ბაჩანა ტყემალაძე
12.02.2023

იტალიის პოლიციამ კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებით საქმის გამოძიების ფარგლებში ევროპარლამენტარი, ანდრეა კოცოლინო დააკავა. ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს. ეს უკვე მესამე ევროპარლამენტარია, რომელიც ევროპარლამენტში აგორებული კორუფციული სკანდალის გამო დააპატიმრეს.

კოცოლინოს დაკავების ორდერი ბელგიის ხელისუფლებამ გასცა, რომელმაც 10 თებერვალს კოცოლინოს კოლეგა, ბელგიელი დეპუტატი მარკ ტარაბელაც დააკავა.

კოცოლინოს ადვოკატმა, დიმიტრი დე ბეკომ იტალურ მედიასთან განაცხადა, რომ დაკავებიდან რამდენიმე საათში კოცოლინო სახლში დაბრუნდა და ის ახლა შინა პატიმრობაში იმყოფება. მან ასევე აღნიშნა, რომ ეწინააღმდეგება დაკავებულის პირის ბელგიაში ექსტრადიციას ბელგიური მართლმსაჯულების „პროცესის" გამო.

ანდრეა კოცოლინოს ადვოკატთა გუნდი ამტკიცებდა, რომ პოლიტიკოსმა 21 დეკემბრიდან მოსამართლეს მოსასმენად რამდენჯერმე მისწერა, მაგრამ პასუხი არც ერთხელ არ მიუღია.

ადვოკატის წინააღმდეგობის მიუხედავად, ბელგიური მხარე კოცოლინოს ექსტრადირებას ითხოვს და ამ საკითხს სასამართლო სამშაბათს, 14 თებერვალს განიხილავს.

საპარლამენტო ანგარიშების თანახმად, ტარაბელას და კოცოლინოს ბელგიის კანონმდებლობის პოტენციური დარღვევა შეიძლება კორუფციას, კრიმინალური ორგანიზაციის წევრობასა და ფულის გთეთრებას მოიცავდეს, მაგრამ პროკურატურამ პარასკევს მხოლოდ ფულის გათეთრებასა და კორუფციაზე ისაუბრა.

ევროპარლამენტმა გასულ ხუთშაბათს გამართულ პლენარულ სესიაზე ტარაბელასა და ევროპარლამენტარ ანდრეა კოცოლინოს იმუნიტეტი მოუხსნა.

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტის სკანდალი 10 დეკემბერს დაიწყო, როდესაც გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ევროდეპუტატი და ევროპარლამენტის ვიცე-სპიკერი, ევა კაილი ბელგიის პოლიციამ დააკავა. იგი ანტიკორუფციულ გამოძიებაში ფიგურირებს, რომელიც კატარის სასარგებლოდ უკანონო ლობისტურ საქმიანობას ეხება.

გამოძიების ფარგლებში სამართალდამცავებმა კიდევ რამდენიმე ადამიანი დააკავეს და ჩხრეკის შედეგად 600 ათასი ევრო, კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები ამოიღეს.

ტარაბელას, კოცოლინოს და ევა კაილთან ერთად, აღნიშნულ საქმეზე დაკავებულია ევა კაილის პარტნიორი, ფრანჩესკო გიორგი და ყოფილი ევროპარლამენტარი პიერ ანტონიო პანზერი.

ანდრეა კოცოლინო და მარკ ტარაბელა დანაშაულს არ აღიარებენ, მაგრამ მიმდინარე წლის იანვარში პიერ ანტონიო პანზერიმი გამოძიებასთან თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება დადო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×