რეზონანსი
23.06.2020

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის ეკა დგებუაძის განმარტებით, სამინისტრო ჯერ კიდევ პანდემიის დაწყებამდე მუშაობდა ელექტრონული რესურსების განვითარებაზე. აღნიშნული ცვლილება „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში ხორციელდება, რომელიც ზოგადი განათლების რეფორმის ნაწილია და მიზნად სკოლებში სწავლისა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს. აღნიშნული ცვლილების მიზანი კი სკოლებში ტექნოლოგიების შეტანა და ელექტრონული რესურსების ხელმისაწვდომობაა.

„ელექტონული რესურსების განვითარებაზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ჯერ კიდევ პანდემიამდე დაიწყო მუშაობა. პამდემიის პირობებში კიდევ უფრო გაძლიერდა მოთხოვნა იმაზე, რომ შეიქმნას მრავალფეროვანი ელექტრონული რესურსები. შესაბამისად ჩვენ დავიწყეთ დიალოგი გამომცემლებთან. ეს სამუშაო პროცესია და ჩვენ ამ შეხვედრებს ეტაპობრივად გავაგრძელებთ“, - განაცხადა დგებუაძემ.

მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ აღნიშნული ცვლილება ითვალისწინებს ნაბეჭდი წიგნების პარალელურად PDF ფაილის ხელმისაწვდომობას, და ის არ ანაცვლებს ნაბეჭდ სახელმძღვანელოს.

„უპირველეს ყოვლისა უნდა აღვნიშნო, რომ საჯარო სკოლის ყველა მოსწავლე მიიღებს გრიფირებულ სახელმძღვანელოს ნაბეჭდი ანუ მატერიალური სახით. თუმცა, იმისათვის, რომ კიდევ უფრო მრავალფეროვანი გავხადოთ რესურსები, გამომცემლებს ვესაუბრეთ, რომ სახელმძღვანელოები, რომელთაც ვბეჭდავთ, არსებობდეს ელექტრონული - PDF ფაილის სახით“, - განაცხადა ეკა დგებუაძემ.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, იმის შესახებ, რომ შესაძლებელია სექტემბრიდან დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა სწავლება ჩვეულებრივ დაიწყონ, ხოლო საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა დისტანციურად, ამას განათლების სამინისტროში არ ადასტურებენ. მათი განცხადებით, ყველაფერი დამოკიდებულია ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციაზე და ამ ეტაპზე სწავლის დაწყების მსგავს ფორმას არ განიხილავენ.

„ყველაფერი დამოკიდებულია ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციაზე, ახლანდელი მონაცემები იმის თქმის საფუძველს გვაძლევს, რომ სკოლებში სწავლება ყველა საფეხურის მოსწავლეებისთვის 15 სექტემბრიდან განახლდება. თუმცა, წინასწარ დანამდვილებით ვერაფერს ვიტყვით. უბრალოდ, შემიძლია გითხრათ, რომ სწავლების მსგავსი მოდელი საჯარო სკოლებისთვის ამ ეტაპზე არ განიხილება“, - ამბობენ განათლების სამინისტროში.

მარიამ ნებულიშვილი

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×