„ამან შეიძლება გამოიწვიოს შეუქცევადი ჯაჭვური რეაქცია" - პაატა ზაქარეიშვილი
ნაზი ბერიძე
19.02.2023

რუსეთი უნდა დამარცხდეს, მაგრამ არ უნდა განადგურდეს, როგორც ეს ზოგიერთს სურს, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ფრანგულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი ამასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ რუსეთის სრულიად განადგურება და მისი დეზინტეგრაცია სამ ან ოთხ ნაწილად, სულაც არ აწყობთ მსოფლიო ლიდერებს, რადგან გამოიწვევს ჩამოშლასა და ანარქიულ პროცესებს.

მაკრონმა დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდა, გაზარდონ სამხედრო მხარდაჭერა კიევისთვის და თქვა, რომ მზად არის გაჭიანურებული ომისთვის. ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინის სამხედრო ძალისხმევა, მოკავშირეების მხარდაჭერით, ერთადერთი გზაა რუსეთის მაგიდასთან დასაბრუნებლად და გრძელვადიანი მშვიდობის დასამყარებლად. მაკრონმა ასევე უარყო რუსეთში რეჟიმის შეცვლის პერსპექტივა და მსგავს ძალისხმევას მთელ მსოფლიოში სრული წარუმატებლობა უწოდა.

„მე მინდა, რომ რუსეთი უკრაინაში დამარცხდეს და მინდა, რომ უკრაინამ შეძლოს თავისი პოზიციის დაცვა. არ ვფიქრობ, როგორც ზოგიერთი, რომ მიზნად უნდა დავისახოთ რუსეთის ტოტალური დამარცხება, რუსეთის მიწაზე თავდასხმა. ამ ადამიანებს, უპირველეს ყოვლისა, სურთ რუსეთის განადგურება. ეს არასდროს ყოფილა საფრანგეთის პოზიცია და არც არასდროს იქნება", - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" აღწერს, რას გამოიწვევს მსოფლიო წესრისგისთვის რუსეთის სრულად განადგურება.

„ჩამოშლას გამოიწვევს რუსეთის განადგურება, იგულისხმება ის, რომ თუ არაფერს არ დაუთმობენ, თუ ისეთ პირობებს წამოუყენებენ, რომ რუსეთს გაუჭირდება მათი შესრულება, ქვეყნის შიგნით დაიწყება დაშლის პროცესები.

„მეც მაქვს კონტაქტები ევროპელებთან, ყველას ეშინია, იმდენად უგნური და წინდაუხედავი ომი წამოიწყო პუტინმა, ეს პირველ რიგში ძალიან სერიოზულად უჯდება უკრაინას თავისი მოსახლეობის ხარჯზე. მაგრამ რუსეთიც ძალიან სუსტდება ამ ომში, რაც ვერ გათვალა რუსეთის პოლიტიკურმა ელიტამ. ამან შეიძლება გამოიწვიოს რუსეთის დაშლა. რუსეთი შეიძლება დაიშალოს სამ, ოთხ ნაწილად, მათ შორის შეიძლება საქართველოსაც შეეხოს, იმიტომ რომ შეიძლება ჩრდილოეთ კავკასიის პრობლემები წინ წამოიწიოს. რუსეთის ყველა ნაწილი დაიწყებს ერთმანეთში ბრძოლას, მიწების, პრივილეგიების, გზების, საზღვრების მოსაპოვებლად. ამან შეიძლება გამოიწვიოს შეუქცევადი ჯაჭვური რეაქცია, რაც მსოფლიოს არ უნდა აწყობდეს, მით უმეტეს, ბირთვული იარაღია განთავსებული რუსეთის მთელ ტერიტორიაზე.

„ამიტომ, ალბათ, ჩემი აზრით მაკრონმა იგულისხმა ეს. უნდა შენარჩუნდეს რუსეთის მთლიანობა, ერთიანობა, რათა არ მოხდეს ცენტრალიზებული მმართველობის კოლაფსი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მსოფლიოში არეულობა. მაგალითად, ისლამური სამყაროს ჩართვა მოხდება, იქ ჩინეთი თავისი ინტერესების რეალიზაციას დაიწყებს, ცენტრალურ აზიას თავისი ინტერესები აქვს. ყველა გარეთ მყოფი სახელმწიფო შეეცდება, თავიანთი მოძმე, მონათესავე, რელიგიური თუ ენობრივი მოსახლეობის დაცვა დაიწყონ. რამაც შეიძლება გამოიწვიოს ჯაჭვური რეაქცია და ეს ჩამოშლა არ იქნება საუკეთესო ვარიანტი მსოფლიო წესრიგისთვის," - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.

კითხვაზე თუ რა იგულისხმა მაკრონმა გაჭიანურებულ ომში და როგორი იქნება დასავლეთის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ ამ შემთხვევაში, ანალიტიკოსი ამბობს, რომ მისი აზრითაც ომი დიდხანს გაგრძელდება, მინიმუმ ამ წლის ბოლომდე.

„ყველა ლოგიკური გათვლებით და რესურსების ცოდნით, რაც დღეს გააჩნიათ რუსეთს და უკრაინას, ამ ომმა შეიძლება ამოწუროს თავისი რესურსები უკვე წლევანდელ წელს. შემოდგომაზე, სადღაც სექტემბერ-ოქტომბრისთვის, უნდა დადგეს გარკვეული ძალთა ბალანსი - რა სტრატეგიული ამოცანები შეასრულეს ან ვერ შეასრულეს მხარეებმა. ეს არის მოკლევადიანი პერსპექტივა, რომ წელს განისაზღვროს ყველაფერი, მხარეები მიხვდვნენ, რომ მათი რესურსები ამოწურვადია და შესაბამისად დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან, რათა მოაწერონ ხელი ცეცხლის შეწყვეტას იმ პირობით, რომ, მაგალითად, სადაც დგანან ჯარები, იქ გაჩერდნენ და განაგრძონ მოლაპარაკებები.

„გაჭიანურებულ ომში მაკრონმა იგულისხმა, რომ ორივე მხარე არ აპირებს დათმოს, რესურსები იმდენი აქვთ, რომ თავი დაიცვან, მაგრამ არა აქვთ რესურსები, რომ შეუტიონ და მიითვისონ დამატებითი ტერიტორიები. ეს გამოჩნდება უკვე წელსვე. ერთი ვარიანტია, თუ უკრაინამ ვერ შეუტია რუსეთს და ვერ შეავიწროვა თავისი ტერიტორიიდან, და მეორე თუ რუსეთმა ვერ განახორციელა შეტევა და ვერ მოიპოვა წარმატება, ვერ აიღო დამატებითი მიწები, დაიწყო ე.წ. პოზიციური ომი, როცა დგანან და წინ ვერ მიდიან (დაახლოებით ეს იყო ირან-ერაყის ომის დროს).

„აქ მნიშვნელოვანია რამდენად დაემთხვევა მაკრონის პოზიცია ამერიკის, ბრიტანეთისა და გერმანიის პოზიციას, ამით იქნება განპირობებული, ისინი გააგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას გაჭიანურებულ ომში თუ მოთხოვენ, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს.

„რუსეთი მზად არის უკვე, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს. რუსეთი ხვდება, რომ წინ ვეღარ მიდის, ამიტომ გადადის პოზიციურ ომზე, მას შეუძლია დიდხანს აწარმოოს ასეთი ომი, ამის რესურსი გააჩნია.

„მაგრამ მზადაა თუ არა უკრაინა? მას თავისი ტერიტორიების გათავისუფლება უნდა, და აბსოლუტურად გასაგებია უკრაინის პოზიცია. ანუ, დასავლეთი მაქსიმალურად უნდა დაეხმაროს უკრაინას იარაღით ტექნოლოგიებით, სადაზვერვო ინფორმაციით, კავშირგაბმულობის უნიკალური საშუალებებით, რათა მას მიეცეს საშუალება, განახორციელოს გადამწყვეტი შეტევა და გაათავისუფლოს თავისი ტერიტორიები. ამისთვის მას აქვს დაახლოებით ერთი წელიწადი. ამ ფონზე, ჩემი აზრით, უკრაინას აქვს რესურსი თქვას, რომ მე არ დაველაპარაკები რუსეთს. მე უნდა გავათავისუფლო ჩემი ტერიტორიები რუსეთის ჯარისაგან. ბრიტანეთი იქნება, საფრანგეთი, ამერიკა თუ გერმანია, შეიძლება უთხრან ზელენსკის, არ არის ახლა ამის დრო, დაჯექი მოლაპარაკების მაგიდასთან. ამიტომაც აძლევენ იარაღს. მაგრამ განსხვავებით რუსეთისაგან, უკრაინას თავისი იარაღი არა აქვს, მთლიანად დასავლეთზეა დამოკიდებული. რუსეთს ჟანგიანი და ძველი იარაღი აქვს, მაგრამ ეს მისი საკუთარი იარაღია, ნელა-ნელა აწარმოებს მას. ამიტომ, რაღაც კრიტიკულ სიტუაციაში დასავლეთმა შეიძლება უთხრას კიევს, ხომ ხედავ წინ ვერ მიდიხარ, მიმდინარეობს პოზიციური ომი, რამდენ ხანს უნდა იდგეთ ერთმანეთის პირისპირ მდინარე დნეპრზე? ხალხი იხოცება, ამიტომ ჩვენ გაგვიჭირდება მუდმივად მოგაწოდოთ იარაღი, თუ არ იქნება წარმატება ფრონტზე. წარმატება უნდა იყოს უკრაინის შეტევა," - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.

ის ემანუელ მაკრონის პოზიციას აკრიტიკებს პუტინის რეჟიმთან დაკავშირებით და ფიქრობს, რომ მან პირიქით უნდა ილაპარაკოს.

„შეიძლება დასავლეთმა თქვას, არ მოვუხსნით სანქციებს რუსეთს ვიდრე პუტინი იქნება ხელისუფლებაში, სულ მალე არჩევნები მოდის რუსეთში - 2024 წლის მარტში იქნება არჩევნები, და კარგი იქნება თუ მაკრონი ასე კი არ ილაპარაკებს, პირიქით, ილაპარაკებს, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ომის წამომწყები ფიგურა პუტინი და მისი გარემოცვა არ იყოს ხელისუფლებაში. ამ ფონზე კარგი იქნება თუ დასავლეთი ილაპარაკებს რომ მათთვის მიუღებელია აგრესორი რუსეთი პუტინის ხელმძღვანელობით. და შესაბამისად, ეკონომიკური სანქციების გადახედვაზე ლაპარაკი შეიძლება დაიწყოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც პუტინის რეჟიმი წავა ხელისუფლებიდან."

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×