ელზა პაპოშვილი
21.03.2024

აუცილებელი მოგერიება თუ მკვლელობის მცდელობა - ახლა გამოძიებამ უნდა დაადგინოს რა  მოხდა კახეთში სოფელ ალვანში, სადაც 45 წლის მამაკაცმა ცოლი და მისი ნათესავი მოზარდი დანით დაჭრა. 

მამაკაცის მეზობლები ამტკიცებენ, რომ კაცი თავს იცავდა და პირიქით, დაზარალებული ის არის. მათი მტკიცებით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ქალი, ღამე ქმარს სახლში მიუვარდა და ფულს სთხოვდა. სწორედ ამაზე მოხდა ცოლ -ქმარს შორის დაპირისპირება. მათთან ერთად მყოფი ცოლის ნათესავი 14 წლის მოზარდი კი შუაში ჩადგა და მათ გაშველებას ცდილობდა. მან ჭრილობები ამ დროს მიიღო. 

კაცი ამტკიცებს, რომ ცოლი მის მოკვლას შეშის ნაჭრით აპირებდა და მას დაზიანებები თავის არეში მიაყენა. რის შემდეგაც ის მის მოგერიებას ცდილობდა. დაზიანებები კი ქალმა სწორედ ამ დროს მიიღო.   

ქმრის მიერ დაჭრილი  ქალის მდგომარეობა სტაბილურია. ოპერაციის ჩატარების შემდეგ, ის ამ დრომდე საავადმყოფოში იმყოფება.

„ღამის 4 საათზე მოხდა ჩხუბი. ეს ქმარი ამბობს, რომ ცოლი ღამე თელავიდან მთვრალი მივიდა. მას ჩხუბი ფულზე დაუწყო. რაღაცა ფულს ედავებოდა, მომეციო. ამაზე შელაპარაკებულან. ქალმა კაცს თავში ჩაარტყა შეშის ნაჭერი. ეს კაცი იძულებული გახდა თავი დაეცვა. თავად ასე ამბობს, რომ რადგან მწყემსი იყო და მუშაობდა, ქალი მას ფულს სძალავდა. ამის გამო კი სულ კონფლიქტი ჰქონდათ. ეს ბავშვი ცოლის ნათესავია და მათ გაშველებას ის ცდილობდა. შუაში ჩამდგარა და სწორედ ამ დროს მიიღო ჭრილობები. კაცს თავიც და წარბიც გახეთქილი ჰქონია, ვინც ნახა...“ - ამბობს ერთ-ერთი მეზობელი. 

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებდ ამოიღო.

ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს,“ - აცხადებენ შსს-ში. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×