ელზა პაპოშვილი
10.03.2023

800 კილომეტრზე გადაჭიმულ ფრონტზე რუსები ცდილობენ  მაქსიმალური უპირატესობა მოიპოვონ, მიწის თითოეული გოჯითვის ბრძოლა მიდის. მთავარი ბრძოლები სამი მიმართულებით მიმდინარეობს - სვიატოვა, ბახმუტი და უგლედარი, თუმცა განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა ბახმუტშია, აცხადებს  „რეზონანსთან“ გენშტაბის ყოფილი უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე.

მისი თქმით, გაზაფხულზე ომში გარდატეხის ნიშნები გამოჩნდება და დიდი იმედი აქვს, რომ სასწორი უკრაინის მხარეს გადაიხრება.

„რუსები ბახმუტისთვის ალყის შემორტყმას ცდილობენ. დიდი დანაკარგის მიუხედავად, მაინც ნელ-ნელა წინ მიიწევენ. არ არის გამორიცხული, მალე დადგეს მომენტი, როცა უკრაინელებმა უნდა გადაწყვვიტონ, გამოიყვანონ თუ არა გარნიზონი ბახმუტიდან. დანარჩენ შემთხვევაში რუსებს სხვა მიმართულებებზე უპირატესობა არ გააჩნიათ.   სამწუხაროდ გამართლდა ის პროგნოზი,  რასაც მე ერთი წლის წინ ომის დაწყებიდან ვაკეთებდი. ომი გაჭიანურების სახეს იღებს. ამ ეტაპისთვის რუსეთს არ გააჩნია იმის პოტენციალი რომ დიდი შეტევა განახორციელოს. შესაბამისად,  ის ცდილობს, ლოკალური წარმატებების ფონზე, თავისივე ოკუპირებული ტერიტორიები დაიკავოს და გაამაგროს. უკრაინისთვის ამ მომენტისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ეს ეხება როგორც ჯავშანტექნიკას, ასევე საფრენ აპარატებსა და ზუსტი დამიზნების აღჭურვილობას.   

რაც მთავარია,  ეს ყველაფერი თავის დროზე უნდა იქნას მიწოდებული. გაზაფხულზე ომში რაღაცა გარდატეხის ნიშნები გამოჩნდება, მას შემდეგ, რაც რომელიმე მხარე გარკვეულ წარმატებას მიაღწევს და დიდი იმედი მაქვს, ეს უკრაინა იქნება. ამის შემდეგ უკვე გამოჩნდება ის გზა, რა გზითაც შესაძლოა დაპირისპირება განვითარდეს. ფაქტი ერთია, რომ ეს ხანმოკლე ომი არ არის. შესაძლოა რაღაცა პერიოდის განმავლობაში გაიყინოს კიდევაც, მაგრამ ეს ომი მალე არ დამთავრდება“, - ამბობს გენერალი. 

მორიგი მძიმე ღამე უკრაინაში - დაიბომბა სუმის ოლქის 3 დასახლება, დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და ელექტროგადამცემი ხაზები. რუსმა ძალებმა დნიპროპეტროვსკის ოლქზე იერიში მძიმე არტილერიით მიიტანეს.

ზაპოროჟიას მერის ინფორმაციით, კრიტიკულ ინფრასტრუქტურის დაბომბვის შედეგად, 20 ათასამდე მოქალაქე ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. რუსეთის სარაკეტო დარტყმის გამო ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის კიდევ ერთხელ სრულად გაითიშა.

ევროპული გაერთიანება ატომური ენერგიის დარგში და 50-მდე ქვეყანა მოუწოდებს რუსეთს რომ დატოვოს ზაპოროჟიის ატომური ელექტროსადგური.

უკრაინის სამხედრო ძალების მეთაურის, გენერალ-პოლკოვნიკის ალექსანდრე სირსკი ირწმუნება, რომ რუსებს ბახმუტისთვის ალყა არ შემოურტყამთ, თუმცა სიტუაცია ძალიან რთულია. მისი თქმით, ყოველ ნაბიჯსა და გადაწყვეტილებას მდგომარეობის რადიკალურად შეცვლა შეუძლია.   

უკრაინის თავდაცვის ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, ხუთი მიმართულებით მოწინააღმდეგის 102 შეტევა მოიგერიეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

„ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებულია შეტევითი ოპერაციების ჩატარებაზე კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და შახტიორსკის მიმართულებებზე. გასული დღის განმავლობაში ჩვენმა ჯარისკაცებმა დამპყრობლების მიერ მათ წინააღმდეგ განხორციელებული 102 თავდასხმა მოიგერიეს,“ - აცხადებენ გენშტაბში.

უწყებაში აცხადებენ, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსეთის ფედერაციამ მორიგი მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელა უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და მშვიდობიანი მოსახლეობის სახლებზე.

„რუსი აგრესორი არ თმობს უკრაინის ოკუპაციის განზრახვას და აგრძელებს ტერორისტული ტაქტიკის გამოყენებას, რითაც უხეშად არღვევს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებს“, - აცხადებენ უკრაინის გენშტაბში.

მათივე ცნობით, გასული დღის განმავლობაში, საერთო ჯამში, მტერმა სხვადასხვა ბაზირების 95 რაკეტა გაუშვა.

„ჩვენმა დამცველებმა გაანადგურეს 34 რაკეტა. მტერმა ასევე განახორციელა 31 საჰაერო დარტყმა, კერძოდ, გამოიყენა „შაჰედ-136“ ტიპის 8 უპილოტო საფრენი აპარატი, რომელთა ნახევარი ჩვენმა დამცველებმა ჩამოაგდეს. მტერმა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 65-ჯერ გახსნა“, - აცხადებენ უკრაინის გენშტაბში.

უწყების განმარტებით, უკრაინის მასშტაბით სარაკეტო საფრთხის დონე კვლავ მაღალია.   

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ კიდევ ერთ სარაკეტო თავდასხმას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს ომის დანაშაულია.

„ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმების შემდეგ ვესაუბრე. რუსეთის მიზანმიმართული დარტყმები მშვიდობიანი მოსახლეობისა და ენერგოქსელის წინააღმდეგ ომის დანაშაულია. ეს აძლიერებს ჩვენს საერთო გადაწყვეტილებას, გავაგრძელოთ პროგრესის მიღწევა უკრაინის რეფორმების განხორციელების მცდელობაში ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე“, - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი „ტვიტერზე“.   

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ცნობით, რუსული ძალები შესაძლოა ემზადებოდნენ უგლედარის ირგვლივ შეტევითი ოპერაციების განახლებისთვის. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ პრესონალისა და საბრძოლო მასალის მუდმივი პრობლემები, სავარაუდოდ, ისევ შეაფერხებს მათ წინსვლას. 

განახლებაში ნათქვამია, რომ 8 მარტს გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს სამხრეთ სამხედრო ოლქის 58-ე გაერთიანებული არმიის 136-ე მოტომსროლელი ბრიგადის პერსონალი, რომლებიც მიმართავენ რუსეთის სამხედრო სარდლობას მეტი საარტილერიო საბრძოლო მასალის მოთხოვნით, სანამ ისინი შეცვლიან წყნარი ოკეანის ფლოტის 155-ე საზღვაო ქვეით ბრიგადას უგლედართან და განახორციელებენ სახმელეთო შეტევებს ამ მხარეში.

ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ რუსეთის ჯარები, 136-ე მოტორიზებული ბრიგადაში როტაციას მოახდენენ, რათა შეცვალონ ძლიერ დეგრადირებული ფორმაცია იმ იმედით, რომ განახლდება შეტევა უგლედართან. 

ISW ექსპერტებს არ სჯერათ, რომ როტაციის დახმარებით რუსები შეძლებენ ამ მიმართულებით შეტევითი პოტენციალის გაძლიერებას.  

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×