ელზა პაპოშვილი
15.03.2024

12 წლის ანა იანუშაიტიტეს ბუნდოვანებით მოცული გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგაც, გამოძიება კვლავ არ გაუცია პასუხი, ვინ მოკლა მოზარდი. ამ დრომდე შესაბამისი ორგანოების მიერ არ არის იდენტიფიცირებული სავარაუდო დამნაშავე. გარდა ამისა, საქმეში არსებული მნიშვნელოვანი მტკიცებულებები დაზიანებულია.

„უფლები საქართველოს“ დირექტორმა, ლადო მკერვალიშვილმა ბრიფინგზე ჟურნალისტებს გააცნო სახალხო დამცველის მიერ მომზადებული დასკვნა, რომელიც ეხება საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების ეფექტიანობას.

2 მარტს კი ცნობილი გახდა, რომ გამოძიებაში მონაწილე ექსპერტს პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა.

ანა იანუშაიტიტე 2023 წლის 16 მარტს, ღამით დიდ დიღომში გაუჩინარდა. მანამდე 12 წლის გოგონა მისი სახლის მიმდებარედ სეირნობდა, შემთხვევამდე ის არაერთმა მეზობელმა ნახა. მთელი ღამის ძებნის შემდეგ, 17 მარტს გოგონა დაღუპული იპოვეს. ექსპერტიზის დასკვნით, 12 წლის ანას სხეულზე 39 დაზიანება, სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები აღენიშნებოდა.  

დასკვნაში წერია, რომ გვამის აღმოჩენის შემდეგ, საერთოდ არ იქნა დათვალიერებული შემთხვევის ადგილის ახლომახლო მდებარე შედარებით დამალული ადგილები, სადაც არასრულწლოვანის ყოფნა ჩვეულებრივ გარემოებებში ნაკლებად სავარაუდო, ან საერთოდ გამორიცხულია. გამოძიებას არ უცდია გარდაცვლილის ბიოლოგიური მასალის ან სუნის ნიმუშის მოპოვება მისი ასეთ ადგილას ყოფნის დადასტურების მიზნით. გამომდინარე იქიდან, რომ მომხდარიდან თითქმის ერთი წელი გავიდა, სუნის ნიმუშის აღება ახლა შეუძლებელია.

„სახალხო დამცველმა მოამზადა დასკვნა, ეს დასკვნა რამდენიმე დღის წინ გამოგვეგზავნა უფლებები საქართველოს და დასკვნაში მიუთითა, რომ არასრულწლოვანის მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება ვერ აკმაყოფილებდა ეფექტიანი გამოძიების სტანდარტს, კერძოდ, არ არის ჩატარებული მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებები, რომელთა ნაწილის ჩატარება დღეის მდგომარეობით უკვე უპერსპექტივო და შეუძლებელია. სახალხო დამცველმა ასევე მიუთითა, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონოდა გამომძიებლის მიმართ სამსახურებრივი უფლებამოვალეობების არაჯეროვან შესრულებას. დასკვნაში პირდაპირ წერია, რომ გამოძიება თავიდანვე მიმდინარეობდა არაეფექტიანად, დროულად არ იქნა ჩატარებული სწორედ ის სათანადო საგამოძიებო მოქმედებები, რის შედეგადაც შესაძლოა გამოძიების პროცესში მოგვეპოვებინა მნიშვნელოვანი მტკიცებულებები და რომელთა ჩაუტარებლობამ ან დაგვიანებით ჩატარებამ შესაძლოა გამოიწვია გამოძიებისათვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებების განადგურება და შესაბამისად, საქმის გარემოებების დადგენას შეუშალა ხელი.

„დასკვნაში წერია, ვციტირებ: მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება ერთ-ერთ ვერსიას განიხილავს არასრულწლოვან ანაიანუშაიტიტეს მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულის ჩადენის ფაქტსაც, გამოძიების მიერ გვამის აღმოჩენის შემდეგ, საერთოდ არ იქნა დათვალიერებული შემთხვევის ადგილის ახლომახლო მდებარე შედარებით დამალული ადგილები, სადაც არასრულწლოვანის ყოფნა ჩვეულებრივ გარემოებებში ნაკლებად სავარაუდო, ან საერთოდ გამორიცხულია. გამოძიებას არ უცდია გარდაცვლილის ბიოლოგიური მასალის ან სუნის ნიმუშის მოპოვება მისი ასეთ ადგილას ყოფნის დადასტურების მიზნით,“ - თქვა მან.

სახალხო დამცველი შსს-ს მოუწოდებს, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გონივრულ ვადებში განახორციელოს რიგი საგამოძიებო მოქმედებები, ასევე, მოუწოდებს პროკურატურას, ჩაერთოს საქმეში.   

ანას ოჯახი საქმეში გამომძიებელთა ჯგუფის გაფართოებას ითხოვს. სახალხო დამცველის ხმაურიანი დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ, საეჭვო ვითარებაში გარდაცვილილი გოგონას დედას კიდევ უფრო გაუღრმავდა ეჭვი, რომ გამოძიება არაეფექტურად მიდის.

„როგორც გაირკვა, ამ საქმეს ერთი გამომძიებელი იძიებს. კითხვებს აჩენს ერთი გარემოებაც, ოჯახი ამბობს, რომ ტრაგედიის ადგილიდან კამერების ჩანაწერები არასრულად, სულ რაღაც ოთხი საათის მასალაა ამოღებული. ამ მასალაში კი ოჯახის მტკიცებით, ფაქტრობივად არაფერი ჩანს, რაც გამოძიებისთვიის ხელჩასაჭიდი გახდებოდა.

„ერთი გამომძიებელი ამ საქმეს არ ჰყოფნის. საჭიროა კვალიფიციური გამომძიებლების ჯგუფი, რათა დროულად შეასრულონ ის საგამოძიებო სამშაო, რაც საჭიროა იმ კონკრეტულ მომენტში და არა ერთი წლის შემდგომ,“ - ამბობს 12 წლის ანას დედა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×