სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ია აბულაშვილი
    27.10.2017

     "სრული დარწმუნებით შემიძლია აღვნიშნო, რომ თუ არა დიდებული მეცნიერის ასეთი თავგამოდება და მეცნიერული უდრეკობა, დღეს ჩვენ არ გვექნებოდა ზუსტი დათარიღება, ყოველმხრივი აღწერა, დეტალური მასალა ისეთი ბრწყინვალე ქართული ძეგლებისა, როგორიც არის ოშკი, იშხანი, ხახული, ბანა და სხვა, რომლებიც თურქეთის მიწა-წყალზე მდებარეობს... და მათი ნიმუშები, ფრესკების ასლები, აღწერანი და დეტალები, ექვთიმე თაყაიშვილის თქმით, "ერთ მუზეუმს ეყოფოდა", - წერდა ლადო გუდიაშვილი.

    ექვთიმე თაყაიშვილმა სამხრეთ საქართველოში სამჯერ იმოგზაურა. პირველი ექსპედიცია მოეწყო 1902 წელს. ექსპედიციაში მას თან ახლდნენ ხუროთმოძღვარი სიმონ კლდიაშვილი და ფოტოგრაფი ალექსანდრე მამუჩაიშვილი. მეორე ექსპედიცია მოეწყო 1907 წელს, ექსპედიციის შემადგენლობაში იყვნენ ხუროთმოძღვარი ანატოლი კალიგინი და მოხალისე ფოტოგრაფი ედუარდ ლიოზენი. მესამე ექსპედიცია მოეწყო 1917 წელს, რომლის მონაწილეც იყო ლადო გუდიაშვილი. სწორედ მის მოგონებებს ვთავაზობთ მკითხველს დღევანდელ სტატიაში.

    ამონარიდი ლადო გუდიაშვილის წერილიდან "სამხრეთ საქართველოში ექვთიმე თაყაიშვილთან ერთად":

    "1917 წელს ექსპედიციამ, რომლის წევრები გახლდათ ინჟინერ- არქიტექტორი ანატოლი კალიგინი, მხატვრები დიმიტრი შევარდნაძე, მიხეილ ჭიაურელი, პოეტი ილია ზდანევიჩი და მე, ბატონ ექვთიმე თაყაიშვილის უშუალო ხელმძღვანელობით, გადმოვიღეთ ფრესკები, ასლები, ტაძრების გეგმები და ჭრილების ნახატები. გაკეთდა მულაჟი მათი ბარელიეფებისა და ა.შ. ყველაფერი ჩამოვიტანეთ თბილისში და დღეს მუზეუმის საკუთრებას შეადგენს.

    ექსპედიციამ ზუსტად გაარკვია, დაადგინა ტაძრების, ეკლესიების, ციხეების სახელწოდებები და ადგილმდებარეობა, რაც ამ ექსპედიციამდე უცნობი და შეუმოწმებელი იყო მეცნიერული ლიტერატურისთვის. ჩვენ ვმუშაობდით ყარსის, არტაანისა და ოლთისის ვრცელ არეში, აქ მდებარე ძეგლთა შორის არის ჩვენი ხუროთმოძღვრების შედევრებიც - იშხანი, ხახული, ოშკი, ბანა, ოთხთა ეკლესია და პარხალი. ამ დაუღალავი მეცნიერის წყალობით, დაზუსტდა მათი შექმნის თარიღები, დეტალურად გაირკვა მრავალი წარწერა, დადგინდა მოხსენიებულ პირთა ვინაობა და სახელები; ცხადი გახდა მათი დიდი მნიშვნელობა და როლი საქართველოს კულტურის ისტორიაში.

    მე და მიხეილ ჭიაურელი დავფოფხავდით ამ ძეგლებზე, მათ ნანგრევთა კედლებზე, იქვე ჩვენ ახლოს იდგა ექვთიმე და გაფაციცებით მოგვძახოდა: - ყმაწვილებო! კარგად დააცქერდით ქორონიკონებს! თარიღის აღმნიშვნელ ასოებს. ზუსტად ამოიკითხეთ ყველა მათგანი! თვითონ როგორც "ქორონიკონი" იდგა, დურბინდით ათვალიერებდა ამ ნიშნებს. თუ რაიმე ახალს, მნიშვნელოვანს ამოიკითხავდა, არადა, აქ ყველაფერი ახალი იყო... ახალგაზრდად წამოვარდებოდა, ქაღალდს დროშასავით ააფრიალებდა და აღფრთოვანებით შესძახებდა: - აღმოჩენაა!... ახალი აღმოჩენა!

     ჩვენც ვიზიარებდით სიხარულს, ვიცოდით, ჩვენი ისტორიის ახალი, უცნობი ფურცელი იშლებოდა. ჩვენც გვედებოდა მისი აღფრთოვანება, აღარც ჩვენ ვზოგავდით თავს. ვცოცავდით კლდეებსა და დანგრეულ კედლებზე, ვიღებდით, ვიწერდით, ვხატავდით. მცოცავთა შორის ყველაზე "აკრობატი" ილია ზდანევიჩი გამოდგა. ყველაზე მუყაითი, მუდამ დაუღლელი დავით შევარდნაძე იყო, ექსპედიციის მთავარი მხატვარი, კლდის მხატვრობის კარგი მცოდნე. ჩემი ექსპედიციაში წაყვანაც სწორედ დავით შევარდნაძის მეშვეობით მოხდა. ყველაზე ხალისიანი და მუდამ დაუცხრომელი ხომ მიხეილ ჭიაურელი იყო. ერთხელ მახსოვს, ჩუმად მინარეთზე აძვრა და "მრევლი" უდროო დროს "ალოცა".

    რუსეთ-თურქეთის ომი ჯერ კიდევ მძვინვარებდა. ფრონტის ხაზი ხშირად არც ისე შორს იყო ჩვენგან. ცისარტყელების ნაცვლად, მძიმე არტილერიის უხილავი ყუმბარები და ხმა გადაგვივლიდა. ჩემზე დაუვიწყარი შთაბეჭდილება დატოვეს იქ ნანახმა ძეგლებმაც და ადამიანებმაც. ერთიც შევამჩნიე, სამხრეთ ქართველებს ძველი ტაძრების, ქართული კულტურის კერების გავლენა, მიუხედავად სრული გამაჰმადიანებისა, ახლაც ეტყობოდათ, კრძალვა და რიდი მაინც ჰქონდათ მამაპაპური სალოცავებისა. ქალებიც მაინცდამაინც თავს არ უდებდნენ ჩადრს. ჩვენ ვთხოვეთ და ყველამ ადვილად გადაიხსნა, სახე დაგვანახა, სურათიც კი გადაგვაღებინა... ჩვენ წინაშე კვლავ გაბრწყინდა ქართული ჯიშის დახვეწილობა და სილამაზე.

     ძეგლთა ურიცხვ სამკაულებს შორის ჩამრჩა ხახულში ნანახი. ქვაში ტვიფრული სიმბოლო - ქართული ფასკუნჯი - მუდმივი აღორძინების იდეა, ეს კლასიკური ნიმუში ნოტრ-დამის ქიმერების შემოქმედებასაც შეეხარბება! საერთოდ ჩუქურთმების, შემკული სვეტებისა და კვარცხლბეკების, გორელიეფების, ფერად-სხივური წყობისა და კამარების მთელი ქართული შემოქმედური გულუხვობა არის წარმოდგენილი. მაგონდება ერთი შემთხვევაც, ოშკში წმინდანების გორელიეფები ვნახეთ. ერთ-ერთს თავი აკლდა... ქვევით, კლდის ძირში, ნამსხვრევების გორა ეყარა, დავძებნე და წმინდანის თავს მივაგენი. მივაზომე და სწორად ჩაჯდა. ექვთიმემ გადამკოცნა და მითხრა, რომ "მთლიანობის აღდგენა, უძნელესი და უკეთილშობილესი შემოქმედებაა".

    ფრესკები გასაოცარი ჰარმონიით ერწყმოდნენ ტაძრის არქიტექტურას, ნაგებობათა მთელ ანსამბლს, ასევე მთელ გარემოს. ამ უბრწყინვალესი მხატვრობის თემები უმთავრესად სასულიერო ხასიათისა იყო. უნატიფეს და ულამაზეს წმინდანებს მზექალებისა და მზევაჟების სახეები ჰქონდათ. აგერ მზეჭაბუკი თეთრ ბედაურზე, იგი საქართველოს მცველი და მფარველი უნდა იყოს. რა ძალით გვიცქერდნენ ღვთისმშობელი და მისი დობილები. მათი კეთილშობილება გხიბლავს. ისინი გაჯერებენ, რომ ქართველი ერის შემოქმედებითი გენია არ გაჰქრება.

    ამ ფრესკებში მე დავინახე საუკუნეობრივი განძი და უკვდავება, კომპოზიციებმა, სცენებმა და პერსონაჟებმაც ამ კედლებზე, ასე მაღალმხატვრულად წარმოდგენილმა, ჩემს ფიქრებში აღადგინეს და გააცოცხლეს ძველთაძველი ეპოქები, მრავალსაუკუნოვანი სანახაობები. ხახულის ტაძარში მოხდა ჩემი პირველი შემოქმედებითი შეყრა ფრესკასთან. აქ, ექვთიმე თაყაიშვილის თხოვნით, გავაკეთე კედლის მხატვრობის ასლი - "იერუსალიმში შესვლა", საკმაოდ დიდი ზომისა. გარდა ამისა, მე გადმოვიღე პირები "ქრისტეს ფიგურისა" და რამდენიმე წმინდანის მთლიანი კომპოზიციური პორტრეტი"

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter