სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ია აბულაშვილი
    17.11.2017

     1944 წელს ეკრანზე გამოვიდა რეჟისორ ჟაკ ტერნერის რომანტიკული მელოდრამა "დიდების დღეები", რომელმაც მაშინვე დიდი პოპულარობა მოიპოვა, თუმცა, როგორც ამბობენ, ფილმის ნახვამდე ამერიკელი მაყურებელი აფიშით მოხიბლულა, სადაც აღბეჭდილი იყო მგზნებარე შეყვარებული ულამაზესი წყვილი, გრეგორი პეკი და თამარა თუმანოვა.

    გრეგორი პეკისთვის "დიდების დღეები" კინოდებიუტი იყო. პირველი როლი იყო მისი პარტნიორისთვის, თამარა თუმანოვასთვისაც, რომელიც ფილმში რუსი ბალერინას როლს ასრულებდა. მაშინდელი ამერიკული პრესა წერდა, რომ მსახიობ ქალს ეკრანზე გამოჩენამდე შთამბეჭდავი სასცენო გზა ჰქონდა გავლილი. მისი დებიუტი სცენაზე 9 წლის ასაკში პარიზის ოპერაში შედგა. საოცრად მსუბუქი მანერებისა და დახვეწილი იერის მქონე ბალერინამ მაშინვე მიიქცია ბალეტის კრიტიკოსების ყურადღება.

    დღევანდელ სტატიაში მკითხველს, გვინდა, გავაცნოთ რამდენიმე საინტერესო ისტორია ამერიკაში მცხოვრები ჩვენი თანამემამულის, გასული საუკუნის 40-იანი წლების ჰოლივუდის ერთადერთი ქართველი ვარსკვლავის - თამარა თემანოვას (იგივე თუმანიშვილის) ემიგრანტული ცხოვრებიდან, რომელსაც პარტნიორობას უწევდნენ ლეგენდარული მსახიობები პოლ ნიუმენი, ჯონ კელი, ჯული ენდრიუსი და სხვები.

    "1919 წლის 2 მარტს დაიბადა. მატარებელში მოევლინა ქვეყანას ციმბირსა და შანხაის შორის. დედამისმა ევგენია თუმანიშვილმა მეუღლესთან - რუს თეთრგვარდიელ ოფიცერ კონსტანტინე ზახაროვთან ერთად დატოვა საქართველო და ჩინეთში წავიდა ემიგრაციაში. გზაში კონსტანტინე გარდაიცვალა, ევგენია მარტო დარჩა და ასე მარტომ იმშობიარა ვაგონში. დაიბადა ულამაზესი გოგონა, რომელსაც დედამ თავისი გვარი - თუმანიშვილი მისცა," - ასე იწყებს თამარა თუმანოვას ბიოგრაფიას თავის წიგნში ცნობილი მწერალი იგორ ობოლენსკი.

    დედა-შვილი თავდაპირველად შანხაიში დასახლდა, იქიდან ეგვიპტეში გადავიდნენ, კაიროში ლტოლვილთა ბანაკში ცხოვრობდნენ, ეგვიპტიდან კი პარიზში გაემგზავრნენ. დედამ თამარი მუსიკალურ სკოლაში მიიყვანა ფორტეპიანოს კლასში. გოგონა სიხარულით მირბოდა გაკვეთილებზე, მაგრამ შესვენებაზე მეტი სიამოვნებით აკეთებდა სხვადასხვა საცეკვაო პას სკოლის დერეფანში. ერთ დღესაც მის ცეკვას შეესწრო დიდებული ბალერინა ოლგა პრეობრაჟენსკაია, რომელსაც საკუთარ საქმეებზე შეევლო მუსიკალურ სკოლაში. ყურადღებით დააკვირდა გოგონას მოძრაობებს და უთხოვია, ჩემს საბალეტო სკოლაში ავიყვანო. არადა, პრეობრაჟენსკაიას სტუდია, სადაც 7 წლის თამარი მიაბარეს, ერთ-ერთი პრესტიჟული სასწავლებელი იყო პარიზში, იქ თავად ანა პავლოვა გადიოდა რეპეტიციებს.

    თამარ თუმანიშვილის სასცენო დებიუტი 9 წლის ასაკში შედგა საბავშვო ბალეტში "ჟანას მარაო". 10 წლისამ იცეკვა პარიზის სცენაზე დადგმულ ბალეტში. ამ სპექტაკლს დასწრებია დიაგილევის საბალეტო დასის ახალდანიშნული მთავარი ქორეოგრაფი ჯორჯ ბალანჩინი, რომელსაც მოეწონა პატარა ბალერინას ცეკვა და თავის დასში მიიწვია ორ თანატოლ მოცეკვავესთან - ირინა ბარანოვასა და ტატიანა რიაბუშინსკაიასთან ერთად. ასე იქცა თამარ თუმანიშვილი მსოფლიოში ყველაზე სახელგანთქმულ "ბეიბი ბალერინად".

     გადის წლები, მისი ხელოვნება უფრო და უფრო იხვეწება, უნატიფესი ოსტატობისა და დახვეწილი გარეგნობის გამო პარიზულმა პრესამ მას "შავი მარგალიტი" უწოდა. ცნობილი ქორეოგრაფები სერჟ ლაფარი, ლეონიდ მიასინი, ჯორჯ ბალანჩინი, ბრანისლავ ნიჟინსკი მისთვის დგამენ ცეკვებს. მასთან ერთად ატარებს რეპეტიციებს მიხაილ ფოკინი. ახალგაზრდა ბალერინა ცეკვავს პარიზის გრანდ ოპერაში, ლონდონის კოვენ გარდენში, მილანის ლა სკალაში. მეგობრობს პაბლო პიკასოსთან, ჟან კოკტოსთან, მარკ შაგალთან, სერგეი პროკოფიევთან, ალექსანდრე გლაზუნოვთან და ხელოვნების სხვა განთქმულ მოღვაწეებთან.

    1939 წელს ჯორჯ ბალანჩინის რჩევით 20 წლის ბალერინა საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა. მისივე რჩევით მიიღო გვარი თუმანოვა. იმავე წელს მონაწილეობს ბროდევის მუზიკლში და იწყებს ტურნეს მსოფლიოს გარშემო. 1944 წელს ცოლად გაჰყვა ამერიკელ პროდიუსერსა და სცენარისტ კეისი რობინსონს, რომელსაც ათი წლის შემდეგ დაშორდა და მას მერე აღარ გათხოვილა.

    თამარა თუმანოვას დებიუტი კინოში 1944 წელს შედგა. რეჟისორმა ჟაკ ტერნერმა იგი გადაიღო ფილმში "დიდების დღეები", დამწყებ მსახიობ გრეგორი პეკისთან ერთად. ანა პავლოვას მეუღლის თხოვნით კი 1953 წელს თამარა თუმანოვამ ლეგენდარული ანა პავლოვას როლი შეასრულა ფილმში "ანა პავლოვა". 1956 წელს რეჟისორმა ჯონ კელიმ გადაიღო ფილმი "მიპატიჟება საცეკვაოდ", სადაც პარტნიორობას თამარს თავად ჯონ კელი უწევდა. 1966 წელს კი ამერიკელმა რეჟისორმა ალფრედ ჰიჩკოკმა თამარ თუმანოვა მიიწვია თავის ფილმში "დახურული ფარდები", სადაც მას პარტნიორობას უწევენ პოლ ნიუმენი და ჯული ენდრიუსი. 1970 წელს ბილ უაილდმა თამარი გადაიღო ფილმში "შერლოკ ჰოლმსის პირადი ცხოვრება".

    მიუხედავად წარმატებული სამსახიობო კარიერისა, თამარ თუმანოვა ბოლომდე საბალეტო ხელოვნების ერთგული დარჩა. 1950 წელს "გრანდ-ოპერის" დასთან ერთად სამხრეთამერიკულ ტურნეში გაემგზავრა, ტრიუმფალური ტურნეს შემდეგ იგი პარიზის თეატრის პრიმაბალერინა გახდა. მიუხედავად იმისა, რომ სამშობლოში არასდროს ყოფილა, როგორც ამბობენ, ქართველ ხელოვანებთან შეხვედრა უცხო მიწაზე მისთვის ყველაზე დიდი ბედნიერება იყო. 1958 წელს სამხრეთ ამერიკაში ქართული საბალეტო დასის გასტროლების დროს შეხვედრია ვახტანგ ჭაბუკიანს, რომელსაც თურმე თამარისთვის ჯერ კიდევ 1935 წელს დიდი მომავალი უწინასწარმეტყველებია. თამარ თუმანოვასა და ნინო ანანიაშვილის შეხვედრას კი ასე იხსენებს იგორ ობოლენსკი თავის წიგნში.

     "ბეიბი ბალერინას" ერთ-ერთი კონცერტის შემდეგ ანა პავლოვა კულისებში შევიდა, მკერდიდან ვარდის ფორმის მარგალიტის ბროში მოიხსნა და თამარს აჩუქა, რომელიც მისთვის ოლგა პრეობრაჟენსკაიას უჩუქებია. დღეს ეს ბროში ქართველ ბალერინასთან - ნინო ანანიაშვილთან ინახება, რომელმაც ასეთი რამ მიამბო.

    ლონდონში გასტროლებისას ბალერინა თამარ ფინჩი გავიცანი, რომელიც თავის დროზე სერგეი დიაგილევის დასში ცეკვავდა და პირადად იცნობდა თამარ თუმანოვას. ვუთხარი, რომ ძალიან მინდოდა მისი გაცნობა და ბალერინამ დახმარება აღმითქვა. ამერიკაში გასტროლების დროს თამარ თუმანოვას ტელეფონით ვესაუბრე და ვუთხარი, რომ მის შესახებ საქართველოში საინტერესო სტატია დაიბეჭდა. ძალიან გაუკვირდა, რომ აქ ახსოვდათ. მერე თავისი ფოტოები და დიდი იასამნისფერი შალი გამომიგზავნა საჩუქრად.

    პირადად ლოს-ანჯელესში გავიცანი დიდი თეატრის გასტროლების დროს. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი იური გრიგოროვიჩი კულისებში შემოვიდა და თამარი შემოიყვანა, რომელმაც მოულოდნელად მითხრა.

    - ნინა, თქვენთვის პატარა საჩუქარი მაქვს, ოღონდ ძალიან გთხოვთ, გაუფრთხილდით. ეს ძალიან ძვირფასი ნივთია.

    მერე მომცრო კოლოფი გახსნა, რომელშიც ბროში იდო, ხოლო ბარათზე ეწერა, რომ ის თავის დროზე ანა პავლოვას ეკუთვნოდა. თურმე თამარი ჯერ კიდევ დამწყები ბალერინა იყო, როცა პავლოვას ის მისთვის უჩუქებია.

    - ახლა მე თქვენ გჩუქნით, - მითხრა, - მიუხედავად იმისა, რომ უკვე ბალარინა ხართ, მინდა, რომ ეს ბროში მთელი ცხოვრება თან გქონდეთ და თქვენი თილისმა იყოს.

    ლამის გონება დაკარგე სიხარულისა და გაოცებისგან. ვოცნებობდი, რომ მის საპატივცემულოდ და მისი დასწრებით ნიუ-იორკში ან მოსკოვში გალა კონცერტი მომეწყო, მაგრამ უკვე ავადმყოფობდა, არსად წასვლა არ შემიძლია, ერთ ადგილას ვარ მიჯაჭვულიო - მითხრა".

    თამარ თუმანოვამ სიცოცხლის ბოლო წლები საკუთარ სახლში, ბევერლი-ჰილზე გაატარა. 1996 წელს 77 წლის ასაკში გარდაიცვალა სანტა-მონიკაში. ანდერძის თანახმად, მისი ქონების დიდი ნაწილი მოხმარდა ქველმოქმედებას და გადაეცა ერთ-ერთ საბალეტო სკოლას. დაკრძალულია ლოს-ანჯელესის სასაფლაოზე.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter