ნაზი ბერიძე
09.02.2023

 რუსეთის საელჩო დიდ ბრიტანეთში ოფიციალურ ლონდონს აფრთხილებს, რომ თუ ის უკრაინას ავიაგამანადგურებლებს გადასცემს, ამას მთელი მსოფლიოსთვის „სამხედრო და პოლიტიკური შედეგები" მოჰყვება. პოლიტოლოგი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" ამასთან დაკავშირებით ამბობს, რომ „დიდი ხანია მოსკოვის არავის არ ეშინია, მით უმეტეს ბრიტანეთზე და ამერიკაზეა საუბარი..

„გვინდა ოფიციალურ ლონდონს შევახსენოთ: ასეთ სცენარში, მორიგი ესკალაციის „სისხლიანი მოსავალი" სწორედ მის სინდისზე იქნება, ასევე ამის შედეგად მიღებული სამხედრო და პოლიტიკური შედეგები ევროპის კონტინენტისთვისა და მთელი მსოფლიოსთვის," - აცხადებენ რუსეთის საელჩოში.

გარდა ამისა, რუსეთის საელჩოში ამბობენ, რომ „ლონდონის ნებისმიერ არამეგობრულ ნაბიჯზე, შესაბამისი პასუხი ექნებათ".

პოლიტოლოგ ვახტანგ მაისაიას თქმით, ბრიტანეთის მიერ ავიაგამნადგურებლების გადაცემას ისეთივე შედეგები მოჰყვება, როცა ამერიკელებმა უკრაინას გადასცეს „ჰაიმარსები" და სხვა ტიპის შეიარაღება. პოლიტოლოგი მიიჩნევს რომ რუსეთის მუქარა ერთგვარი პროპაგანდისეული რიტორიკაა და სხვა არაფერი.

„ეს რუსეთის რიტორიკა პროპაგანდაა, ლონდონს და ვაშინგტინს არ ეშინიათ მოსკოვის მუქარის. ეს მორიგი საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ომია ბრიტანეთსა და რუსეთს შორის. დიდი ხანია მოსკოვის არავის არ ეშინია, მით უმეტეს ბრიტანეთზე და ამერიკაზეა საუბარი. ეს მხოლოდ ერთგვარი რიტორიკაა, და მე გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა ბრიტანეთს ომი გამოუცხადოს. მით უმეტეს, უკრაინა მხოლოდ თავს იცავს და მოკავშირეები კი ეხმარებიან მას," - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.

შეგახსენებთ, 8 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გაერთიანებულ სამეფოში ჩავიდა, სადაც პრემიერ რიში სუნაკს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ბრიტანეთის პრემიერმა განაცხადა, რომ თავდაცვის მინისტრი აქტიურად განიხილავს უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემის საკითხს.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×