ნაზი ბერიძე
13.03.2023

უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურის, ალექსანდრე სირსკის განცხადებით, დონეცკის ოლქის ბახმუტის გარშემო ვითარება რთულია- ოკუპანტები არ წყვეტენ თავდაცვითი ძალების გარღვევის და ქალაქის ცენტრისკენ წინსვლის მცდელობებს, მაგრამ დიდი დანაკარგებს განიცდიან. სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ კაპანაძე კი ამბობს, რომ ეს ბრძოლა ბახმუტისთვის არ იქნება გარდამტეხი, თუმცა ფსიქო-ემოციური თვალსაზრისით გამარჯვების მოპოვება ორივე მოწინააღმდეგე მხარისთვის მნიშვნელოვანია.

„ბახმუტის ირგვლივ ვითარება კვლავ რთულია. „ვაგნერის" რაზმები შეტევას რამდენიმე მიმართულებით ახორციელებენ, ცდილობენ გაარღვიონ ჩვენი ჯარების თავდაცვა და ქალაქის ცენტრალური უბნებისკენ გადაადგილდნენ" - განაცხადა სირსკიმ

რატომ ანიჭებს უკრაინის და რუსეთის ხელისუფლება ბახმუტს ასეთ მნიშვნელობას თვეების განმავლობაში - ვახტანგ კაპანაძე აღნიშნავს რომ ამ ქალაქს უკვე სიმბოლური დატვირთვა აქვს, მაგრამ, ომში რუსეთის უპირატესობა დიდია.

„ბახმუტი მნიშვნელოვანი გახდა ორივესთვის როგორც იდეა, როგორც პოლიტიკურ და ემოციური გადაწყვეტილება. სამხედრო მნიშვნელობა არის მინიმალური ბახმუტის მიმართულებაზე. უბრალოდ, რუსებისთვის და პრიგოჟინისთვის ეს არის ადგილი სადაც რაღაც წარმატებას შეიძლება მიაღწიონ. ძალიან დიდი იდეოლოგიური დატვირთვა მისცეს მას, სტალინგრადის მსგავსი. ხოლო უკრაინელებმა, თვითონ პრეზიდენტის მიერ გაცხადდა ბახმუტი როგორც დაცვის ციხესიმაგრე, დაცვის სიმბოლო.

„არცერთი აღარ ცდილობს დათმოს ბახმუტის დასახლებული პუნქტი, მიუხედავად იმ დანაკარგისა რომელსაც ერთი მხარეც განიცდის და მეორეც. ჩემი აზრით, ბახმუტის გამო უკრაინელები ვეღარ ახერხებენ მნიშვნელოვანი ძალების შეკრებას, რათა განახორციელონ თავისი კონტრდარტყმა. ალბათ, ეს დარტყმა უნდა ყოფილიყო სამხრეთით ხერსონის და ზაპოროჟიეს მიმართულებაზე, მაგრამ სამხრეთიდან გადმოისროლეს ძალები ბახმუტისკენ.

„ბახმუტისთვის უკრაინელები კვლავ აგროვებენ ძალებს და არ არის გამორიცხული რომ ამ რამდენიმე დღის განმავლობაში, მოხდეს შეტევა ბახმუტის მიმართულებით, რომ მოხდეს გარკვეული ალყის გაფართოვება და გარღვევა, ყოველ შემთხვევაში ასეთი პირი უჩანს.

„ეს არ იქნება არავითარი გარდამტეხი ბრძოლა, ამას აქვს სიმბოლური დატვირთვა. თუ წარმატება ექნა უკრაინას, უკრაინისთვის ეს იქნება მორალურ-ფსიქოლოგიური წარმატება, ძალიან მნიშვნელოვანი, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, მაგრამ არა გარდამტეხი.

„თუ რუსებმა მოახერხეს ბახმუტის აღება და ძალიან ახლოს არიან, ვინაიდან უკვე ქალაქის ცენტრში მიდის ბრძოლები, ამ ბოლო დროს რუსები ცდილობენ ალყის შეკვრასაც, თუკი უკრაინელები არ განახორციელებენ ფართომასშტაბიან შეტევას. თუკი ბახმუტს აიღებენ რუსები, რუსები მოიპოვებენ მორალურ გამარჯვებას მეტს არაფერს" - განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ კაპანაძემ

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×