანმანქანა".

როგორც ოკუპირებული ზაპოროჟიეს პრორუსული ადმინისტრაციის წარმომადგენელი ვლადიმირ როგოვი აცხადებს, „ერთი დღით ადრე უკრაინულმა ჯარებმა ჯავშანტექნიკის გამოყენებით ზაპოროჟიეს ოლქის პოლოგის რაიონში შეტევა სცადეს, მაგრამ დამარცხდნენ და თავდაპირველ პოზიციებზე დაბრუნდნენ". მისი აზრით, ფრონტის ამ სექტორში უკრაინული ჯარების დაზვერვიში შეტევის მცდელობები კვლავ გაგრძელდება.

პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ რუსეთის პრიორიტეტი დონბასის რეგიონია, თუმცა, თუ უკრაინელებმა მათ უკან დაახევინეს, ეს რუსებს სტიმულს დააარგვინებს, რაც შემდგომ დიდი ალბათობით ფრონტზეც აისახება.

„რუსეთმა ახლა პრიორიტეტად მაინც ლუგანსკისა და დონეცკის ოლქის მიდამოები განისაზღვრა. ამ ომმა დაპირისპირების ხაზის სახე მიიღო - უკვე გამოკვეთილია სად არიან უკრაინელები და სად რუსები. მიუხედავად ყველაფრისა, გრავიტაციის ცენტრი და რუსების ძირითადი ძალისხმევა მაინც ბახმუტზე, ლიმანზე, ავდიივკაზეა მიმართული. თუმცა ყველა შეხების წერტილში, რაც აღმოსავლეთის ფრონტზე არსებობს, მცირე მასშტაბის რუსული შეტევები ყველგან მიდის.

„ის ინფორმაცია, რაც ჩვენამდე მოდის, უკვე დაგვიანებულია. უკრაინის სარდლობამ სტრატეგიული გადაწყვეტილება მიიღო, რომ ბახმუტის თავდასაცავად ბოლომდე იბრძოლონ. აქ ყველაზე რთული სიტუაცია იმ თვალსაზრისითაა, რომ რუსებმა იმაზე დიდი მნიშვნელობის გახადეს, ვიდრე იყო.

„ჩემი აზრით, მიუხედავად დიდი სირთულეებისა, აღმოსავლეთის შეტევის მოგერიება საბოლოო ფაზებში შედის. რუსების შეტევამ ტემპი დაკარგა, მაგრამ ჯერ ახლოს არ ვართ იმასთან, რომ აღმოსავლეთის შეტევამ ისინი წელში გადატეხოს. ბამუტის აღებამ შესაძლოა ბრძოლის გაგრძელებისთვის რუსებს გარკვეული სტიმული მისცეს. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება, რომ ქალაქს ბოლომდე დაიცავენ.

„უკრაინელებსა და რუსებს შორის შეტაკების წერტილილები კი სხვადასხვა დასახლებული პუნქტებია - ლიმანი, ავდიივკა, მაკიევკა, კუპიანსკი და ა.შ. მთავარია ხაზი შენარჩუნებული იქნეს, რომ შემგომში კონტრშეტევისთვის ნელ-ნელა მზადება დაიწყონ", - განაცხადა პოლკოვნიკმა ბერიძემ.

მან „რეზონანსთან" ზაპოროჟიეს ოლქში უკრაინული ძალების გააქტიურებაზეც ისაუბრა.

„ზაპოროჟიეს მიმართულებაზე ორმაგი ინფორმაცია იყო: რუსებმა განაცხადეს, რომ მათ უკრაინელების შეტევა უკუაგდეს; უკრაინელებმა კი თქვეს, რომ მათ ამ მიმართულებაზე შეტევა არ განიუხორციუელებიათ. მაგრამ, ჩემი აზრით, ეს იყო დაზვერვა ბრძოლით - როცა მოწინააღმდეგეზე მიდიხარ, თან დაზვერვას აწარმოებ და თან პატარა რაზმით ბრძოლა გაქვს. სავარაუდოდ, ამ შემთხვევაში ბრძოლით დაზერვასთან გვქონდა საქმე.

„ჩემი აზრით სამხრეთისკენ მომზადება მიდის. ჯერ დიდი ბრძოლები არაა, მაგრამ სამხრეთი ისეთი ტერიტორიაა, სადაც უკრაინას ბევრი ტექნიკა დასჭირდება. სამხრეთის კონტრშეტევა ჯერ შორსაა, მაგრამ ოკუპანტებს მშვიდად ყოფნის საშუალება არ უნდა ჰქონდეთ, ეს სწორედ ამას ემსახურებოდა. მგონია, რომ დიდი ჯგუფი არ იყო, უმნიშვნელო პატარა ჯგუფი ბრძოლით დაზვერვას აწარმოებდა", - განაცხადა ლაშა ბერიძემ „რეზონანსთან".

სამხედრო ანალიტიკური ჟურნალ არსენალის მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ არის ადგილები, სადაც პერიოდულად შეტაკებები ხდება, თუმცა ბახმუტსა და ავდიივკაში ყველაზე უფრო დაძაბული სიტუაციაა.

„ბახმუტის გარდა სხვა ცხელი წერტილებიც არის. შეიძლება ითქვას, რომ ამ ლოკაციებზე ბრძოლები უკვე ორ თვეზე მეტია გრძელდება - ჩრდილოეთის მიმართულებაზე კრემენნაია-სვიატოვოს მონაკვეთი, ქვემოთ - ბახმუტი, ავდიივკა და ასევე უგლიადარის მიმართულება ზაპოროჟიეს მხარეს.

„სხვადასხვა ადგილებია, სადაც მეტ-ნაკლებად საბრძოლო მოქმედებები მიდის, თუმცა ბახმუტსა და ავდიივკაში ყველაზე უფრო დაძაბული სიტუაციაა, რადგან ბახმუტში ძირითადად „ვაგნერის" ჯგუფი უტევს, ხოლო ავდიივკაზე რუსეთის რეგულარული არმიის დანაყოფები", - განაცხადა ირაკლი ალადაშვილმა.

რა სცენარია მოსალოდნელი და რას ნიშნავს ფრონტის „გამოცოცხლება"

პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ მხარეები ჯერჯერობით ერთმანეთის გამოფიტვას ცდილობენ, თუმცა სტრატეგიული ვითარება ამით არ იცვლება.

„წინასწარ გათვლა ძნელია, ტაქტიკურ სიტუაციას ძალიან კარგად უნდა ფლობდე და ძალიან ზუსტი სადაზვერვო ინფორმაცია უნდა გქონდეს. ამ ომმა ისეთი სახე მიიღო, რომ სტრატეგიული ვითარება, რა თქმა უნდა, არ იცვლება, გამოფიტვის ომია და მხოლოდ სტრატეგიულ საკითხზე ვისაუბრებ, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები და რა სცენარს ველოდები.

„ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინამ მცირე რისკითა და მცირე ძალისხმევით აღმოსავლეთში თავდაცვითი ოპერაციით რუსეთის შეტევა მოიგერიოს. ამის პარალელურად შესაბამისი დაჯგუფება შექმნას, რომელიც სამხრეთის მიმართულებაზე შეტევის განსახორციელებლადაა საჭირო. ამას აუცილებლად სერიოზული ჯავშანდაჯგუფება სჭირდება. სარაკეტო დარტყმები და ჯავშანდაჯგუფება მაქსიმალურად დაცული უნდა იყოს.

„აქვე ძალიან ბევრი საბრძოლო მასალაა საჭირო, განსაკუთრებით შორსმსროლელი არტილერია, რათა მოწინააღმდეგის სიღმეში დაზიანება შეძლონ. ამის შემდგომ უკვე სამხრეთში ასეთ დაჯგუფებას საშუალება ექნება, რომ რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებაზე შუტიონ.

„ეს სცენარი შესაძლებელია, მაგრამ ახლა რომელ ფაზაშიც ვიმყოფებით, ეს რუსეთის მოგერიება-გამოფიტვის ფაზაა. ბევრეჯერ დამისვეს შეკითხვა - რუსეთი რომ იფიტება, უკრაინაც ხომ იფიტებაო? ეს რა თქმა უნდა ასეა, მაგრამ გამოფიტვის ომი თავისი კლასიკური მნიშვნელობით სწორედ ესაა, რომ დიდი სახელმწიფო, რომელიც ამას აწარმოებს, ის გაცილებით მალე იფიტება.

„ამასთან, უკრაინას ძალიან სერიოზული ეკონომიკური გუნდები უჭერენ მხარს. ასეთ მძიმე სიტუაციაშიც კი არ გამტყდარა. თავად სახელწიფო აპარატიც, ძალიან ძლიერი მხარდაჭერის ფონზე, აქტიურად ფუნქციონირებს. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ რუსეთი გამოიფიტება და გატყდება. ასეთი სახის ომი კი უკრაინას წარმატების გარანტიას აძლევს.

„სამხრეთში უკრაინის შეტევებს ვიხილავთ, მაგრამ ომის ბედი მაინც ისე გადაწყდება, რომ ასე დიდი ბრძოლის შენარჩუნებას რუსეთი ვეღარ გაუძლებს და როგორც შეტევის, ისე თავდაცვის განხორციელებას ვერ შეძლებს. მთავარია უკრაინამ ბრძოლა გააგრძელოს", -განაცხადა ლაშა ბერიძემ „რეზონანსთან".

ირაკლი ალადაშვილი კი აღნიშნავს, რომ მაისამდე დიდი იერიშის მოლოდინი არ აქვს, თუმცა გამორიცხული არაა, რომ უკრაინამ ეს შეტევა მანამდე მოულოდნელად წამოიწყოს.

„არ მგონია, რომ ახლა უკრაინელებმა რაღაც სერიოზული კონტრიერიშები დაიწყონ. უფრო მოსალოდნელია, რომ როცა წვიმიანი სეზონი გავა, მიწა გამოშრება და მაისი დადგება, მერე უფრო იყოს საუბარი ასეთ ფართომასშტაბიან შეტევაზე.

„ბოლომდე გამორიცხული მაინც არაფერია, რადგან სამხედრო ხელოვნება და ეშმაკობა ყველაფერს მოიცავს და მაშინ უნდა განხორციელდეს, როცა მოწინააღმდეგე არ ელოდება.

„ასე რომ, 100%-ით ვერ ვიტყვით იმას, რომ შეტევა კონკრეტულ მიმართულებებზე კონკრეტულ დროს დაიწყება. დღეს უკრაინელები ასეთ განცხადებებს რა თქმა უნდა არ გააკეთებენ",-განაცხადა ალადაშვილმა „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×