ბაჩანა ტყემალაძე
13.02.2023

აშშ-ში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ოთხი მფრინავი ობიექტი ჩამოაგდეს, რამაც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დიდი ინტერესი გამოიწვია. ოთხი ობიექტიდან მხოლოდ პირველის წარმომავლობაა ცნობილი. ექსპერტთა ნაწილი არც იმას გამორიცხავს, რომ დანარჩენი სამი აეროსტატი არამიწიერი წარმომავლობის იყოს.

ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც აშშ-მ 4 თებერვალს საჰაერო ბუშტი ჩამოაგდო, რომელიც ჩინეთს ეკუთვნოდა. ჩინეთის მთავრობამ პროტესტი გამოთქვა და აშშ-ის მიერ მისი აეროსტატის ჩამოგდება „გადაჭარბებულ რეაქციად" და საერთაშორისო ნორმების დარღვევად შეაფასა.

ამის შემდეგ კი დაიწყო ამოუცნობი მფრინავი ობიექტების ჩამოგდების სერია.

11 თებერვალს აშშ-მ 12 კილომეტრის სიმაღლეზე მყოფი მანქანის ზომის მფრინავი ობიექტი ჩამოაგდო, რომელიც ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის, ჯონ კირბის თქმით, ალასკის საჰაერო სივრცეში 24 საათის განმავლობაში იმყოფებოდა.

„ის ჩვენს ტერიტორიულ წყლებში მოხვდა, ახლა ეს წყლები გაყინულია და ტერიტორიულ საჰაერო სივრცესა და ტერიტორიულ წყლებზეა", - განაცხადა კირბიმ

ჩამოგდებული აპარატის ნამსხვრევები შეგროვდა და გემებზე ჩაიტვირთა, რის შემდეგაც ლაბორატორიული კვლევისთვის გადაიტანეს.

აშშ-ის მაღალჩინოსნების თქმით, ობიექტი გაცილებით პატარა იყო, ვიდრე ჩინური ჯაშუში-ბუშტი და მისი წარმომავლობა ჯერ არ სახელდება.

„ჩვენ ამას ვუწოდებთ ობიექტს, რადგანაც ეს საუკეთესო აღწერაა, რომელიც ამჟამად გვაქვს. არ ვიცით, ვინ ფლობს მას - სახელმწიფო, კორპორაციული თუ კერძოა, უბრალოდ არ ვიცით", - აღნიშნა ჯონ კირბიმ.

შემდეგი შემთხვევა კანადის საჰაერო სივრცეში მოხდა, სადაც უცნობი ცილინდრული ფორმის საჰაერო მოწყობილობა 12 კილომეტრის სიმაღლეზე შენიშნეს.

პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ გასცა ბრძანება ობიექტის განადგურების შესახენ, რადგან შეიძლებოდა, რომ მას სამგზავრო თვითმფრინავებისთვის ფრენაში ხელი შეეშალა.

აპარატი აშშ-ის სამხედრო ძალების „ეფ-22-ის" ტიპის გამანადგურებელმა ჩამოაგდო. ალასკის შემთხვევის მსგავსად, სამხედროებმა აპარატის ნამსხვრევები შეაგროვეს და გამოსაკვლევად გადაიტანეს. ამ ეტაპისთვის უცნობია, თუ რა წარმომავლობის იყო აღნიშნული მფრინავი ობიექტი.

კანადის პარალელურად, აშშ-ში, ჰურონის ტბის თავზე ამერიკელებმა სამხედროებმა კიდევ ერთი მფრინავი ობიექტი ჩამოაგდეს. ამის შესახებ ამერიკის თავდაცვის მდივნის თანაშემწემ, მელისა დალტონმა განააცხადა.

მისი თქმით, ობიექტი არ იყო სამხედრო საფრთხის შემცველი, მაგრამ, იგი აშშ-ის სამხედრო ობიექტებთან ახლოს მოძრაობდა და საშიშროებას წარმოადგენდა სამოქალაქო ავიაციისთვის.

მფრინავი ობიექტების ჩამოგდებების სერიამ სამეცნიერო ფანტასტიკის მოყვარულებს ახალი იმედი ჩაუსახა, რომ აღნიშნული ამოუცნობი მოწყობილობები არამიწიერი წარმომავლობის იყო, მაგრამ ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" საუბარში ობიექტების არამიწიერ წარმომავლობას გამორიცხავს და ვარაუდობს, რომ ამერიკას საქმე ისევ ჩინურ აეროსტატებთან შეიძლება ჰქონდეს.

„როგორც ამ დარგის სპეციალისტი, გამორიცხულია რომ ეს მოწყობილებები უცხოპლანეტელების ყოფილიყო. როგორც ჩანს, ეს სამოქალაქო აეროსტატებია, რომელთა ჩამოგდებაც საჰაერო ბუშტების ჩამოგდებაზე ბევრად მარტივია, რადგან ისინი შედარებით დაბლა დაფრინავენ.

აშშ-სა და ჩინეთს შორის ურთიერთობა დაიძაბა და შესაძლოა ეს გახდა იმის მიზეზი რომ ამერიკამ ყველა მისთვის ცნობილი საჰაერო ზონდი ჩამოაგდო, რომლის შესახებ აქამდეც ჰქონდა ინფორმაცია.

საგულისხმოა ისიც, რომ ჩინეთმაც საპირისპირო განცხადება გააკეთა, რომ მათ საჰაერო სივრცეში ამერიკული ზონდები დაფრინავენ, ასე რომ, ჩვენ ახლა შეიძლება ჩინეთში ჩამოგდებული ამერიკული აეროსტატებიც ვიხილოთ.

არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ ჩამოგდებების სერია ბაიდენის საიდუმლო დოკუმენტების სკანდალის გადასაფარადაც იყოს მოწყობილი", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×