თამთა ჩაჩანიძე
15.03.2023

კიევს რამდენიმე სახელმწიფო უახლოეს კვირებში საბჭოთა წარმოების მიგ-29 ტიპის ავიაგამანადგურებლებს გადასცემს, რომლის გამოყენებას მიღებისთანავე დაიწყებენ, რადგან, როგორც სამხედრო ექსპერტები აცხადებენ, ამ სამხედრო თვითმფრინავის მართვა თავად უკრაინელებს არ უჭირთ და საჰაერო ძალებშიც კარგად გამოცდილი მფრინავები ჰყავთ.

როგორც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, შეტევითი და თავდაცვითი ბრძოლების წარმოებისთვის მიგ-29-ებს უნიკალური თვისებები აქვთ და უკრაინას საკმაოდ კარგად დაეხმარება.

„მიგ-29-ები უკრაინის შეიარაღებაშიცაა. რამდენადაც ვიცი, პოლონეთმა, სლოვაკეთმა და თუ არ ვცდები ჩეხეთმა გამოთქვეს მზაობა, რომ ეს თვითმფრინავები გადასცენ. ეს კარგია, რადგან უკრაინელები საბრძოლო ავიაციის დანაკარგებს ამოავსებენ.

„მიგ-29 მაღალი დონის საბრძოლო ავიაგამანადგურებელია, რომელსაც საკმაოდ კარგი მახასიათებლები აქვს, ის შესაძლოა შეტევითი და საჰაერო ბრძოლების კომპონენტების განვითარებისთვის იქნას გამოყენებული. უკრაინელებს მისი მართვა კარგად აქვთ ათვისებული და ხარკოვისა და ხერსონის ოპერაციების დროს კარგადაც გამოიყენეს.

„ეფ-16-ის ტიპის თვითფრინავების გადაცემაზე დასავლეთ ჯერჯრობით თავს იკავებს, მაგრამ საბჭოთა წარმოების ავიაგამანადგურებელი ვისაც აქვს, უკან არ იხევს, რომ უკრაინამ დანაკარგი ამოავსოს.

„შეტევითი და თავდაცვითი ბრძოლების წარმოებისთვის მიგ-29-ებს უნიკალური თვისებები აქვს და უკრაინას საკმაოდ კარგად დაეხმარება. მიგ-29-ები ყოფილი ვარშავის პაქტის წევრ სახელწიფოებს ჰქონდათ, ესენია: სლოვაკეთი, ჩეხეთი, პოლონეთი, რუმინეთი, ბულგარეთი.

„უკრაინას ამ ტექნიკისთვის მფრინავების მომზადება არ სჭირდება, ეს იარაღი ისედაც არსენალში აქვს, მათ უბრალოდ ბრძოლებისას ამოეწურათ, ზოგი გაუნადგურეს, ზოგი მწყობრიდან გამოვიდა და ა.შ. ეს ომში ჩვეულებრივი მომენტია", - განაცხადა მაისაიამ „რეზონანსთან".

პოლონეთის მთავრობის პრეს-სპიკერის განცხადებით, ოფიციალურმა ვარშავამ რამდენიმე ქვეყნიდან „მკაფიო განცხადებები" მიიღო, რომლებსაც მზაობა აქვთ უკრაინას მიგ-29 ტიპის ავიაგამანადგურებლები თვითმფრინავები გადასცენ.

პოლონეთის მთავრობის წარმომადგენელმა მედიასთან არ დააკონკრეტა, რომელ ქვეყნებზეა საუბარი. თუმცა მანამდე სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა პოლონეთთან ერთად უკრაინისთვის თვითმფრინავების ერთობლივი გადაცემის მზაობა გამოთქვა.

14 მარტს პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ განაცხადა, რომ უკრაინას შესაძლოა მომდევნო 4-6 კვირის განმავლობაში მიგ-29 ტიპის ავიაგამანადგურებლები გადაეცეს.

ამსთან დასავლეთი კიევის განცხადებების მიუხედავად ეფ-16-ების გადაცემაზე კვლავ თავს იკავებს, თუმცა შეერთებულმა შტატებმა თქვა, რომ არ შეეწინააღმდეგება სხვა ქვეყნების გადაწყვეტილებას უკრაინაში საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემასთან დაკავშირებით.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×