ელზა პაპოშვილი
22.06.2020

რუსმა ოკუპანტებმა ქართველების გატაცება ახლა კახეთიდან დაიწყეს. 23 წლის დავით ვარდოშვილი 13 ივნისს რუსებმა იმ დროს დააკავეს, როდესაც ის და მისი მეზობელი ლევან ბაწილაშვილი ყადორის მთაზე საქონელს აძოვებდნენ. როგორც ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან, რუსებმა მწყემსი საქართველოს ტერიტორიიდან გაიტაცეს. 

მათი თქმით, რუსები დაღესტნის მხრიდან ჩვენს მიწაზე თავისუფლად გადაადგილდებიან და რამდენიმე მეტრით გადმოსვლას არ ერიდებიან. მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიაზე არანაირი ნიშნული არ არის და  ეს გარემოება მათ ხელს აძლევთ, რომ ქართველებს მუდმივად საზღვრის დარღვევის მოტივით მოედავონ.  

უკვე 10 დღეა, რაც ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ალმატიდან გატაცებული ახალგაზრდა დაღესტნის ტერიტორიაზე იმყოფება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეს ინფორმაციით 13 ივნისს სასაზღვრო პოლიციის ლაგოდეხის სამმართველოს მესაზღვრეებს, საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე, დაუკავშირდა მწყემსი და აცნობა, რომ საქართველოს მოქალაქე, მწყემსი დავით ვარდოშვილი, სავარაუდოდ, რუსმა მესაზღვრეებმა საზღვრის კვეთის ბრალდებით დააკავეს. 

პროცესში ჩართულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექცია. მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები საქართველოს მოქალაქის გადმოცემათან დაკავშირებით და არსებული ინფორმაციით, მწყემსის ქართული მხარისთვის გადმოცემა უახლოეს მომავალში მოხდება.

ყვარლის მუნიციპალიტეტში და კახეთის გუბერნიაში აქამდე ოფიციალური განცხადებები  ჯერ არ კეთდება.  

„რუსები ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე ყოფილან გადმოსულები. ლევანის ისინი მალევე შეუმჩნევია და დათოსთვის დაუძახია, რომ გაიქეცი დაგიჭერენო. ამას ალბათ ეგონა, რომ ჩვენს ტერიტორიაზე ვარ, ვინ დამიჭერსო. ლევანი ესევე გამოქცეულა. რუსებიც დაძრულან დათოს მიმართულებით და ამ გაწევა-გამოწევაში დაუკავებიათ. ლევანისაც გამოედევნენ, მაგრამ გორაზე ვეღარ დაეწივნენ. 

 ასე მოურიდებლად დადიან რუსები და ჩვენს ტერიტორიაზე როგორც უნდათ გადმოდიან. მანდ ვაძოვებდით სულ საქონელს და მამა-პაპიდან ვიცით, რომ ჩვენი ტერიტორიაა, მანდ რუსებს რა უნდათ. ამიტომაც ესენიც თამამად იყვნენ და აზრადაც არ მოსვლიათ, რომ რამე საფრთხე დაემუქრებოდათ“, - ამბობს „რეზონანსთან“ დაკავებული მწყემსის მეზობელი.  

ადგილობრივების თქმითვე, არ არსებობს ნიშნულები და რუსები ამით სარგებლობენ. მათ შეუძლიათ, რომ რამდენიმე მეტრით გადმოვიდნენ. მათივე ინფორმაციით, საქმეში უკვე ჩართულია საგარეო საქმეთა სამინისტრო და მწყემსის სახლში დაბრუნებას ოჯახს უახლოეს დღეებში დაპირდნენ. 

„ვიცით ის, რომ დაღესტანში ჰყავთ გადაყვანილი. როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელმა ოჯახს უთხრა, ჯამრთელად და კარგად არის. მიდის დაღესტნის მხარესთან მოლაპარაკებები, რომ მისი გათავისუფლება რაც შეიძლებ მალე მოხდეს. 

“იმედი მოგვცეს და ჩვენც ველოდებით, რომ იქნებ დღე-დღეზე გაათავისუფლონ. სიმართლე გითხრათ იმ ტერიტორიაზე გადაადგილებას ადგილობრივები უკვე ვერიდებით. როდის გადმოვლენ რუსები კაცმა არ იცის. ამიტომ, ამ ფაქტის გამო ახლა ჩვენც შიში გაგვიჩნდა“, - უყვება „რეზონანსს“ გატაცებული მწყემსის კიდევ ერთი მეზობელი. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
gio   (23.06.2020)
rashen shvain

mzirali   (22.06.2020)
რუსული ლეკიანობა დაიწყო. მომხდურს იარღით უნდა დაუპირისპირდე


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×