სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ამბავი ბერძნულ სიწმინდეებთან მებრძოლი სპარტის ჭკუიდან შეშლილი მეფე კლეომენეზისა
    მამუკა ნაცვალაძე
    16.12.2017

     სპარტა, მისი განუმეორებელი ცხოვრების წესითა და ადათით, დღემდე იწვევს საზოგადოების ინტერესს. ლეგენდარული მეფე ლეონიდასის სახელი დღეს განათლებასთან მეტ-ნაკლებად წილნაყარი ყველა ადამიანისთვისაა ცნობილი. ლეონიდასმა ერთი ბრძოლით, აქემენიდებთან დაპირისპირებით წარუშლელი ფურცელი ჩაწერა მსოფლიო ისტორიაში.

    როგორ დამკვიდრდა ისტორიაში ლეგენდარული ლეონიდასის სტერეოტიპი

    თეატრი და კინო ხშირად უწყობს ხელს საზოგადოებაში ერთგვარი სტერეოტიპების დამკვიდრებას. სცენაზე წარმოდგენილ მხატვრულ ნაწარმოებებში არაერთხელ დარღვეულა ის რეალობა, რაც ისტორიულ წყაროებშია დადასტურებული. სწორედ ასეთი ბედი ეწია ლეონიდასს, რომლის მეთაურობითაც იბრძვის თერმოპილეს ბრძოლაში 300 სპარტელი აქემენიდების წინააღმდეგ.

    ლეონიდასი ახალგაზრდა მეომრის სახითაა წარმოდგენილი, არადა, ის ბრძოლისას 50 წლისაა. ასეთი ასაკი და, შესაბამისად, ამ ასაკში მსგავსი თავდადება ძველი პერიოდისათვის სრულიადაც არაა ჩვეულებრივი ამბავი.

    ხალხის ცნობიერებაში ლეონიდასი საბერძნეთის ისტორიის სიმბოლოდ იქცა, ისევე როგორც ცოტა ხნის შემდეგ რომის ისტორიის სიმბოლო გახდება სპარტაკი. ამიტომაც არის სასურველი, სპარტას მეფე რეალურ კონტექსტში დავინახოთ და არა - მითოლოგიზებულ პრიზმაში.

    რატომ დასჭირდათ აგიადებს ზევსის მემკვიდრეობის ლეგენდა

    ლეონიდასი ქრისტეშობამდე მეექვსე საუკუნის 30-იან წლებში დაიბადა, დაახლოებით 530 წელს. საცნაური კი ისაა, რომ ის ჩვეულებრივი უფლისწულია, ადამიანი, რომელსაც მეფობა არ ეკუთვნის. აქ მთავარია მემკვიდრეობითობა - ტრადიციულად, მეფის ტიტულს უფროსი უფლისწული იღებს, ლეონიდასი კი სრულიადაც არაა უფროსი.

    მამამისი - ანაქსანდრიდას მეორე სპარტაში ქრისტეშობამდე 560-540 წლებში ზეობს. სპარტაში ტრადიციული ორმეფობაა - ერთი მეფე ევროპონტიდების, მოსული დორიელების, დინასტიიდანაა, მეორე კი აგიადების დინასტიიდან, რომელნიც ადგილობრივი აქაელები არიან. სწორედ ამ უკანასკნელს ეკუთვნის ანაქსანდრიდას მეორე და მისი შთამომავლობა, მათ შორის ლეონიდასი.

    თუმცა სამეფო ზეობისათვის ლეგენდაა საჭირო და ეს ლეგენდაც საკმაოდ ფართოდ ვრცელდება - აგიადები თავს ზევსის შთამომავლებად მიიჩნევენ, თავად ლეონიდასი აღნიშნავს, რომ ის ზევსის შვილის - ჰერაკლეს მეოცე შთამომავალია.

    როგორ ზრუნავდნენ ეფორები სპარტას სამეფოზე

    საკმაოდ საინტერესო ისტორია უკავშირდება ლეონიდასის დაბადებას. ამ ამბავს ჰეროდოტე მოგვითხრობს. ლეონიდასის დედა ანაქსანდრიდას მეორის პირველი ცოლი იყო. დიდი ხნის განმავლობაში მათ შვილი არ ჰყავდათ. ეს ერთგვარი ნიშანი იყო ეფორებისთვის, რომ ჩარეულიყვნენ სამეფო ოჯახის საქმეებში. მათ მოსთხოვეს მეფეს, ცოლს გაყროდა, თუმცა ვერაფერს მიაღწიეს. მიუხედავად ამისა, გარკვეული კომპრომისი მაინც მოხერხდა - მეფემ თავისი უსაყვარლესი ცოლის დატოვების უფლება მიიღო იმ პირობით, რომ მეორე ცოლსაც შეირთავდა და მემკვიდრეს დაუტოვებდა სპარტას.

    თანამეცხედრედ ანაქსანდრიდას მეორეს სპარტელი პოლიტიკოსის - ჩილიონ ბრძენის ასული შეურჩიეს. სწორედ ამ ქორწინებიდან იშვა მეფის მემკვიდრე ძე კლეომენეზი. თითქოს ამას ელოდაო ანაქსანდრიდას პირველის ცოლი - უმოკლეს დროში შვა სამი ვაჟი. ჯერ დორეუსი, მერე კი ტყუპები, კლეომბროტუსი და ლეონიდასი - შემდგომში სპარტას ლეგენდარული მეფე.

    სპარტანული წესით, ტახტის მემკვიდრე კლეომენეზია - ანაქსანდრიდასის პირველი შვილი მეორე ქორწინებიდან. მისი პირველობა არავისთვისაა სადავო, ამიტომაც დანარჩენი უფლისწულები ჩვეულებრივად იზრდებიან, მათ შორის ლეონიდასიც. სწორედ ამ წესსა და რიგს იცავენ სპარტელები და ანაქსანდრიდას მეორის სიკვდილის შემდეგ აგიადების დინასტიიდან ტახტზე ადის კლეომენეზი, ეს ქრისტეშობამდე 520 წელს ხდება.

    როგორ მოატყუა კლეომენეზმა მიამიტი არგოსელები

    კლეომენეზი საკმაოდ წინააღმდეგობრივი ფიგურაა, მან თავი დაამახსოვრა საზოგადოებას არგოსის წინააღმდეგ ბრძოლით. არგოსს, სპარტას მსგავსად, ბერძენ სპარსელთა დაპირისპირებისას ნეიტრალიტეტი ეკავა. საერთაშორისო ვითარება არ გამხდარა მათი დაპირისპირების მიზეზი.

    სპარტელები მოსული დორიელები არიან, დორიელები ზეობენ არგოსშიც, თუმცა მათ შორის დაძაბული ურთიერთობაა. არგოსი საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილია საბერძნეთისთვის. ეს ტერიტორია სამხრეთ საბერძნეთის ყველაზე გამორჩეული ბერძნული კულტურის ცენტრის - მიკენის პოლიტიკური გავლენის ქვეშაა. სწორედ ამ მნიშვნელოვან ადგილს იპყრობენ დორიელები ქრისტეშობამდე მეთორმეტე და მეთერთმეტე საუკუნეების მიჯნაზე.

    ეს უმნიშვნელოვანესი კულტურული ცენტრი ამოიღო მიზანში კლეომენეზმა. ის პერიოდია, როცა სპარტას ათენი მთავარ მეტოქედ მიაჩნია და თავს ვალდებულად არ მიიჩნევს, ჩაერთოს ბერძენ-სპარსელთა დაპირისპირებაში.

    სპარტამ არგოსი დაამარცხა საკმაოდ იოლად, ბავშვური ხერხით, თუმცა ის, რაც ამ ბავშვურ ფანდს მოჰყვა, მძიმე მემკვიდრეობა აღმოჩნდა კლეომენეზისთვის.

    არგოსი სპარტელებმა ალყაში მოაქციეს, ორივეს დორიელთა სისხლი უდუღს და ერთმანეთს გაფაციცებით უთვალთვალებენ. მზვერავებს საქმე არ ელევათ, მათი მეშვეობით მოწინააღმდეგეთა ბანაკმა ერთმანეთზე თითქმის ყველაფერი იცის. ორივეგან ყველაფერი მკაცრადაა განსაზღვრული, საერთო დორიული წარმომავლობა არგოსშიც ჩანს - ყველაფერი პედანტურადაა გათვლილი, მათ შორის ის დრო, როდის უნდა მიიღოს საკვები არგოსის მოსახლეობამ. საყვირი უხმობს, ტრადიციულად, არგოსელებს საჭმელად. ერთი საყვირი საუზმეს ნიშნავს, ორი - სადილს. ეს ყველაფერი კარგად აქვთ შესწავლილი სპარტელებს, ჰოდა, სწორედ ამაზე აკეთებს აქცენტს კლეომენეზი - ერთ დღესაც, მისი გადაწყვეტილებით, ის საყვირი, რომელიც სადილზე უხმობდა არგოსელებს, სპარტელებისთვის ხდება ნიშანი შეტევის დაწყებისა.

    როგორ გაროზგა კლეომენეზმა ჰერას ქურუმი

    იწყებენ კიდეც შეტევას სპარტელები და სადილად გამზადებული დაბნეული არგოსელები თავს ჭალას აფარებენ, თავიანთი საჭმლით გარბიან ჭალისკენ, იქ უსაფრთხო გარემო ეგულებათ, ეს ბერძენთა წმინდა ადგილია. ჩანს, არგოსელებს სიწმინდეების იმედი აქვთ - ფიქრობენ, რომ ეს მათ დაიცავს, თანაც იმის იმედიც აქვთ, რომ ამ სიწმინდის წაბილწვას მოერიდება სპარტის მეფე.

    საგულისხმოა, რომ ასეთი სიწმინდეები მრავლად ჰქონდათ ბერძნებს თავიანთ მიწაზე, რომელთაც, ტრადიციულად, მოწიწებით ეპყრობოდნენ და პატივს სცემდნენ.

    კლეომენეზის გადაწყვეტილება სასტიკია - სპარტელები ჭალას ცეცხლს უკიდებენ და იქ შეფარებულ არგოსელებს ცოცხლად წვავენ. ადამიანურად რთულია ამ საზარელი ფაქტის გაცნობიერება, თუმცა არანაკლებ აღშფოთებას იწვევს ბერძნული სამყაროს წმინდა ადგილის შებილწვისა და უდიერად მოპყრობის ფაქტი.

    ბერძენი ქურუმების თვალში კლეომენეზი კარგავს ყოველგვარ ავტორიტეტს, უფრო მეტიც - მისი უტიფრობა უპრეცედენტო ფორმებსა და მასშტაბებს იღებს. ადგილი, სადაც ყველა პატივს სცემს სიწმინდეებს, კლეომენეზისთვის არაფერს ნიშნავს. სწორედ ამ კონტექსტშია საინტერესო მისი დამოკიდებულება ქურუმებისადმი. ათენში ის ხელს ჰკრავს ქურუმს, რომელიც წინააღმდეგია, უწმინდური შევიდეს ტაძარში. ეს კიდევ არაფერი, მისი ბრძანებით გაწკეპლეს არგოსში ჰერას ქურუმი.

    ასეთი ქცევა არაორდინარულია ბერძნული საზოგადოებისთვის, ამ კულტურული გარემოსათვის, ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ ძალიან ბევრი გადაიმტერა კლეომენეზმა თავისი საქციელით.

    როგორ შეეცადა კლეომენეზი დელფოსის ორაკულის მოსყიდვას

    და აქ კიდევ ერთი მეტად საგულისხმო სიახლე შემოაქვს კლეომენეზს - კორუფცია. საქმე ისაა, რომ ისედაც დაცემის გზაზე მდგარი არგოსის დამორჩილება რომ ეჩქარებოდა, სწორედ დელფოსის ორაკული პიფია მოისყიდა, რათა მას ხელი შეეშალა დიომეტისათვის, არგოსში გამეფებულიყო.

    საკმაოდ ბევრი ცოდვაა ერთი კაცის კვალობაზე, კლეომენეზი მიუღებელი პერსონაა ბერძნული გარემოსათვის. ის აქემენიდებთან ცდილობს საკუთარი დასაყრდენის მოპოვებას, ათენზე უჭირავს თვალი და თანამზრახველად სწორედ სპარსელები ეგულება. თუმცა არ დასცალდა - კლეომენეზი ჭკუიდან შეიშალა. ამას ჰეროდოტე მოგვითხრობს - ის ქუჩაში დადიოდა და ყველას ურტყამდა ჯოხს, ამას მისდამი მტრულად განწყობილი ქურუმები ჰყვებიან, მისი სისასტიკე კი ხალხში ლეგენდებად დადიოდა.

    საკმაოდ უცნაური აღსასრული ჰქონდა კლეომენეზს. ერთ-ერთ ჰილოტს აუხირდა თურმე - ფეხი მომტეხეო. როგორც ჩანს, მისი ფსიქოლოგიური არამდგრადობა მაზოხისტური ნიუანსებითაც იყო გაჯერებული.

    გადმოცემით, მან თავი მოიკლა. არის ცნობა, რომ მანამდე სპარტელებს აევსოთ მოთმინების ფიალა და თავად გააძევეს სპარტიდან. სპარტა არ იყო ის საზოგადოება, მსგავსი უზნეობა რომ აეტანა დიდხანს. ტახტისა და ძალაუფლების გარეშე დარჩენილმა შეშლილმა კლეომენეზმა ვერ გადახარშა ფსიქოლოგიურად ახალი ამპლუა და თავის თავს გამოუყვანა წირვა.

    ამბავი ლეონიდასის უფერული მმართველობისა

    ანტიკური ავტორების ცნობით, სიკვდილის წინ თითქოს კლეომენეზს უთქვამს, რომ მისი ძმა ლეონიდასი გმირი იყო. შესაძლოა, ეს ყველაფერი ბერძენ ისტორიკოსებს ლეგენდისათვის სჭირდებათ, ვიღაცამ ხომ უნდა გაახმოვანოს ლეონიდასის სახელი, რომელიც ათიოდ წელში გმირად იქცევა მეფის რანგში.

    მანამდე კი ლეონიდასი ერთი ჩვეულებრივი სპარტელია, ცხოვრობს თანამემამულეების მსგავსად, მონაწილეობს ბრძოლებში, ყოველდღიურად ემზადება. კლეომენეზის მემკვიდრედ ის ვერ მიიჩნევა, რამდენადაც მისი კიდევ ერთი უფროსი ძმა დორეუსი ცოცხალია და სიცილიაში საკუთარი კოლონიის დაარსებას ცდილობს. სწორედ დორეუსს ეკუთვნის სპარტას მეფობა. ის რამდენიმე წელში სიცილიაში შეეწირება თავის იდეას, რამდენიმე წელში, ახლა კი ცოცხალია და ტახტის მემკვიდრეც ისაა.

    ალბათ მაშინ ლეონიდასს წარმოდგენაც კი არა აქვს, როგორ შემოტრიალდება ისტორიის ჩარხი, რომ გავა ათიოდე წელი და ერთი უბრალო სპარტელი მსოფლიო ისტორიაში როგორ დაიმკვიდრებს მეფის რანგში თავდადებული მებრძოლის სახელს.

    სწორედ კლეომენეზის შემდეგ ადის ტახტზე ლეონიდასი. ეს ქრისტეშობამდე 491 წელს ხდება. ლეონიდასი ამ დროს 40 წლისაა. მის ხელში სპარტა ნორმალურ რიტმს დაუბრუნდება, ათი წლის განმავლობაში არაფერი უჩვეული არ მოხდება, ლეონიდასი ზეობს, ჟამთააღმწერლობა არაფერს გვამცნობს არც მის გმირობაზე, არც მის სიქველეზე. მისი ათწლიანი მშვიდობიანი მმართველობა საკმაოდ ფერმკრთალია.

    გორგო - ლეონიდასის ღირსეული თანამეცხედრე

    წყაროებმა არაფერი შემოგვინახეს ნახევარძმების, ლეონიდასისა და კლეომენეზის ურთიერთობის დეტალების შესახებ. მიუხედავად ამისა, შეიძლება ითქვას, რომ კლეომენეზმა საკმაოდ დიდი კვალი დააჩნია თერმოპილეს გმირის ცხოვრებას.

    საქმე ისაა, რომ სწორედ საკუთარი დისშვილი - კლეომენეზის ასული გორგო გახდა ლეონიდასის თანამეცხედრე. გორგო ღირსეული ასულია, მისი გამჭრიახობის შესახებ არაერთი ფაქტი შემოგვინახა ჟამთასვლამ. მათ შორის საგულისხმოა ერთი ამბავი, რომელიც მოგვითხრობს, როგორ აარიდა გორგომ მამამისი კლეომენეზი ცდუნებას, იონელი ბერძნებისგან აეღო ქრთამი 500 ტალანტი ოქრო აქემენიდებთან ბრძოლის საფასურად (500 ტალანტი თანამედროვე განზომილებით ტონაზე მეტია).

    გორგო ჭეშმარიტი სპარტანელია - მოუსყიდავი, საკუთარი ქვეყნის ერთგული. სწორედ გორგოს შექმნილ ოჯახურ გარემოში უხდება ლეონიდასს ლოდინი საკუთარი ჟამისა.

    გავა რამდენიმე წელი და დადგება ჟამი თერმოპილესი, ერთ ჩვეულებრივ მეფეს - ლეონიდასს მსოფლიო ლეგენდარული ხელისუფლის შარავანდედით რომ შემოსავს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter