სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "ამ დროს ბავშვი სტრესშია და ათვისებასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები უჩნდება"
    თეო გუდავაძე
    22.11.2017

     დღესდღეობით საქართველოში წარმატების ერთ-ერთ მნიშვნელოვან პირობას უცხო ენების სათანადოდ ფლობა წარმოადგენს. ძალიან ბევრი მშობელი, ჯერ კიდევ ბავშვის მუცლადყოფნის პერიოდში, იწყებს ფიქრს იმაზე, თუ როდიდან დააწყებინოს ბავშვს ინგლისურის შესწავლა. დღეს მოდაში შემოვიდა ბავშვის ადრეული განვითარების მეთოდიკა და ძალიან ბევრი მშობელი ბაღს სწორედ ამ პრინციპით არჩევს. ფსიქოლოგების აზრით, ბავშვისთვის უცხო ენების შესწავლას ადრეულ ასაკში საკმაოდ ბევრი მინუსი აქვს.

    დღეს არავინ დავობს იმაზე, რომ ენების ცოდნა დიდ პრიორიტეტად ითვლება და რაც უფრო მეტი ენა იცის ადამიანმა, მით უფრო გაუმარტივდება ცხოვრებაში ფეხის მოკიდება, მაგრამ, როგორც ყველაფერს, ამ საკითხსაც აქვს თავისი მეთოდი და ასაკი, რომელიც მშობლებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ, როდესაც დააპირებენ, რომ თავიანთ პატარებს უცხო ენები შეასწავლონ. კომპეტენტური ადამიანების დახმარებით ნამდვილად არის შესაძლებელი, განისაზღვროს ყველაზე სასურველი და ოპტიმალური ასაკი.

    ბავშვთა ფსიქოლოგი ირმა კასრაძე "რეზონანსთან" ამბობს, რომ ყველა ბავშვი ინდივიდუალურია, თუმცა საუკეთესო ზღვარი უცხო ენის შესწავლის დაწყებისა მაინც 4-6 წლამდეა, თუმცა ფსიქოლოგი ხაზს უსვამს, რომ მხოლოდ ერთი ენაა სასურველი და არა რამდენიმე, რომ ბავშვი სტრესში არ მოექცეს და მის მეტყველებაზე ამან უარყოფითად არ იმოქმედოს:

    "სკოლამდელი ასაკის ბავშვმა უცხო ენის შესაცნობად და მასთან დასაახლოებლად იგივე გზა უნდა გაიაროს, რასაც მშობლიურ ენასთან დამოკიდებულებაში გადის. მართალია, მშობლიური ენის დაუფლებას დიდი დრო და შრომა სჭირდება, მაგრამ ის ძალიან ბუნებრივად და ძალდაუტანებელად მიმდინარეობს. დაბადების მომენტიდან ჩვილს ესმის უფროსების მეტყველება, ასევე ის, თუ როგორ საუბრობენ ისინი ერთმანეთში, შესაბამისად, ენის შესწავლა მიმდინარეობს თავისთავად.

    როდესაც უცხო ენის სწავლებას გადავწყვეტთ, აუცილებელია დავრწმუნდეთ, რომ ბავშვი მშობლიურ ენაზე უკვე გამართულად მეტყველებს. არიან მშობლები, რომლებიც ცდილობენ, 3 წლის ასაკიდან მათი შვილი აალაპარაკონ ორ ენაზე ერთად, ეს სასურველი არ არის.

    ამერიკელი მეცნიერებისა და ფსიქოლოგების დაკვირვებით დადასტურდა, რომ ორენოვან ოჯახებში ბავშვები საკმაოდ გვიან იწყებენ მეტყველებას და კიდევ უფრო გვიან გამოსდით ენის სრულფასოვნად სწავლა. შესაბამისად, მსგავსი პრობლემები რომ არ წამოიჭრას, ყოველთვის აჯობებს, რომ ჯერ მშობლიური ენა ისწავლოს ბავშვმა გამართულად და შემდეგ დაიწყოს უცხო ენის შესწავლა. არ ვემხრობი პირველ-მეორე კლასში ორი ენის ერთად სწავლას. ამ დროს ბავშვი სტრესშია და ათვისებასთან დაკავშირებით სერიზული პრობლემები ექმნება. ამას ემატება ისიც, რომ ენების აღრევა საკმაოდ ხშირია.

    მაშინ, როდესაც მოზარდს განსაკუთრებული ინტერესი აქვს უცხო ენების მიმართ, ამ შემთხვევაში, პირიქით, უნდა შეუწყოს ხელი მშობელმა. ამიტომ ვამბობ, რომ ინდივიდუალურია ყველაფერი და მშობელია ვალდებული, რომ ზუსტად განსაზღვროს თავისი შვილის შესაძლებლობები და თავისი სურვილის გამო მოზარდს არ დაუმახინჯოს აზროვნება", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას ირმა კასრაძემ.

    ორენოვან ოჯახებზე დაკვირვების შედეგად გამოვლინდა, რომ ბავშვის მეტყველების განვითარება ასეთ ოჯახებში დუნედ მიმდინარეობს. ისინი შედარებით გვიან იწყებენ ლაპარაკს და ხანდახან მეტყველების სირთულეები და დეფექტებიც აღენიშნებათ.

    რა თქმა უნდა, უცხო ენის შესწავლა ბავშვს ბევრს აძლევს - ავითარებს მეხსიერებას და ყურადღების კონცენტრაციას უწყობს ხელს, ეხმარება უკეთ აზროვნებაში, ამაღლებს ერუდიციას და აყალიბებს ბავშვის ინდივიდუალურ ბუნებას.

    ყველაზე ხშირად მშობლები ბავშვებისთვის საწყის ეტაპზე ინგლისურ ენას ირჩევენ. ის საერთაშორისო და ერთგვარად უნივერსალური ენაა. თუმცა, ჰარმონიული განვითარებისთვის ენის არჩევა არ უნდა ხდებოდეს მისი გავრცელების გათვალისწინებით, არამედ - ბავშვის მიდრეკილებისდა მიხედვით. უცხო ენების სპეციალისტი ელენე გომარელი ამბობს, რომ სულაც არ არის აუცილებელი, ბავშვმა ის ენა ისწავლოს, რომელიც პოპულარულია და საერთაშორისო ენად ითვლება:

    "მე სკოლაში ვმუშაობ და ბავშვებსაც ვამზადებ. ჩემი დაკვირვება მაქვს ამ საკითხთან და ვფიქრობ, საკმაოდ სწორი დასკვნა გამოვიტანე. ვასწავლი როგორც პატარებს, ასევე - აბიტურიენტებს და მივხვდი, რომ ბავშვმა ის ენა უნდა ისწავლოს, რომელიც მას ყველაზე მეტად მოსწონს და უჩნდება ინტერესი. ხშირად მყოლია ისეთი ბავშვები, რომლებიც ბაღის ასაკიდან დადიოდნენ ინგლისურზე მშობლების გადაწყვეტილებით, თუმცა სულ ტყუილად. ასეთ დროს ბავშვებს სძულდებათ ენა და გარკვეული პროტესტი უჩნდებათ.

    რთულია, დაადგინო ოქროს ასაკი, როდის უნდა დაიწყოს ბავშვმა უცხო ენის შესწავლა, მაგრამ 4-5 წლამდე კატეგორიულად მიუღებელია. მგონია, ასეთ დროს ბავშვი სერიოზულ ტრავმას იღებს. შესაბამისად, ოქროს შუალედია საჭირო. ორი და სამი ენის ერთად შესწავლა საერთოდ გაუმართლებლად მიმაჩნია. ვფიქრობ, მშობლიურის სრულფასოვანად ათვისების შემდეგ უნდა დაიწყოს ბავშვმა უცხო ენის სწავლა და ეს დამატებითი ენა მხოლოდ ერთი უნდა იყოს. ეს იმიტომ არის საჭირო, რომ შემდგომში ენების აღრევამ უარყოფითად არ იმოქმედოს ბავშვის გონებაზე", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას ელენე გომარელმა.

    ბავშვმა უცხო ენის შესწავლა ადრეულ, 5 წლის ასაკში უნდა დაიწყოს, რადგან მშობლიური ენა უკვე მთლიანად ათვისებული აქვს. სხვები ამტკიცებენ, რომ 3 წელი ზედგამოჭრილია ბავშვისთვის უცხო ენების შესწავლის დასაწყისად. ამ დროს ბავშვის ტვინი ყველაზე მოქნილია და გაკვეთილებს ისე აღიქვამს, როგორც თამაშს.

    თუ ბავშვს აქვს მშობლიურ ენაზე მეტყველების პრობლემები ან ლოგოპედიური სირთულეები, მათი მთლიანად აღკვეთის მომენტამდე უცხო ენის შესწავლის დაწყება რეკომენდებული არ არის. ამან შესაძლოა, გაართულოს მეტყველებასთან დაკავშირებული პრობლემები.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter