ელზა პაპოშვილი
14.04.2020

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ  ზემო მსხალგორში 65 წლის მამაკაცი, სავარაუდოდ, საკუთარმა ძმისშვილმა მოკლა. როგორც ადგილობრივები „რეზონანსთან’ ყვებიან, ბიძა-ძმისშვილს მკვლელობამდე სიტყვიერი შელაპარაკება ჰქონდათ, რის შემდეგაც მას ახალგაზრდა მამაკაცმა ნაჯახით ჭრილობები კისრის და შემდეგ ყელის არეში მიაყენა.

მეზობლები ამბობენ, რომ საერთო სახლში ბიძა პირველ სართულზე ცხორობდა ძმისშვილი კი - მეორეზე. რა გახდა შელაპარაკების მიზეზი და დანაშაულის მოტივი - ჯერჯერობით უცნობია.

ადგილობრივი თამარ ჭაბაშვილი „რეზონანსთან“ ყვება, რომ თავად ბიჭი გამოვიდა გარეთ, მეზობლებს დაუძახა და უთხრა, რომ ბიძამისი ცუდად იყო და სთხოვა ენახათ ცოცხალი იყო თუ არა. სახლში შესულ მეზობლებს კი შემდეგი სურათი დახვდათ - 65 წლის მამაკაცი იატაკზე სახით იწვა და სისხლში ცურავდა. 

„გარეთ თავად გამოვიდა და მეზობლებს უთხრა - წამომყევით, ნახეთ, ბიძაჩემი ცოცხალია თუ არაო. შეყვნენ კაცები და ნახეს, რომ იატაკზე სახით იწვა, გარშემო კი სულ სისხლი იყო. უთხრეს, რა ქენი ბიჭო, რა ჩაიდინეო?! მერე კი აღიარა, რომ ჩხუბი მოგვივიდა და ნაჯახი მოვუქნიეო.

„ჭრილობები ყელის და შემდეგ კისრის არეში ჰქონდა მიყენებული. უმძიმესი სურათი დაგვხვდა. არ ვიცი... მათგან რაიმე  ჩხუბის და კონფლიქტის ხმა არ გაგვიგია. ეს კაცი მარტო ცხოვრობდა. სვამდა, მაგრამ ლოთი იყო-თქო, ვერ ვიტყვით. მერე ეს ბიჭი გადმოვიდა ბიძასთან საცხოვრებლად, რომ ყურადღება მიექცია. ამ კაცს თავად ოჯახი არ აქვს. 

„რა მოხდა და რაზე იჩხუბეს, არავინ არ იცის. მერე პოლიციაში დავრეკეთ და დააკავეს. ნაჯახიც იქვე იყო ოთახში, რაც ჩაურტყამს. უკვე გარდაცვლილი იყო“, - ამბობს ადგილობრივი „რეზონანსთან“.  

მეზობლები ამბობენ, რომ ზუსტად როდის მოხდა მკვლელობა, მათთვის უცნობია. მათ ამის შესახებ მხოლოდ დილით გაიგეს. არ არის გამორიცხული, რომ მკვლელობა ღამითაც მომხდარიყო და ძმისშვილმა მხოლოდ გამოფხიზლების შემდეგ გააცნობიერა, რომ ბიძა მოკლა.

„ეჭვი გაგვიჩნდა, რომ შესაძლოა საერთოდ არც ახსოვდა ღამე რა მოხდა. ან თამაშობდა და ეგონა, რომ ვერ გაუგებდნენ. იმიტომ, რომ თავად აბობდა - „მე დილით რომ გავიღვიძე, მისი ოთახის კარი ღია იყო, შევიხედე და დავუძახე, ხმა არ გამცა. წამოდით, ნახეთ, ნეტა ცუდად ხომ არ არისო“. ჩვენც თავიდან საერთოდ ვერც წარმოვიდგენდით, რომ მკვლელობა იყო. 

„შესაძლოა სახლის გამოც მოუვიდათ ჩხუბი. არავინ არაფერი არ იცის ზუსტად. ჩხუბის ხმა ჩვენ არ გაგვიგია და არაფერი. თავად კი აღიარა მერე, რომ ვიჩხუბეთო. სანამ პოლიცია არ მოვიდა, არ ამბობდა, რომ მკვლელობა იყო. თუმცა, მიცვალებულს რომ შევხედეთ, ჩვენც უკვე ეჭვი გაგვიჩნდა, რომ რაღაც კარგად არ იყო“, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი „რეზონანსთან“.

შსს-ს ინფორმაციით კი, პოლიციამ ლაგოდეხში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი.

ბრალდებულმა ბასრი საგნით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა მასთან მცხოვრებ ბიძას,დანაშაული 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1978 წელს დაბადებული კ. გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მსხალგორში, ბასრი საგნის გამოყენებით სახისა და ზურგის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა მასთან მცხოვრებ ბიძას - 1955 წელს დაბადებულ თ.გ.-ს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით,"- აღნიშნულია განცხადებაში.        

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×