ბაჩანა ტყემალაძე
05.03.2023

ყარაბაღში კვირას დილით მორიგი შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა, რომლის შედეგადაც არიან დაჭრილები და დაღუპულები. ვითარება უკიდურესად დაძაბულია. აზერბაიჯანული და სომხური მხარეები მომხდართან დაკავშირებით განსხვავებულ ვერსიებს ავრცელებენ. ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ, სავარაუდოდ, ეს იყო აზერბაიჯანული მხარის პრევენციული შეტევა სომხებზე, რის შესახებაც მათ წინასწარ გააფრთხილეს რუსი სამშვიდობოები.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინიტროს ცნობით, მათ სომხეთიდან ყარაბაღის რეგიონში სომხური საბრძოლო ტექნიკის, შეიარაღებისა და პირადი შემადგენლობის გადასროლის მცდელობა აღკვეთეს. ამასთან, მათი ცნობით, ეს ყველაფერი სომხეთისა და ყარაბაღის დედაქალაქ ხანკენდის (სომხურად - სტეპანაკერტი) დამაკავშირებელი მთავარი გზის გვერდის ავლით ხდებოდა.

„ჩვენ მივიღეთ ოპერატიული ინფორმაცია, რომ ხანკენდი-ხალფალი-ტურშუს გზით სომხეთიდა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, სადაც დროებით განლაგებულია რუსეთის სამშვიდობო კონტიგენტი, ხდებოდა სამხედრო ტექნიკის, საბრძოლო მასალისა და პირადი შემადგენლობის გადასროლა. 5 მარტს დილით ამ ინფორმაციის გადამოწმების მიზნით აზრბაიჯანის მხარემ სცადა სცადა გაეჩერებინდა და შეემოწმებინა ავტომობილები, რომლებიც ამ გზაზე გადაადგილდებოდნენ. მოწინააღმდეგე მხარემ ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც ორივე მხარეს არიან დაღუპულები და დაჭრილები", - ნათქვამია მათ განცხადებაში, თუმცა დაკონკრეტებული არ არის დაჭრილთა და დაღუპულთა რაოდენობა.

აქვე აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო რუს სამშვიდობოთა სარდლობასაც მიმართავს და არსებული შეთანხმების ზუსტად დაცვას ითხოვს.

„ერთადერთი გზა, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნას ყარაბაღის ეკონომიკურ რეგიონსა და სომხეთს შორის ტვირთის გადასატანად, ეს არის ხანკენდი-ლაჩინის მონაკვეთი. კიდევ ერთხელ შევახსენებთ რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის სარდლობას, რომ სამხედრო და სხვა მიზნობრივი ტვირთების გადაადგილება სხვა მარშუტებზე დაუშვებელია.

„დღევანდელი ინციდენტი კიდევ ერთხელ ცხადჰყოფს, რომ აზერბაიჯანს სჭირდება შესაბამისი საგუშაგოს შექმნა ლაჩინი-ხანკენდის გზაზე ის ფაქტი, რომ სომხეთი კვლავ ახორციელებს სამხედრო გადაზიდვებს აზერბაიჯანის ყარაბაღის რეგიონში, არის ერევნის მიმდინარე აგრესიისა და ტერორისტული პოლიტიკის მაჩვენებელი აზერბაიჯანის წინააღმდეგ. დღევანდელ პროვოკაციაზე მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება სომხეთის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

სომხეთის მხარემ სრულიად საპირისპირო ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვითაც პოლიციელები სტეფანაკერტიდან თავისი მორიგეობის ადგილისკენ მიდიოდნენ და თან იარაღი არ ჰქონიათ. ამასთან, სომხური მხარე დაღუპულთა და დაჭრილთა კონკრეტულ რაოდენობას ასახელებს.

„დაახლოებით 10 საათზე ხაიპალუს რაიონში პოლიციის საპასპორტო-სავიზო განყოფილების მორიგე მანქანაზე თავდასხმის შედეგად დაიღუპა 3 და დაიჭრა 1 პოლიციელი.

„აზერბაიჯანულმა მხარემ გაავრცელა ყალბი ინფორმაცია, თითქოსპოლიციის მანქანით სომხეთიდან არცახში (ყარაბაღი) იარაღის გადაჰქონდათ.

„აზერბაიჯანული დივერსიული ჯგუფი გზის პირას, ტყეში იყო ჩასაფრებული, საიდანაც თავს დაესხნენ მანქანას.

„ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი პოლიციელებისა და სამხედრო მოსამსახურეების თავდაცვითი და შემაკავებელი მოქმედებების შედეგად, აზერბაიჯანელთა მხარესაც არიან გარდაცვლილები და დაჭრილები.

„მომხდარის შედეგად აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა საწყის პოზიციებზე დაიხიეს", - ნათქვამია ყარაბაღის დე ფაქტო შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ანალიტიკოსი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" ამბობს, რომ ეს ინციდენტი რაიმე უფრო მასშტაბურში, სავარაუდოდ, არ გადაიზრდება და მომხდარს აზერბაიჯანის მხრიდან ძალის დემონსტრაციად და გაფრთხილებად აფასებს.

„აზერბაიჯანი სიტუაციას უკვე ორ წელიწადზე მეტია აკონტროლებს. შესაბამისად, გამოვრიცხავ რამე მასშტაბურ კონფლიქტს. მათ განახორციელეს პრევენციული შეტევა, რათა აგრძნობინონ სომხურ მხარეს, რომ აზერბაიჯანს თავის სუვენერულ ტერიტორიაზე სჭირდება სრული კონტროლი და ხელმისაწვდომობა.

„სომხეთის საზღვარი აქედან საკმაოდ შორსაა, აზერბაიჯანელები კი ამ რეგიონში სრულიად დომინირებენ სამხედრო თვალსაზრისით. მათ გარდა აქ მხოლოდ რუსების სამშვიდობო ძალებია, რომლებიც, ჩემი აზრით, აზერბაიჯანს გაფრთხილებული ჰყავდა, რომ არაფერი მოემოქმედებინათ, როდესაც ისინი სომხებზე განახორციელებდნენ თავდასხმას.

„სომხეთი, როგორც ჩანს, უკან დაიხევს. მას რუსეთი მხარს არ უჭერს და ურჩევნია, რომ აზერბაიჯანთან შეინარჩუნოს კარგი ურთიერთობა. სომხეთს ყველა ვარიანტში მოუწევს ნაბიჯის უკან გადადგმა", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×