სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ერეკლე მეორის მიერ საგანგებო დავალებით მივლინებული ინდოეთში
    ია აბულაშვილი
    09.11.2017

     ქართველი მოგზაურების შესახებ არაერთი საინტერესო მასალა არსებობს ქართულ ისტორიოგრაფიაში და დღევანდელ სტატიაში ჩვენც გვინდა გავიხსენოთ ერთ-ერთი მათგანი, მე-18-მე-19 საუკუნეების ცნობილი ქართველი მოგზაური და დიპლომატი რაფიელ დანიბეგაშვილი, რომელმაც 28 წელი გაატარა მოგზაურობაში.

    ხუთჯერ იმოგზაურა ინდოეთში და მთელი ქვეყანა შემოიარა, გაიარა დაახლოებით 70 ათასი კილომეტრი, სამჯერ გადალახა ჰიმალაისა და ყარაყურუმის ქედები, ტიბეტის ზეგანი და კაშგარის დაბლობი; შეისწავლა 10-ზე მეტი სახელმწიფო და აღწერა მათი ტრადიციები და ყოფა-ცხოვრება.

    მოგზაურობიდან დაბრუნებულმა კი დაწერა წიგნი, რომელიც უნიკალურ ცნობებს იძლევა ინდოეთისა და დიდი ბრიტანეთის ურთიერთობის შესახებ.

    როგორც ისტორიკოსები ამბობენ, საქართველოსა და ინდოეთის ურთიერთობაში უდიდესი ღვაწლი მიუძღვის დანიბეგაშვილების გვარს, რომლის რამდენიმე თაობა ინდოეთთან გარდა სავაჭრო ურთიერთობისა, საიდანაც ჩამოჰქონდათ ქაღალდი, წამლები, იარაღი, თოფისწამალი, ფინიკი, ინდური სანელებლები, ალმასები, ძვირფასი ქსოვილები, საქართველოდან კი მიჰქონდათ მატყლი, თაფლი და სხვა საქონელი, ასევე ასრულებდნენ ქართველ მეფეთა დიპლომატიურ დავალებებს.

    სწორედ ამ გავლენიან ვაჭარ-დიპლომატთა გვარის შთამომავალი იყო რაფიელ დანიბეგაშვილი, რომლის პაპა ქართლის მეფე თემურაზ მეორესთან მსახურობდა, ხოლო მამა ერეკლე მეორის დიპლომატიურ მისიას ასრულებდა ინდოეთში. ერეკლემ მას მამაულები უბოძა, რაც მემკვიდრეობით რაფიელზე გადავიდა.

    პირველად რაფიელ დანიბეგაშვილი 18 წლის ასაკში გაჰყვა მამას მოგზაურობაში, იგი უკვე ფლობდა რამდენიმე უცხოურ ენას. როგორც ვაჭარმა და დიპლომატმა, მოგზაურობა ინდოეთში 1795 წლიდან დაიწყო. იმოგზაურა ხუთჯერ: 1795-1796 წლებში, მეორედ - 1797-1798 წლებში, მესამედ - 1799-1813 წლებში, მეოთხედ - 1815-1820 წლებში, მეხუთედ - 1822-1827 წლებში.

    პირველი ორი მოგზაურობის დროს რაფიელ დანიბეგაშვილი საგანგებო დავალებით იყო მივლინებული ინდოეთში ერეკლე მეორის მიერ. არის ცნობები, რომ ქალაქ მადრასში სომეხ მდიდარ ვაჭარ შაჰამირიანს ქართლ-კახეთის მეფის წერილი და სიგელი სწორედ რაფიელმა ჩაუტანა.

    მესამე მოგზაურობის დროს რაფიელ დანიბეგაშვილმა ინდოეთში 14 წელი გაატარა. სწორედ ამ მოგზაურობის დროს სამჯერ გადალახა ჰიმალაისა და ყარაყურუმის ქედები, ტიბეტის ზეგანი, კაშგარის დაბლობი.

    ამ ხნის განმავლობაში მან გემით მოიარა ბომბეი, ცეილონი, მადრასი, ბირმა, კალკუტა, დელი, სრინგარი, პაკისტანი და ავღანეთ-შუა აზიის გავილით რუსეთში ჩავიდა, შემდეგ კი თბილისში დაბრუნდა.

    1815 წელს მოსკოვში გამოიცა მისი წიგნი სათაურით "მოგზაურობა ინდოეთში". როგორც ისტორიკოსები ამბობენ, წიგნი უნიკალურ ცნობებს იძლევა ინდოეთის ბუნების, ქვეყნის მოსახლეობის ტრადიცებისა და ზნე-ჩვეულებებისა და ასევე ინდოეთისა და დიდი ბრიტანეთის ურთიერთობის შესახებ.

    წიგნი დაწერილი იყო ქართულად, რომელიც რუსულ ენაზე თარგმნა თავად რაფიელ დანიბეგაშვილმა, რაც მითითებულია წიგნის სატიტულო გვერდზე "თარგმნილია ქართულიდან".

     წიგნი მიართვეს რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე მეორეს, სადაც მიმართვის წერილში ნათქვამია, რომ ნაშრომში გამოვლენილია ავტორის დიდი დაკვირვება და სრულად არის მოცემული გეოგრაფიული და ისტორიული მასალები ინდოეთის შესახებ.

    რუსი მკვლევარები იმასაც აღნიშნავდნენ, რომ არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რუსეთის იმპერიაში იგი იყო პირველი ადამიანი, რომელმაც იმოგზაურა და აღწერა ბირმა და ინდოეთის ქალაქები. რუსეთის მთავრობამ ამ დამსახურებისთვის რაფიელ დანიბეგაშვილს "გუბერნსკი სოვეტნიკის" ჩინიც კი უბოძა.

    სამწუხაროდ, ქართულ ენაზე დანიბეგაშვილის წიგნი "მოგზაურობა ინდოეთში" დაკარგულია, სადაც ავტორი თავის 14-წლიან თავგადასავალს აღწერს ინდოეთში. სწორედ ამ წიგნიდან ვთავაზობთ მკითხველს რამდენიმე ამონარიდს.

    ბომბეის შთაბეჭდილებები: "მასკატიდან ზღვით 22 დღის ცურვის შემდეგ ბომბაიში ჩავედი, რომელიც ინდოეთის ნაპირებზე ინგლისელების ერთ-ერთი მთავარი ნავსადგურია. აქედან გემები ჩინეთსა და სპარსეთში დაცურავენ. აქაური ნავსადგური პორტუგალიელებმა ააშენეს, შემდეგ კი ხელში ინგლისელებს ჩაუვარდათ.

    ბომბეიში ნაყოფის მომტანი მცენარეები ცოტაა, მაგრამ ხილის ნაკლებობა არ იგრძნობა, რადგან მოსახლეობა მეზობელ პაკალიდან მარაგდება. ბომბეი განთქმულია თავისი უმდიდრესი ვაჭრობით"...

    კალკუტა: "ქალაქი კალკადა ძალიან ლამაზია. ქალაქი მდინარე განგისის შესართავშია გაშენებული და უცხოელებთან ძალიან ფართოდ ვაჭრობს. ინდოელებთან ერთად აქ ბევრია ინგლისელი, ფრანგი და პორტუგალიელი მოსახლე. აქვეა ინგლისელი მთავარსარდალიც, რომელიც მთელ ინდოეთს მართავს.

    კალკადას ნაკლოვანება ისაა, რომ აქ ძალიან ცხელი ჰავაა და სასმელი წყალი ცოტაა. მოსახლეობა წვიმის წყალს ხმარობს, რომელიც ძალიან ხშირად მოდის... ქალაქს მდინარე განგისი სამი მხრიდან უვლის, რომელიც სავსეა ნიანგებით.

    კალკადაში ბევრი დიდი და ლამაზი შენობაა და ალბათ ამიტომაც ინგლისელები მას მეორე ლონდონს უწოდებენ.

    დელი: "დელი, რომელსაც ხშირად შახჩინაბადს უწოდებენ, შეიძლება, ინდოეთის დედაქალაქად მივიჩნიოთ. ის ინდოეთის ხელმწიფემ შახჩინმა დააარსა. ქალაქში განთავსებულია ბრწყინვალე მეჩეთები, ტაძრები.

    აქ არის თლილი მარმარილოს ქვებით აგებული სასახლე ჩმანი, რომელსაც მშვენიერი ბაღიც აქვს. ბაღში კეთილსურნელოვანი ხეები იზრდება. აქ სეირნობა სასიამოვნოა, ბაღის შუაგულში არის მარმარილოთი გაწყობილი აუზი, რომელშიც ხელმწიფე ბანაობდა ხოლმე...".

    ქაშმირი: "ძალიან მინდოდა ქაშმირის სრინაგარის ნახვა, რომელიც მდინარე ჯელაზეა გაშენებული. მთელ ინდოეთში თოვლი მხოლოდ ამ ქალაქში მოდის.

    აქ ბევრია მცირე მდინარე, რომელშიც ნავებით ცურავენ. სრინაგარი და საერთოდ მთელი ქაშმირი განთქმულია შალის ქსოვილით, რომელიც უცხო ვაჭრებს დიდი რაოდენობით მიაქვთ.

    ადგილობრივ მოსახლეობას დიდი შემოსავალი არ აქვთ, რადგან შალის გაყიდვით მიღებულ ფულს ინგლისელ მმართველს უხდიან. შემიძლია ვთქვა, რომ, სიღარიბის მიუხედავად, ქაშმირელი უბრალო მოსახლეობა მაინც კეთილი და მხიარულია. მე ბევრი მდიდარი ქაშმირელი და მათი ძვირფასი სასახლეებიც ვნახე.

    ქაშმირის კლიმატი საუკეთესოა. ასეთივეა წყალიც. სრინაგარს ირგვლივ ძალიან მაღალი თოვლიანი მთები აკრავს", - აი, ასეთი იყო ქართველი მოგზაურის, რაფიელ დანიბეგაშვილის თვალით დანახული მე-18-მე-19 საუკუნეების ინდოეთი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter